Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:29 - 28 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ქართულ ოცნებასთან უშედეგო მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'13 / 20:54

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოთხშაბათს საღამოს თავის სატელევიზიო გამოსვლაში გაიმეორა, რომ მას არ აქვს გეგმები გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე და ამასთანავე, უარყო, რომ მისი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს „ამნისტიას“ ყოფილი თანამდებობის პირებისთვის იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ძალაუფლების გაყოფის თაობაზე ქართულ ოცნებასთან იმართება.

სააკაშვილი სატელევიზიო მიმართვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 20 თებერვალს ცალკ-ცალკე გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს, რომ მათი მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმება ვერ შედგა. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, უთანხმოების საგნად რჩება საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირების პირობებთან დაკავშირებული საკითხი.

„ჩემს ინტერესებში, როგორც პრეზიდენტის, არის ქვეყანაში სტაბილურობა, ჩემს ინტერესებშია, რომ გასული წლის ოქტომბერში არჩეულ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, რომ იმუშაოს შეფერხებების გარეშე, განახორციელოს ის პროგრამა, რომელსაც ის დაპირდა ქართველ ხალხს. ამის პარალელურად ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა სააკაშვილმა, „ამ კუთხით არასოდეს არ გვქონია სურვილი საქართველოს მთავრობისთვის პრობლემების შექმნის“.

შემდეგ მან დაადასტურა ადრე რამოდენიმეჯერ ნათქვამი, რომ „არანაირი გეგმა რაიმე სახის მთავრობის დათხოვნის, მე, როგორც პრეზიდენტს, ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების... არ მაქვს“.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას „მისცა ოქტომბრის არჩევნებზე მანდატი უმრავლესობით მართვის, მაგრამ ამავე დროს ქართველ ხალხს მათთვის არ მიუცია იმ არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა“, რაც სააკაშვილის თქმით, ნიშნავს იმას, რომ „ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მოდით მართეთ ქვეყანა, მაგრამ ასევე ქართველმა ხალხმა თქვა, რომ შეინარჩუნეთ კონსტიტუცია“.

„ორი დავითის მოლაპარაკებები ძირითადში მიდიოდა კონსტრუქციულად. მე ვიყავი ამ მოლაპარაკებების მონაწილე და მინდა დავადასტურო, რომ ძირითადი ხედვა ჩვენი ემთხვეოდა სწორედ იმ საკითხებზე, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე და ჩვენ გვსურდა, რომ ეს ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მიუღებელია ის, რომ ერთის მხრივ, მთავრობა და მეორეს მხრივ, მე როგორც პრეზიდენტი და ასევე საპარლამენტო უმცირესობა, ცდილობდნენ რაღაც სახის სხვა გარიგებებზე გასვლას“, - განაგრძო მან, „კერძოდ გაისმა მოსაზრება თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ე.ი. მე ვითხოვდე რამე გარანტიებს ჩემი პირადი ხელშეუხებლობის ან მთავრობის ყოფილი წევრები ან პარლამენტის წევრები ითხოვენ ასეთ გარანტიებს“.

„მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ:  ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს მე მთელი მსოფლიოს თვალწინ, საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი; ის არ გაუუქმებია. როგორც წესი ასეთი რაღაცისგან უკან არ იხევს და გამომიტანა განაჩენი იმის გამო, რომ მე დავიცავი ჩემი ქვეყანა. მე ჩემ მეგობრებთან ერთად, ქართველ ერთან ერთად გადავარჩინე საქართველო. აბა თქვენ მართლა გგონიათ, რომ რუსეთმა ამხელა ომი ატეხა და  თავის თავს ზიანი მიაყენა მხოლოდ იმის გამო, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებინა, რომელსაც მანამდე ისედაც აკონტროლებდა? დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი“.

„ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ვიღაცა ადგილობრივი წვრილმანი შანტაჟისტების, როცა არ შემეშინდა ბევრად უფრო სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი პირდაპირი სასიკვდილო განაჩენის, უხერხულია და სასაცილოა“, - განაგრძო მან, „ჩვენ, მეც და ჩემს მეგობრებს, ჩვენ შეგვაფასებს და ჩვენი მსაჯულია მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორია და არა რომელიმე ახლა მყოფი პროკურორი, ან რომელიღაც გამომძიებელი ან რომელიღაც პარლამენტის წევრი. ამიტომ ეს ლაპარაკი გვერდზე უნდა გავდოთ“.

„ისევე როგორ მე სრულიად არ მივიღებ იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას. სიტყვა ‘ამნისტია’ ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც შეიძლება რაღაც მოტივებით ითხოვდეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და ყოფილი სახელმწოფო აპარატის თანამშრომლების დასჯას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი იმსახურებს მხოლოდ მადლობას იმიტომ, რომ პუტინმა ჩვენ გამოგვიცხადა ომი არა იმის გამო, რომ მე არ მოვწონდი, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ბოლო ცხრა წელიწადში პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თუ თავს დავანებებთ ბალტიის სახელმწიფოებს,  შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ყველაზე მეტად ეს არის საფრთხე, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს მასობრივი დაპატიმრებები, როდესაც გვეუბნებიან, რომ მასობრივად ოპოზიციის წევრებს უნდა აეკრძალოთ თურმე 5 წლით თანამდებობების დაკავება. ამას ყველაფერს აშკარად დაკრავს ელფერი ქვეყანაში ოპოზიციის, როგორც კლასის, განადგურების მცდელობის“, - განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა „უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელისთვის - პრეზიდენტიდან დაწყებული და მუნიციპალიტეტის რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, სრული ამნისტია ყველა იმ დანაშაულზე, რაც მათ შესაძლოა ჰქონდეთ ჩადენილი“,  გარდა „ძალადობრივი დანაშაულებებისა, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ  და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისა“.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ არ მიიღო ეს წინადადება და სანაცვლოდ შესთავაზა  „ამნისტია გაგვევრცელებინა საშუალო და ქვედა რგოლის ყველა საჯარო მოხელეზე... 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებებისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ ამასთან ერთად, ქართული ოცნება დათანხმდა „ნაწილობრივ ამნისტიაზე“ ყველა დანარჩენი, დაახლოებით 1500-მდე მაღალი თანამდებობის პირებისათვის, რომელთა ჩამონათვალსაც შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი და სხვებთან ერთად მოიცავს: პრეზიდენტს, დეპუტატებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, გუბერნატორებს, გამგებლებს, მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, პროკურორებს.

„კერძოდ, თუ ისინი იქნებოდნენ ბრალდებულნი რაიმე დანაშაულში და ისინი აღიარებდნენ ამ დანაშაულის ჩადენას, მაშინ ისინი ყველა გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან და დაეკისრებოდა ერთადერთი სასჯელი - საჯარო სამსახურში 5 წლამდე სამსახურის უფლების ჩამორთმევა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ წინადადებაზე ნაციონალური მოძრაობისგან იყო უარი, ქართული ოცნება მაინც შეიმუშავებს და პარლამენტში ორი კვირის ვადაში განსახილველად წარადგენს კანონპროეტს პოლიტიკური ამნისტიის შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას დიალოგი არ შეუწყვეტია და მოლაპარაკების გაგრძელების სურვილი აქვს „ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის“ მიზნით, „თუ ოპოზიციას ამისი სურვილი და უნარი აღმოაჩნდება“.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდი „გახსნილია“ დიალოგისთვის.  

„უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ამ სასახლის კარები ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, ერთი წუთით უფლება არ გვაქვს უკან დავიხიოთ დიალოგის პროცესიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 მარ.'17 17:29
ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები უვიზო მიმოსვლას Twitter-ზე ეხმიანებიან
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზები აღარ სჭირდებათ.
28 მარ.'17 16:41
უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ ამბიციებს აძლიერებს
„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
28 მარ.'17 14:32
შინაგან საქმეთა მინისტრი უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციულ ზომებზე საუბრობს
ქართველი მესაზღვრეები „დეტალურად“ გაესაუბრებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მიემგზავრებიან.
28 მარ.'17 12:40
საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზეიმობს
საქართველოს ოფიციალური პირები ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად.
27 მარ.'17 17:02
სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა
საპარლამენტო მანდატების 86 პროცენტი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიპოვეს.
27 მარ.'17 12:42
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ‘დაუყონებლივ შესვლის’ უფლებას ითხოვს
რეზოლუცია 18 ხმით მიიღეს 5-ის წინააღმდეგ, 24-მა კი თავი შეიკავა.
26 მარ.'17 12:30
რუსთავი 2-ის მფლობელები საკონტროლო პაკეტს თანამშრომლებს გადასცემენ
ამ მოულოდნელი გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
25 მარ.'17 15:56
შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელთან მჭიდრო პარტნიორობის პირობას დებს
მღებრიშვილმა პარტნიორები ბრიუსელში დაარწმუნა, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლისთვის მზად არიან.
25 მარ.'17 11:26
მოსკოვი თბილისს ჟენევის დისკუსიების წინააღმდეგ ‘საბოტაჟის’ მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს „პოლიტიკური სპექტაკლი“ კონფრონტაციულ ატმოსფეროს ქმნის 28-29 მარტის მოლაპარაკებების წინ, აცხადებს მოსკოვი.
24 მარ.'17 18:28
უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ქვეყნის ელჩმა ეუთოში.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24