Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 თებ.'13 / 12:09

პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ შეთანხმება გზას გაუხსნის ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“  შორის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 6 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გამართული საპარლამენტო დებატების დროს.

„ქართული ოცნების“ მიერ დეკემბერში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უნარჩუნდება ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას პარლამენტისგან სამჯერ თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი მთავრობის ერთპიროვნულად გამოცვლის შესაძლებლობას აძლევს.

მართალია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისზე (89 ხმაზე) მეტი მოაგროვა  - 91 ხმა, მაგრამ მას არ აქვს 100 ხმა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად არის საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი კენჭისყრაზე. პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის ფორმალურ განხილვამდე, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ ინიცირებული დებატები გაიმართა იმ თემაზე უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს უფლება დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე.

დებატების დროს, რომელიც რაღაც მომენტში ხმამაღალ ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება დროის ფუჭი ხარჯვა იყო ორი მიზეზის გამო – ერთი ის, რომ ეს ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისედაც ამოქმედდება, როდესაც ძალაში ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა; და მეორეც ის, რომ მანამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ისედაც არ აპირებს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას დაითხოვოს ივანიშვილის მთავრობა და დანიშნოს ახალი.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დეპუტატებმა გაიმეორეს თავიანთი წინაპირობები და განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ ამ ინიციატივას მხარს, თუ პარლამენტი პარალელურად მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი მთავრობისთვის კონსტიტუციურად სავალდებულო გახდება. ნაციონალურ მოძრაობას ასევე სურს, რომ გაიზარდოს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმი არსებული ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე, რის სანაცვლოდაც ის მხარს დაუჭერს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც უარს ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წინადადებები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან პაკეტში განიხილონ, აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების შეზღუდვა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას და არცთუ მარტივი თანაარსებობის პერიოდში პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა სხვა საკითხების კომპრომისების და შეთანხმებების გზით მოგვარებასაც დაეხმარება. 

იგი გამოვიდა წინადადებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული წინადადებები განხილულ იქნას საკონსტიტუციო რეფორმის დაგეგმილი კომისიის ფარგლებში.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია ბერკეტები, რომ „შეაფერხოს“ ქვეყნის განვითარება, მაგრამ „სიტუაციის შეტრიალებას ვერ შეძლებთ“. „ქვეყანა საიმედო ხელშია და გაგრძელდება მისი განვითარება“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

დებატების დროს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს „დიქტატორული უფლება“, რომ დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე და არავინ იცის, გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის „20-25 დეპუტატის გარდა“, მმართველი კოალიცია შეძლებს დანარჩენი ოპონენტების დარწმუნებას იმაში, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მაშინ, როდესაც მისი კოლეგები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან – მას მხედველობაში ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალმა ხელისუფლებამ ზეწოლა მოხდინა დეპუტატებზე, რათა დაეტოვებინათ უმცირესობა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მიეცათ ხმა. კუბლაშვილის თქმით, იგი არ მისცემს ცვლილებებს ხმას იმ „ულტიმატუმის ენის“ გამოც, რომელსაც, მისი თქმით, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი იყენებს.

ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს გამოხატული პოზიციით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს „აქვთ საშუალება მხოლოდ საკუთარი მომავალი და საკუთარი პოზიციები გახადონ ან აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს საზოგადოებისათვის ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მათ“.

 

უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70