Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 23 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ცხრა ახალი ელჩი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'13 / 18:53

პარლამენტმა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე ცხრა ახალი ელჩის კანდიდატურა დაამტკიცა აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგია/ევროკავშირში, იტალიაში, ავსტრია/ეუთოში, უკრაინაში, ლატვიაში,უნგრეთსა და ჩეხეთში.

მართალია ამ ელჩების ოფიციალური ნომინირება პრეზიდენტს არსებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე მოუწია, მაგრამ მათი კანდიდატურები რეალურად ახალმა მთავრობამ შეარჩია. ამასთან დეპუტატებს 20 თებერვლის სხდომაზე ელჩობის კანდიდატურები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე არჩილ გეგეშიძე  82 ხმით დაამტკიცეს. გეგეშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, თუმცა, მას არასდროს უმუშავია დიპლომატიურ პოსტზე. მას 90–იან წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველის პოზიცია ეკავა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხოლო დღემდე იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. არჩილ გეგეშიძე ამ ფონდის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, თემურ იაკობაშვილს შეცვლის აშშ-ის ელჩის პოსტზე.

საფრანგეთში ელჩად ეკატერინე სირაძე–დელონეს კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  სირაძე, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, 2007–2011 წლებში სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.  

ნატალია საბანაძე საქართველოს ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში 96 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა. საბანაძე 2005 წლიდან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო.

კახა სიხარულიძე, რომელიც 2002–2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2006–2007 წლებში ელჩი ჩეხეთში, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 92 ხმით დაამტკიცეს. სიხარულიძე 2012 წლის ივლისიდან  „მეცრე არხზე“ საერთაშორისო სიახლეებს კურირებდა. 

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, რომელიც 2000–2005 წლებში საქართველოს ელჩი იყო ბრიუსელში, ავსტრიაში ელჩად და ეუთოში და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად 95 ხმით იქნა დამტკიცებული. 2005 წლიდან ზალდასტანიშვილი ბრიუსელში მდებარე ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი იყო.

უკრაინაში საქართველოს ელჩად მიხეილ უკლება 93 ხმით დაამტკიცეს. 90–იან წლებში უკლება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 1998–2001 წლებში პრივატიზაციის მინისტრი, 2005–2008 წლებში ის საქართველოს ელჩი იყო ჩინეთში, ხოლო 2008–2012 წლებში ელჩი ბულგარეთში.

თეიმურაზ ჯანჯალია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, დეპუტატებმა ლატვიაში ელჩად 94 ხმით დაამტკიცეს; 2006 წელს იგი ლატვიაში საქართველოს საელჩოში საქმეთა რწმუნებულად მუშაობდა. 

უნგრეთში საქართველოს ელჩი 94 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა ზაზა კანდელაკი, რომელიც 2003–2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2004–2005 წლებში საქართველოს ელჩად მსახურობდა პოლონეთში. მან ზვიად ჭუმბურიძე შეცვალა ელჩის თანამდებობაზე.

ზაალ გოგსაძე, რომელიც 2004–2008 წლებში საქართველოს ელჩი იყო იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. ოქტომბრის არჩევნების დროს გოგსაძე, რომელიც პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წევრია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო თერჯოლაში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან წააგო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ახალ ელჩებს „მაღალი დონის პროფესიონალები“ უწოდა და ამასთან, აღნიშნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნებში ელჩები შეეცვალა, „სწორი“ იყო. მან განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ გამოწვეული ელჩების მიმდინარე მუშაობით, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

„სამწუხაროდ, ვაფიქსირებ, რომ ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ სამინისტროდან მიღებულ დავალებებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

უახლესი ამბები
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
22 მაი.'17 17:26
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის
რუსეთმა და სეპარატისტულმა რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
22 მაი.'17 12:30
ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა.
21 მაი.'17 16:34
კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
20 მაი.'17 13:23
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი სახელმწიფო აუდიტორის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას ითხოვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24