Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:56 - 25 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის გამოსვლა დაპირისპირების ფონზე წარიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 თებ.'13 / 13:09

მოსახლეობისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის დაგეგმილი მიმართვის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტმა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი დაშავდა, კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის დაძაბულობა.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 7 თებერვალს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური მიმართვის მოსმენა პარლამენტში, რაც 8 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, გადადო მანამდე, ვიდრე არ მოგვარდებოდა უთანხმოება პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების შემზღუდავ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მოხსენება პარლამენტს დაქვემდებარებული ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან გაეკეთებინა.

რამდენიმე ასეულმა გაბრაზებულმა მოქალაქემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებადაახლოებით ხუთი საათით ადრე დაიწყო პრეზიდენტის გამოსვლამდე, რაც პარასკევს საღამოს 6 საათისთვის იგეგმებოდა. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ასევე ზოგიერთი ყოფილი პატიმარი, რომლებმაც საპატიმროები იანვარში მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა ისინი პოლიტპატიმრებად ცნო. ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ მათი შეკრების მიზანი იყო ბიბლიოთეკის შენობაში შესვლის დროს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა.

აქციის ზოგიერთ მონაწილეს თან ჰქონდა ცოცხები, როგორც ციხეებში პატიმართა მიმართ ძალადობის სიმბოლო, რაც ფიგურირებდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელებულ კადრებში, სადაც ჩანდა, რომ ციხის თანამშრომლები პატიმრის სექსუალური შეურაცხყოფისათვის ცოცხს იყენებდნენ.

დაძაბულობა პრეზიდენტის მიმართვის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მატულობდა; აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან იყო მჭიდროდ მობილიზებული. აქციის ზოგიერთი მონაწილე, მათ შორის ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თხოვდა, რომ მისთვის და კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის დაერთოთ ნება დასწრებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას, რათა მისთვის კითხვები დაესვათ. 

მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელის მარცხენა მხარეს იყო შეკრებილი. 

მთავარი ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თბილისის მერი გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ჯგუფი ადგილზე მივიდნენ. უგულავა უყვიროდა გაბრაზებულ ხალხს „დადგით შოუ“ და ცდილობდა ბიბლიოთეკისკენ გაეკვალა გზა, თუმცა მომიტინგეებმა მას ამის უფლება არ მისცეს. ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს თავს დაესხნენ, მათ შორის დეპუტატ სერგო რატიანს; დეპუტატ, ჩიორა თაქთაქიშვილს ერთ–ერთმა მომიტინგემ ჩაარტყა, რის შედეგადაც მას ცხვირიდან სისხლის წასკდა.

მართალია პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ხალხის შეჩერება და ინციდენტის აღკვეთა; ზოგიერთი ინფორმაციით, პოლიცია ჩარევისგან თავს იკავებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინციდენტის შემდეგ ადგილზე მივიდა; მომიტინგეები მას ტაშით შეეგებნენ. ღარიბაშვილმა მათ სიმშვიდის შენარჩუნებისა და დაშლისკენ მოუწოდა. როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი აღარ აპირებდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მისვლას, მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს. მომიტინგეთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა, საიდანაც მოსახლეობისადმი სააკაშვილის მიმართვა იგეგმებოდა.

პარასკევს მოგვიანებით ღარიბაშვილმა განაცხადა თავის სატელევიზიო ბრიფინგზე, რომ პოლიციამ საჭირო უსაფრთხოების ზომები მიიღო პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლამდე და თბილისის მერი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მომიტინგეთა პროვოცირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს და მის მხარდამჭერებს ბიბლიოთეკაში შესასვლელად ორი ალტერნატიული გზის გამოყენება შესთავაზა, რათა მათ თავიდან აეცილებინათ მომიტინგეებთან პირდაპირი კონტაქტი. ამის სანაცვლოდ, ღარიბაშვილის თქმით, უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა შენობაში შესვლა იქიდან გადაწყვიტეს, სადაც მომიტინგეები იყვნენ მობილიზებულნი.

„დედაქალაქის მერი და მისი თანმხლები პირები, რომელთა შორის სხვათა შორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ასევე დაგმო აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა და პირობა დადო, რომ „კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა“.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ აქცია ქართული ოცნების და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.   

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებულმა მოვლენებმა სააკაშვილის გამოსვლა გადადო, რაც მოგვიანებით მის სასახლეში გაიმართა.

სააკაშვილი უცხოელი დიპლომატების, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების, ჟურნალისტების და სხვა მოწვეული სტუმრების წინაშე გამოვიდა სიტყვით.

„აქ არის მთელი დიპლომატიური კორპუსი, ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო დაგვიანებისთვის, ბოდიში მოვუხადო ასევე, რომ მათ მიმართ იყო არაკორექტული საქციელი განხორციელებული, მოვუხადო ქართული სახელმწიფოს სახელით, რომ მე როგორც ამ სახელმწიფოს მეთაური, ვიზიარებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩვენი პოლიციის მოქმედებაზე და თუნდაც უმოქმედობაზე, ამ შემთხვევაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც მთავრობის დათხოვნასა და პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად ახალი კაბინეტის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის შესაძლებლობას ეხება, სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ამ უფლების გამოყენებას. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი დამანგრეველი იქნება, პირველ რიგში მისთვის და მისი ნაციონალური მოძრაობისთვის. გამოსვლა შემდეგ კითხვა–პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, რომლის დროსაც სააკაშვილს ჰკითხეს დაითხოვდა თუ არა ის მთავრობას; მან უპასუხა, რომ  იგი ამის საჭიროებას ვერ ხედავს, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა „თანამშრომლობისა და თანაცხოვრებისკენ“ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა ერთობის მიღწევა ისე საკითხებზე, როგორიცაა პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, დემოკრატია და კონსტიტუციის უზენაესობა.

იმავდროულად, პრეზიდენტის სასახლის გარეთ მომიტინგეთა ჯგუფი აქციას მართავდა.

პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც იმ უცხოელ დიპლომატებს შორის იყო, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდნენ, ერთ–ერთ მომიტინგეს გაესაუბრა და უთხრა მას, რომ ის ძალადობა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მოხდა, მათ შორის დეპუტატებზე თავდასხმები, „საშინელება“ იყო.

„დღეს საღამოს ბიბლიოთეკასთან ძალადობას ჰქონდა ადგილი; პარლამენტარებს დაარტყეს და ეს საშინელება იყო; ეს არ არის დემოკრატიული პრინციპი“, – განუცხადა აშშ–ის ელჩმა მომიტინგეს, „მე ვიცი, რომ თქვენ გაბრაზებული ხართ რაღაცეების გამო, მაგრამ ჩემი გზავნილი თქვენს მიმართ ის არის, რომ საშუალება უნდა მისცეთ თქვენს მთავრობას იმუშაოს პრეზიდენტთან ამ საკითხებზე. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა დღეს სიგნალი გაგზავნა, რომ მას სურს მთავრობასთან მუშაობა, რათა მოაგვაროს ეს პრობლემები და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მისცეს მთავრობას და პრეზიდენტს შანსი, რომ ეს გააკეთონ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი ძალადობის რისკი იქნება და არა მგონია ვინმეს საქართველოში ეს კვლავ სურდეს“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა წერილობითი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაგმეს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ძალადობა.

„მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ძალადობის ეს გამოვლინება და დასაჯოს ყველა დამნაშავე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, 8 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ, დაგმეს მომხდარი ინციდენტი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც, მათი შეფასებით, „ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად  გატარება,  რათა  საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები“. მათ ასევე მოუწოდეს პარლამენტს, რომ  პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში გადაიტანოს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დაწერა Twitter-ზე: „შეშფოთებული ვარ, რომ უმრავლესობა არ აძლევს პრეზიდენტს საშუალებას ტრადიციული სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ურთიერთპატივისცემა დემოკრატიის გასაღებია“.

კითხვაზე გამოვა თუ არა ის სიტყვით პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანხმობის შემთხვევაში, სააკაშვილმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.

 

უახლესი ამბები
25 მარ.'17 15:56
შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელთან მჭიდრო პარტიორობის პირობას დებს
მღებრიშვილმა პარტნიორები ბრიუსელში დაარწმუნა, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლისთვის მზად არიან.
25 მარ.'17 11:26
მოსკოვი თბილისს ჟენევის დისკუსიების წინააღმდეგ ‘საბოტაჟის’ მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს „პოლიტიკური სპექტაკლი“ კონფრონტაციულ ატმოსფეროს ქმნის 28-29 მარტის მოლაპარაკებების წინ, აცხადებს მოსკოვი.
24 მარ.'17 18:28
უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ქვეყნის ელჩმა ეუთოში.  
24 მარ.'17 17:58
საქართველო უარყოფს სომხეთში სამხედრო შეიარაღების ტრანზიტს
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა სომხეთში სამხედრო შეიარაღების სავარაუდო ტრანზიტის შესახებ ორი დამოუკიდებელი ინფორმაცია უარყვეს.
24 მარ.'17 14:21
ეროვნული უშიშროების საბჭომ ნატოსა და აფხაზეთზე იმსჯელა
სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, თავდაცვის რეფორმა და უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება განიხილეს.
23 მარ.'17 17:59
ჯანელიძემ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გლობალური კოალიციის მინისტერიალს 22 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უმასპინძლა.
23 მარ.'17 16:58
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის განცხადება რუსთავი 2 -ის დავაზე
ალიანსს „სჯერა“, რომ საქართველო განაგრძობს ქვეყანაში მედია პლურალიზმის და მედია თავისუფლების მხარდაჭერას.
23 მარ.'17 14:16
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის დეპუტატები არ დაეთანხმდნენ და მას "პოლიტიკურად" მოტივირებული უწოდეს. 
22 მარ.'17 18:03
საქართველოს ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
მარგველაშვილი და კვირიკაშვილი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.  
22 მარ.'17 15:21
ევროპის საბჭოს კონგრესი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნები ‘უკანონოა’
კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ განცხადება 21 მარტს გამოაქვეყნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60