Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:33 - 20 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაია ფანჯიკიძემ საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'13 / 12:01

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 19 თებერვალს გამართულ მოსმენაზე თითქმის სამი საათი პასუხობდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კითხვებს, რომლის დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით.

ფანჯიკიძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობამ მიიწვია, ბევრი კითხვა დაუსვეს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის შესახებ, დაწყებული ნატოსთან, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობებით და დამთავრებული იმით, თუ რას ფიქრობდა ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.   

მას ჰკითხეს, თუ რატომ თქვა პრემიერ–მინისტრმა უარი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზებაზე, რომ დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრამდე ერთობლივი წერილი გაეგზავნათ ნატოსთვის ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების თხოვნით.

„ერთობლივი წერილის დაწერა საერთოდ არ არის ცუდი იდეა, ამაზე შეიძლება ახლაც ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ“, – უპასუხა ფანჯიკიძემ, „იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც სულ ერთი თვე იყო გასული არჩევნებიდან, და როდესაც ახალი ჩამოყალიბებული იყო მთავრობა, ეს იყო ნაადრევი, რადგანაც ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული ე.წ. კოჰაბიტაციის მოდელი და არ იყო ჩამოყალიბებული ის ურთიერთობა, რომელიც უმცირესობას და უმრავლესობას ექნებოდა ერთმანეთთან, რომელიც პრეზიდენტს და პრემიერს ექნებოდა ერთმანეთთან და რომელიც მთავრობას და პარლამენტს ექნებოდა ერთმანეთთან. მე არ გამოვრიცხავ მომავალში რაიმე ერთობლივი განცხადების გაკეთებას“.

ნატოსთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე დგას; მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელიც თავდაპირველად საქართველოში ვიზიტს ნოემბერში გეგმავდა, ქვეყანას შემოდგომაზე ეწვევა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების გეგმას ახორციელებს ნატოში ინტეგრაციის მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა პოზიტიურად აისახება 2014 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებში.

„არ მინდა, რომ არარეალისტური მოლოდინი იყოს საქართველოში ან ევროკავშირის, ან ნატოს კუთხით“, – განაცხადა მან, „მე იმედი მაქვს, რომ დადებითი ასახვა საქართველოს პროგრესს ექნება 2014 წლის სამიტზე, თუმცა კატეგორიულად მინდა ავღნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გააღვივოს ყალბი და არარეალისტური მოლოდინი, რომ საქართველო ან ევროკავშირის წევრი გახდება წელს, ან ნატოს წევრი გახდება გაისად. პროგრესი აუცილებლად დაფიქსირდება, მაგრამ ის ყალბი შეპირებები, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია... ჩვენ ასეთ დაპირებებს არ გავაკეთებთ“.  

ამ განცხადების საპასუხოდ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ როგორც მას ესმის, მთავრობას არ გააჩნია რაიმე „კონკრეტული, ამბიციური გეგმა ნატოსთან მიმართებაში“ მიმდინარე წლისთვის.

„ნატოსთან მიმართებაში წელს იგეგმება ორი სერიოზული ღონისძიება. ახლა მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. მას დაემატება იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. ძალიან ბევრ საკითხზე იქნება მსჯელობა. არის დეტალები, რომლებზეც მე არ მინდა საჯაროდ ლაპარაკი. წელს იგეგმება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართელოში, ასევე სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე გაიმართება“, – უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მე ვთქვი, რომ ძალიან ფრთხილად ვარჩევ სიტყვებს. მე ვთქვი, რომ საქართველოს პროგრესი აუცილებლად დაფიქსირდება, ხოლო რა არის ეს კონკრეტულად, მე თავს შევიკავებ ამაზე ლაპარაკისგან“, – დასძინა მან, „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყალბი მოლოდინი არ უნდა გავაღვივოთ. ყალბი მოლოდინის გაღვივება იყო არასწორი წინა ხელისუფლების მიერ და ჩვენ ამ შეცდომას არ გავიმეორებთ“.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, უპასუხა, რომ „წინა ხელისუფლებას არ გაუღვივებია ყალბი მოლოდინი; წინა ხელისუფლებამ შექმნა პროცესი და ის, რომ დღეს ვსაუბრობთ და თქვენ საუბრობთ ნატოსა და ევროკავშირზე, რომ არ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და მისი გადადგმული ნაბიჯები, დღეს ისევე შორს ვიქნებოდით ნატოსა და ევროკავშირისგან, როგორც ვიყავით 2002 წელს“. ფანჯიკიძემ აღიარა, რომ „ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პროგრესი იყო“, მაგრამ დასძინა, რომ „შეიძლებოდა ბევრი რამე უკეთ გაკეთებულიყო“.

როდესაც მას სთხოვეს კონკრეტული მაგალითი დაესახელებინა, თუ რას უწოდებდა ის წინა ხელისუფლების მიერ გაღვივებულ ყალბ მოლოდინებს, ფანჯიკიძემ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის სალომე სამადაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, განაცხადა სექტემბერში, რომ საქართველოს 2013 წლის იანვრიდან უვიზო მიმოსვლა ექნებოდა ევროკავშირთან. სამადაშვილმა განაცხადა მაშინ: „უკვე 2013 წლის ბოლოსათვის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ უვიზო მიმოსვლა შენგენის წევრ სახელმწიფოებში“.       

მოსმენის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა ის პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ იანვარში ერევანში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას ერთდროულად კარგი ურთიერთობები ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ისე ნატოსთან. ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ პრემიერ–მინისტრის ეს განცხადება არ გულისხმობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი სომხეთის კურსის ანალოგიური იყოს. „მე არ მესმის, რატომ გინდათ, რომ თქვენ ამაში ჩადოთ სხვა ინტერპრეტაცია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად მთავრობა ასევე ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან და ეს ძალისხევა საწყის ეტაპზე ფოკუსირებულია ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზე.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტია, რომ არსებულ ფორმატში შეინარჩუნოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიები. მოსმენის დროს ფანჯიკიძეს მოუხდა რამდენჯერმე გაემეორებინა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაცია საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როდესაც პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იანვარში სომხეთში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის რუსეთთან სეპარატისტული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა განიხილოს, მისი ეს განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკეს.

ამ საკითხზე ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამ იდეის განხილვა ღირს, თუმცა მთავრობას ჯერ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით.

მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგმება, რაც აღმოჩნდება, რომ რკინიგზის აღდგენა ხელსაყრელია საქართველოსთვის.

ევროკავშირთან ურთიერთობეზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მიზანს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, მოლაპარაკებების დასრულება ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.

იანვარში ევროკავშირთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს, განაცხადა ფანჯიკიძემ, ტექსტის დაახლოებით 85%–ზე მოხდა შეთანხმება.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მუშაობა სავარაუდოდ მარტში დასრულდება, თავდაპირველად განსაზღვრული მაისის თვის ნაცვლად, განაცხადა მან.

„ეს სავსებით რეალურია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ტექსტის დაგეგმილზე ადრე მომზადება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მეტ დროს მისცემს იმისათვის, რომ შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთონ.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ორი სერიოზული საკითხი არსებობს, რომლის შეტანასაც თბილისი ცდილობს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომლებზეც მას საჯაროდ საუბარი არ სურს.

ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ პროგრესი შეინიშნება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში. მისი თქმით, საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი, რომლის ვიზიტიც "მთავრობისგან დამოუკიდებელი მიზეზების" გამო რამდენჯერმე გადაიდო, თბილისში კვირას ჩამოვა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს – ეს არის დეტალური მოთხოვნების ნუსხა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სთხოვეს საგარეო საქმეთა მინისტრს გამოეთქვა მოსაზრება იმ 14–პუნქტიანი დოკუმენტის პროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა, როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის მიღების საფუძველი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ერთიან ხედვას ასახავს.

კერძოდ, მაია ფანჯიკიძეს დოკუმენტის იმ პუნქტების შესახებ ჰკითხეს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება, მათ შორისაა ის პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით“ და მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც „საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს პუნქტი მიუღებელია, რადგანაც ის გულისხმობს საქართველოს ამოღებას დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგიდან.

ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ დოკუმენტის პროექტია, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ შესთავაზა; საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა დოკუმენტზე შემდგომი დებატების გამართავა და მისი შესაძლო გადახედვა.

ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ თავად თედო ჯაფარიძესაც მიაჩნია, რომ დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტის შეცვლა შესაძლებელია. მან ასევე განაცხადა, რომ ზოგადად სურვილი, რომ საქართველო არ იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მიზეზი გულისხმობს რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებას.

მან განაცხადა, რომ დოკუმენტში შესაძლოა იყოს პუნქტები, რომელსაც იგი არ ეთანხმება და შეიძლება იყოს პუნქტები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა არ ეთანხმება და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პროექტია, რომელიც ღიაა შემდგომი მსჯელობისა და დებატებისთვის.

მოსმენის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა იმაში, რომ ის ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც, მისი თქმით, ზოგჯერ ახალი ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა სდევს თან.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გარკვეული სახის შენიშვნა თუ აღშფოთება გამოხატა რაღაც–რაღაცეების მიმართ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ მათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ მათ არ აქვთ ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია, ძალიან ხშირად მათი ინფორმაცია არის ზედაპირული და ძალიან ხშირად მათი დასკვნები, კონკრეტული შეფასებები მაქვს მხედველობაში, არის ტენდენციური და მათი შეფასებები ეფუძნება ტენდენციურ ინფორმაციას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „თქვენ ძალიან კარგად აფრიალებთ იმ დოკუმენტებს, რომლებშიც ხელისუფლების კრიტიკა ჩანს, მაგრამ რასაკვირველია, თქვენი ყურადღების მიღმა რჩება ის დოკუმენტები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ... ეს არის მიზანმიმართული იმიჯის შელახვა საქართველოსთვის, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება. მე ვიცი წყაროები, ბატონი გიორგი [კანდელაკი] ათასობით მეილს აგზავნის ყოველდღე“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა ირონიულად ჰკითხა ფანჯიკიძეს: „ასლები ხომ არ გაქვთ ბატონი ირაკლისგან?“ მას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა მხედველობაში, გულისხმობდა რა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ელექტრონულ მიმოწერას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.

„მე მაქვს ასლები იმ ხალხისგან, ვისაც თქვენ ამ მეილებს უგზავნით“, – უპასუხა ფანჯიკიძემ ღიმილით. შემდეგ მან განაგრძო: „არასწორ ინფორმაციას აგზავნით, სიყალბეს აგზავნით... ამ ინფორმაციის არასწორი მიწოდებით, თქვენ შეცდომაში შეგყავთ ის, ვისი შეცდომაში შეყვანაც გამოგდით“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უპასუხეს, რომ შემაშფოთებელია, თუ როგორ აღიქვავს მთავრობა დასავლელი პარტნიორობის „მეგობრულ კრიტიკას“ და პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ხელისუფლება ოპონენტებს ადანაშაულებს ვითომდა დასავლელი პარტნიორებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში. 

უახლესი ამბები
20 ოქტ.'17 20:33
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოზე: ‘აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა’
ადგილობრივი არჩევნების წინ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა.
20 ოქტ.'17 18:06
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
20 ოქტ.'17 13:49
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა
დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
20 ოქტ.'17 10:52
საქართველოს ლიდერები საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთეს.
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81