Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:32 - 20 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის განცხადება ბიბლიოთეკასთან მომხდარ ძალადობაზე და სააკაშვილის მიმართვაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'13 / 01:52

პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაგმო 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთკასთან მომხდარი ძალადობის ფაქტები და განაცხადა, რომ მიმდინარეობს პოლიციის მოქმედებების ანალიზი, რათა დაიხვეწოს მსგავს სიტუაციებში მისაღები ზომები.

9 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის 8 თებერვლის მოსახლეობისადმი მიმართვას და აღნიშნა რომ პრეზიდენტის გამოსვლაში „რამოდენიმე საყურადღებო მომენტი“ იყო და ეს განცხადებები ადრე რომ გაკეთებულიყო, „ზოგ გართულებას თავიდან ავიცილებდით.“

ქვემოთ მოყვანილია ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი:

„პირველ რიგში მინდა უპირობოდ და ცალსახად დავგმო ძალადობის ის ფაქტები, რომლებსაც გუშინ ადგილი ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.  სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, უნდა იყოს მხოლოდ არა ძალადობრივი და მხოლოდ კანონის ფარგლებში. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მოძალადეთა და ძალადობის ინსპირატორთა გამოსავლენად და დასასჯელად. მიმდინარეობს პოლიციის მოქმედებების ანალიზიც, იმისათვის, რომ დაიხვეწოს მსგავს სიტუაციებში მისაღები ზომები.

უკეთესი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტს გაეთვალისწინებინა უმრავლესობის წინადადება და ყოველწლიური მიმართვა გაეკეთებინა პარლამენტის შენობაში ორიოდე კვირის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში რამოდენიმე საყურადღებო მომენტი შევნიშნე. ეს განცხადებები ადრე რომ გაკეთებულიყო, ზოგ გართულებას თავიდან ავიცილებდით.

კერძოდ, პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რაც წლების განმავლობაში დაუშვა მან და მისმა მთავრობამ. პრეზიდენტმა აღიარა ისიც, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა სამართლიანად ჩამოართვა მათ ძალაუფლება და ხალხის ნდობის დასაბრუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა წარსულის პრობლემების გაანალიზება და სწორი დასკვნების გაკეთება.

ახლა საჭიროა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, რათა გაჩნდეს ნდობა მისი ამ და სხვა სიტყვებისადმიც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მხარი დაუჭიროს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, ველით ამ განცხადების დადასტურებას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რის შემდეგაც პარლამენტი უმოკლეს ხანში კენჭს უყრიდა ამ კანონპროექტს.

პრეზიდენტმა ისაუბრა სხვა კონსტიტუციურ საკითხებზეც, რომლებიც განსახილველი კანონპროექტის საგანი არ არის და რომლებზეც მას ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ჩვენ მზად ვართ ზემოთ ნახსენები კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი მოსაზრებები ყურადღებით მოვისმინოთ და სათანადო კანონპროექტების განხილვის პროცესში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შევაჯეროთ პოზიციები.

საკონსტიტუციო დონეზე ყველა საკითხის გადაწყვეტამდე კარგი იქნება, თუ პარლამენტში მალე დასრულდება ინტერფრაქციული შეთანხმების გაფორმება ქვეყნის საგარო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ დოკუმენტზე ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ხელს შეუწყობდა მთავრობის მცდელობებს ევროპული და ევროატლამნტიკური ინტეგრაციის დაჩქარების, ოკუპირეული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის შეუქცევადობისა და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული  ურთიერთობის აღდგენის დაწყების მიმართულებით.

მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუცია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ."

უახლესი ამბები
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
18 ივლ.'17 17:31
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
18 ივლ.'17 15:41
ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის შესახებ
მინისტრებმა განცხადებები ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე გააკეთეს.
18 ივლ.'17 12:50
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რაშიდ მერედოვი თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.  
17 ივლ.'17 20:00
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Facebook-ის პოსტი 25 წლის თათია დოლიძის წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12