Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: 'ამ მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'13 / 13:41

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის "მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით“, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თუმცა გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, მათ შორის ქუჩის აქციების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და გადაბირების გზით "ამ ხელისუფლების დასუსტებას".

ვანო მერაბიშვილმა მისი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების სტრატეგიაზე ნაციონალური მოძრაობის ოფისში მხარდამჭერებთან შეხვედრისას 1 თებერვალს ისაუბრა, რაც ინტერნეტით პირდაპირ გადაიცემოდა.

„ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს, პირდაპირ გეტყვით“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში „შედარებით ნორმალური“ ძალა რომ მოსულიყო და მაგალითად მოიყვანა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან ლევან გაჩეჩილაძე, რომელზეც „კარგი აზრის არ ვარ, მაგრამ აი გაჩეჩილაძე რომ ყოფილიყო, ვთქვათ, შეიძლება ადამიანს გეთქვა, რომ რა ვქნათ ახლა, 4 წელიც დაველოდოთ“.

„მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით. რას ნიშნავს? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივუვარდებით ხვალ, გადატრიალებას მოვაწყობთ სახელმწიფოს და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება სრულფასოვნად ანუ ის გეგმები, რაც უკვე გამოჩნდა აქ, რომ საქართველოს, როგორც მინიმუმ, დასუსტება, მე აღარ გავაგრძელებ ახლა რუსეთთან და დსთ-თან ურთიერთობაზე, არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელი არ არის.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა ფორმები არსებობს - რეალურად საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება; მისი ინსტიტუტების დასუსტება - სახელმწიფოს  იმ ინსტიტუტების, რომელიც რეპრესიულია; გადაბირება ადამიანების“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

შემდეგ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინ არსებული პოლიტიკური რეალობა მოიყვანა მაგალითად, როცა, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა „ნაწილობრივ“ იყო ხელისუფლებაში. მაშინდელი პერიოდის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობა ამჟამადაც არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ინსტიტუტით, ასევე აკონტროლებს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის თბილისის მერიას; ასევე ოქტომბერში ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უცვლელი დარჩა სასამართლო ხელისუფლება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი.

„იქ [ვარდების რევოლუციამდე] ვაკონტროლებდით მერიას, ინიციატივა გვქონდა ქუჩაში, გახსოვთ ხომ ანუ ჩვენ რაღაც ფორმით  უკვე უნდა დავიწყოთ ხელისუფლების ეტაპობრივად დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„დღეს ამ მთავრობას და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ქუჩას ესენი [ქართული ოცნება] აკონტროლებენ“, - განაგრძო მან, „ქუჩას რას ვგულისხმობ - მიტინგებს დღეს ესენი ატარებენ ხომ. ანუ ხელისუფლება, რომელიც უკვე მიტინგებს ატარებს ჯერ ეს ერთიც სუსტია, განწირულია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით. ანუ ჩვენი პირველი ამოცანა რა არის, რომ ჩვენ ინიციატივა ავიღოთ იგივე მიტინგებზე, პიკეტებზე და ა.შ. მერე შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აქტიური მონაწილეობა სხვა პროცესებში ან პარალელურად“

„ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და არ მივცეთ მას საშუალება ან დავბლოკოთ მისი დესტრუქციული ქმედებები ან დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც ჩვენ გვექნება“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

„დღეს ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, დაკავებული შენარჩუნებით იმ რესურსების, რაც გვქონდა, გამხნევების ადამიანების. გარკვეული ბუნებრივი სეზონიც არის ახლა ანუ ზამთარია და მოგეხსენებათ ეს ქუჩის აქციები მასობრივი ჯერ ადრეა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ასე ვთქვათ როგორც ვირტუალური, ისე პირდაპირი ქმედებების, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას და თქვენ ამას ჩვენთან ერთად მალე დაინახავთ“, - განაცხადა მან.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას იმდენი ძალაუფლება მაინც აღარ ექნება, რამდენიც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, რადგან, მისი თქმით, საქართველო შეიცვალა.   

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ზეწოლების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა მაინც აკონტროლებს საკრებულოებს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგოს აპრილში დაგეგმილი შუალედური არჩევნები და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, პარტიამ ყველა ამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ეს პარტიული კონსოლიდაციისთვის კარგი შანსი იქნება.  მისი თქმით, „მთავარი ბრძოლა“ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეა მოსალოდნელი.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მცირე შანსებს განაპირობებს ის, რომ საზოგადოება კვლავ ეიფორიაშია.

მისი თქმით, საქართველომ გაუძლო ბევრ გამოცდას, მათ შორის ომს 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ვერ შეძლო გაეძლო ბოლო გამოცდისთვის, როდესაც, მისი თქმით, ამომრჩეველი ფულმა შეაცდინა, რადგან საქართველო ღარიბი ქვეყანაა და „დოლარებმა დააბნია“ საზოგადოება. მისივე თქმით, ამომრჩეველი „ფულით თვალებდაბნელებული მოვიდა“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობა ძირითადად დაკავებულია ნაციონალურ მოძრაობაზე და მთავრობის ყოფილ წევრებზე ზეწოლის მოხდენით, მათ შორის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის გზით.  „იმედია ისეთ დონემდე მივიყვანთ [მთავრობას], იმ მდგომარეობამდე, რომ შეჩერდება ეს დაკითხვები და ჩვენ გადავალთ შეტევაზე“, - აღნიშნა მან.

 

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
91