Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 23 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ შედგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'13 / 12:30


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს თავის სატელევიზიო განცხადებაში, 20 თებერვალს. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური   

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ძალაუფლების გაყოფის თაობაზე ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, უთანხმოება რჩება საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირების პირობებთან დაკავშირებით, განაცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 20 თებერვალს ცალკ-ცალკე გამართულ ბრიფინგებზე.

„რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე საჯარო მოხელეთა ამნისტიის თაობაზე შეთანხმების ვერ მიღწევის გამო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებების პროცესში; მათ სათანადო კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ იქნა მიღწეული და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებთ", - განაცხადა მან.  

მან იმ წინადადებების დეტალები გახადა საჯარო, რომლებიც მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს წარუდგინეს.   

უსუფაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას დეკემბრის ბოლოს შესთავაზა ერთადერთი წინადადება, რომ კონსტიტუციიდან ამოეღოთ ის პუნქტი, რომელიც პრეზიდენტს ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე.

ამის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი შემხვედრი საკითხები დააყენა, მათ შორის: 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ვადაზე ადრე ამოქმედების წინადადება იმ დებულების ჩათვლით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმის ორი მესამედიდან (100 ხმა) სამ მეოთხედამდე (113 ხმა) აწევას ითვალისწინებს; საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვა და პარლამენტის ქუთაისში დატოვება. 

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ  15 თებერვლის მდგომარეობით ქართული ოცნება დათანხმდა შემდეგ საკითხებს:

  • კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ ყველა სხვა ცვლილების შესატანად სამ მეოთხედიანი კვორუმის დაწესებას ორი მესამედის ნაცვლად;
  • პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე კენჭისყრის შემოდგომამდე გადატანას იმიტომ, რომ „პარლამენტის წევრები ვალდებული ვართ გავუძლოთ იმ პირობებს რაც ქუთაისშია საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით, თუ ეს აუცილებელი იქნებოდა იმ შეთანხმების მისაღწევად“;
  • კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ამოქმედებას მხოლოდ ნაწილობრივ, რათა პრეზიდენტს დარჩენოდა გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტის ვეტოს  კვალიფიციური უმრავლესობით დაძლევის მოდელი და პრეზიდენტის იმპიჩმენტის გართულებული პროცედურები შენარჩუნებულიყო; 
  • საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე კონსტიტუციაში ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული ტექსტის ასახვას.

დავით უსუფაშვილმა საგარეო კურსის კონსტიტუციურად გამყარებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა:  „მათი ტექსტი, ვთვლით, რომ არ იყო ოპტიმალური, მაგრამ ამ თემებზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა სრული კარტბლანში  - ‘მოგვიტანეთ რა ტექსტიც გსურთ, ოღონდ ერთი პირობით, ეს ტექსტი იყოს შეთანხმებული თავად ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან’, რომ პირიქით რაიმე ჩანაწერებით საქმე არ გავაფუჭოთ ამ მიმართულებით“.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, როდესაც მოლაპარაკებების მხარეები „ყველაფერ ამაზე შევთანხმდით“, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 16 თებერვალს „დაისვა დამატებითი წინაპირობა“, კერძოდ კი, „უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელისთვის - პრეზიდენტიდან დაწყებული და მუნიციპალიტეტის რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, სრული ამნისტია ყველა იმ დანაშაულზე, რაც მათ შესაძლოა ჰქონდეთ ჩადენილი 2012 წლის 1 ნოემბრამდე, გარდა ძალადობრივი დანაშაულებებისა, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ  და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისა“. 

ამაზე ქართული ოცნების საპასუხო წინადადება 17 თებერვალს, უსუფაშვილის განცხადებით, იყო ის, რომ „ჩვენ მზად ვიყავით სწორედ ამ პირობებით ამნისტია გაგვევრცელებინა საშუალო და ქვედა რგოლის ყველა საჯარო მოხელეზე, ოღონდ არა 1 ნოემბრამდე ჩადენილი დანაშაულებებისთვის, არამედ 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებებისთვის  -  ეს მნიშნელოვანია იმიტომ, რომ, როგორც იცით, 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ბევრი რამ მოხდა“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამასთან ერთად, ქართული ოცნება დათანხმდა „ნაწილობრივ ამნისტიაზე“ ყველა დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, რომელთა ჩამონათვალსაც შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი და სხვებთან ერთად მოიცავს: პრეზიდენტს, დეპუტატებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, გუბერნატორებს, გამგებლებს, მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, პროკურორებს.

„ესაა უმაღლესი რანგის 1500-მდე მოხელე... რომელთათვისაც ჩვენ მზად ვიყავით ნაწილობრივი ამნისტიისთვის. კერძოდ, თუ ისინი იქნებოდნენ ბრალდებულნი რაიმე დანაშაულში და ისინი აღიარებდნენ ამ დანაშაულის ჩადენას, მაშინ ისინი ყველა გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან და დაეკისრებოდა ერთადერთი სასჯელი - საჯარო სამსახურში 5 წლამდე სამსახურის უფლების ჩამორთმევა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

„ჩვენს ამ წინადადებაზე ნაციონალური მოძრაობისგან მივიღეთ უარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ, მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში 18 თებერვალს წარმოადგინა „საბოლოო წინადადება“ იმის შესახებ, რომ კვლავ მოხდეს ყველას „სრული და უპირობო ამნისტია“, გარდა პრეზიდენტისა, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის წევრებისა იმ ძალადობრივი დანაშაულების გამოკლებით, რომლებიც ჩადენილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. 

მისი შეფასებით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წინადადებებს შორის განსხვავება არის „ძალიან დიდი“, რადგან ნაციონალური მოძრაობა ითხოვს სრულ ამნისტიას მაღალი რანგის და საშუალო რგოლის თანამდებობის პირებისთვისაც.

„ჩვენ ამ საკითხზე დათანხმება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ეს იქნება არასწორი, ეს იქნება უსამართლობა, ეს იქნება ჩვენი საარჩევნო დაპირებების უკან წაღება და ჩვენ ვერანაირ პასუხს ვერ გავცემთ ქართველ ხალხს, თუ რატომ ვპატიობთ ყველას ყველაფერს, გარდა მთავრობის წევრებისა, პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრებისა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოთვალა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ქართული ოცნება გეგმავს:

„ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად, ჩვენ მოვამზადებთ და ორი კვირის ვადაში პარლამენტში განხილვებს დავიწყებთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომლებიც დაეფუძნება იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას 17 თებერვალს;

მეორე, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ კენჭს ვუყრით საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური მოვლენების განვითარების კვალობაზე;

მესამე, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭისყრაზე არ დავსვამთ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე;

მეოთხე, გაგრძელდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობა ნაციონალურ მოძრაობასთან პარლამენტში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 15 მარტამდე საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას ამ თემაზე, სადაც ჩაიწერება ყველა ის საკითხი... რაც აუცილებელია, რომ გაცხადდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის თაობაზე და მთელი რიგი მიმართულებებით ინტენსიფიკაციის თაობაზე;

მეხუთე, შევქმნით საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის  ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის შესაძლო მოდელების შესამუშავებლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომდგენლები, ექსპერტები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.  ეს იქნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ყველა სხვა საკითხზეც იმუშავებს, რაც კონსტიტუციაშია გასასწორებელი;

მეექვსე, საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი 1 მარტიდან შეუდგება ინტენსიურ მუშაობას და ამ ჯგუფში საქმიანობისთვის მოწვეული იქნებიან არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

მეშვიდე, შევიმუშავებთ და საზოგადოებას 1 მარტამდე გავაცნობთ ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმას, რომლის მიზანი იქნება:

  • საზოგადოებრივი წესრიგის უმკაცრესი დაცვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე, რათა არავის აღარ მიეცეს პროვოკაციების საშუალება და ამაზე პოლიტიკური დივიდენდების მიღების შესაძლებლობა;
  • სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების კონსტიტუციური და საპროცესო უფლებების განუხრელი დაცვა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით მონიტორინგის ჯგუფების შექმნა, რათა მორჩეს სპეკულაციები იმაზე პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე თუ დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების  მოხელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების განუხრელი დაცვა. ვიცით, რომ ამ საკითხზეც არის მაღალი ინტერესი და არის გარკვეული პრობლემები;  
  • საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი და დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე. საერთაშორისო ასპარეზზე აღარ იქნება ნაციონალური მოძრაობის ექსკლუზივი".

პარლამენტის თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი წყდება, მაგრამ „ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით“.

„უსაფუძვლო ჭირვეულობითა და ახალ-ახალი პირობების წამოყენებით დროის გაჭიანურება ესაა ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელისუფლება კი ვალდებულია, პირველ რიგში, საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს“, - განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა პასუხობს მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ ყველა საკითხს და „მისი განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოლაპარაკების გაგრძელება და ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა თუ ოპოზიციას ამისი სურვილი და უნარი აღმოაჩნდება“. 

უსუფაშვილის სატელევიზიო განცხადებიდან რამდენიმე წუთში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება ჟურნალისტებთან, სადაც მან დაადასტურა, რომ სწორედ საჯარო მოხელეების ამნისტიასთან დაკავშირებული მიმართულება იყო ის, რამაც ხელი შეუშალა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევას.

ბაქრაძემ თავის კომენტარში დაადასტურა ყველა ის დეტალი, რომლებზეც უსუფაშვილმა საკონსტიტუციო თემატიკასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა; მან ასევე დაადასტურა, რომ პრობლემების მიუხედავად, შეთანხმება იქნა მიღწეული დასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხთან მიმართებაშიც.

თუმცა მან განაცხადა, რომ „ზეწოლების და პოლიტიკური დევნების შეჩერების“ მიმართულება ნაციონალურ მოძრაობას ბოლო მომენტში არ დაუყენებია და ამ თემაზე მოლაპარაკებების ფარგლებში მუდმივად მიდიოდა საუბარი. 

„ამ წუთისთვის 15 ათასზე მეტი ადამიანია დაკითხული მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, რომ ისინი არიან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მას მხედველობაში არ აქვს ის საქმეები, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდება და  რომლებსაც „არ განვიხილავთ პოლიტიკური დევნის ნაწილად“.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს ამნისტია გავრცელდეს „ათასობით“ ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებზე, თუმცა არა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე. „ლიდერების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე თუ რაიმე სადმე პრობლემა, გადაცდენა ან დანაშაული იყო, არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის, არავინ არ ითხოვს პატიებას საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართული ოცნების წინადადება არ ეხება საჯარო მოხელეთა ფართო სპექტრს. 

უსუფაშვილის მსგავსად, ბაქრაძემაც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები „ყველა იმ კონკრეტულ საკითხზე“, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე თავის განცხადებაში საუბრობდა.

უახლესი ამბები
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
22 მაი.'17 17:26
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის
რუსეთმა და სეპარატისტულმა რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
22 მაი.'17 12:30
ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა.
21 მაი.'17 16:34
კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
20 მაი.'17 13:23
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი სახელმწიფო აუდიტორის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას ითხოვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21