Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:57 - 25 სექ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი და ივანიშვილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან თბილისის მოლოდინებზე საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.'13 / 12:36

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში 12 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ცალ–ცალკე გამართული შეხვედრების შემდეგ სურვილი გამოთქვეს, რომ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მიიღონ დეკლარაცია ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის შესახებ.

„ახალი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ [ევროპული ინტეგრაციის] ტემპები იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მიზანი, რომ მაქსიმუმია ჩვენი ის, რომ ვილნიუსის სამიტისთვის ჩვენ მოვახერხოთ პარაფირება ასოცირების შეთანხმების შესახებ და ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი ჩანაწერიც გაჩნდება [დეკლარაციაში], რომ ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, რაც  მაქსიმუმია დღევანდელისთვის, რასაც ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ ვილნიუსის სამიტამდე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრთან შეხვედრამდე, ევროკომისარი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რომელმაც მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში ასევე წამოწია ეს საკითხი.

„წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ვილნიუსში, სადაც საქართველოს – მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ჩვენ მივდიოდით აქამდე – აქვს პერსპექტივა და ჰქონდა პერსპექტივა, რომ  მიეღო ევროკავშირის პერსპექტივის განცხადება; ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავსახელებულიყავით, როგორც ევროკავშირის წევრობის შესაძლო კანდიდატი მომავალში“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„ეს იქნება ნამდვილი გეოპოლიტიკური გარღვევა საქართველოსთვის და ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის“, – დასძინა მან.

თუმცა, ევროკომისარმა ფულემ აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, რომ „ყველაზე პოზიტიური სიახლე“, რასაც საქართველო შეიძლება ელოდეს ვილნიუსის სამიტისგან, იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„ეს იქნება სამიტი, რომელიც, მე ვიმედოვნებ, ევროპული პერსპექტივისკენ წაგვიყვანს, მაგრამ არა რაიმე პოლიტიკური დეკლარაციის საფუძველზე... არამედ რეფორმების პროცესზე დაყრდნობით“, – განაცხადა მან.

ფულემ იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომი მიმართულების ფორმირებისთვის.

თუმცა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების იმ მუხლზე მინიშნებით, რომელიც გაწევრიანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მან ასევე აღნიშნა: „არ მგონია, რომ ჯერ იმ ეტაპზე ვიყოთ, როდესაც 49–ე მუხლზე ვისაუბრებთ“.

„მოლოდინების მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის დღევანდელი არაფორმალური დიალოგის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ფულემ.

ფულეს მხედველობაში ჰქონდა არაფორმალური მინისტერიალი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა და რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი სახელმწიფოს – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის დიპლომატებმა მიიღეს მონაწილეობა.

თბილისში ასევე იმყოფება ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს. 13 თებერვალს იმართება მინისტერიალის დარგობრივი შეხვედრა, რომელიც ტრანსპორტის საკითხებს ეძღვნება. ევროკავშირს ამ შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი სიიმ კალასი  წარმოადგენს.

„საქართველო თანმიმდევრობის და სიმტკიცის მაგალითს წარმოადგენს შეთანხმებული რეფორმების განხორციელების საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ხელისუფლება] განაგრძობენ ამ კურსს, თანაარსებობის გამოწვევის მიუხედავად“, – განაცხადა ფულემ.

პრემიერ–მინისტრმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ახალი მთავრობის და პრეზიდენტის თანაარსებობას.

„იყო თხოვნა ბატონი ფულეს მხრიდან, რომ მოვახერხოთ, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„კოჰაბიტაცია არ არის ყველაზე საყვარელი სიტყვა სადმე მსოფლიოში“, – განაცხადა ფულემ, „მაგრამ ეს არსებული რეალობაა და პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული კოჰაბიტაციის ფარგლებში საუკეთესოდ იმოქმედონ“.

„ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსები საქართველოში ისეთ კომუნიკაციას დაამყარებენ  საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ინტერესებთან დაკავშირებით – და მიმაჩნია, რომ მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხიც არის – რომ კოჰაბიტაცია არ გახდება გამართულებელი ფაქტორი დღევანდელ და ვილნიუსის სამიტამდე არსებულ პერიოდში. ჩვენ ყველას გვინდა საქართველო ვიხილოთ, როგორც წარმატებული მაგალითი რეგიონისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ფულესთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციურად გარანტირებული გახდეს და გამოთქვა მზადყოფნა ამ და სხვა საკითხებზე მჭიდროდ იმუშაოს მთავრობასთან.

როდესაც სამშაბათს ცალკე გამართულ პრესკონფერენციაზე შტეფან ფულეს კითხეს, თუ რას ფიქრობს ის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფების შესახებ კონსტიტუციაში ცალკე დებულების შეტანაზე, მან უპასუხა: „პოლიტიკოსებზე, დაინტერესებულ პირებზე, ხალხზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ ეს თავიანთ ქვეყანაში. მე მაინც მიმაჩნია რომ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკის განხორციელებისას კონკრეტული შედეგების მიღწევა; მე ვიცი რამდენიმე ქვეყანა, სადაც კონსტიტუციებში მიზნები ნათლადაა განსაზღვრული, მაგრამ რეალობა საკმარისად არ ასახავს იმ მისწრაფებებს, რომლებიც მათ კონსტიტუციებშია გამოთქმული“.

უახლესი ამბები
25 სექ.'17 19:57
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდის
რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებისათვის 26 სექტემბერს შეიკრიბება.
25 სექ.'17 17:27
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №3
მიმოხილვის მესამე გამოცემაში 18-24 სექტემბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
25 სექ.'17 15:42
ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე
Civil.ge-მ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებებს მიმართა.
25 სექ.'17 14:31
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ
ვენეციის კომისიის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება სამწუხაროა, ხოლო ბონუსის სისტემა უნდა გაუქმდეს.
22 სექ.'17 23:53
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველთა სახლების განადგურებას ეხმაურება
სოფელ ერედვში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ხელისუფლება „გენოციდის გაგრძელებად“ აფასებს. 
22 სექ.'17 22:53
მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა
სულ ბოლოს მთავრობამ კომპანია StrateVarious LLC-სთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.
22 სექ.'17 17:17
კვირიკაშვილი: საქართველო იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
22 სექ.'17 17:00
ადგილობრივ არჩევნებზე 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
რამდენიმე დღეში საარჩევნო ადმინისტრაცია სარეგისტრაციო პროცედურებს დაასრულებს და კანდიდატთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს.
22 სექ.'17 12:00
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. 
21 სექ.'17 18:36
რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
პუნქტი მთელ აფხაზეთს მოიცავს, რუსეთის კანონმდებლობით იმუშავებს, მისი თანამშრომლები კი იმუნიტეტით ისარგებლებენ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
91