Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:53 - 20 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპონენტების შეხვედრა ხელისუფლების ‘უმეტესი ფუნქციების’ გადაცემის წინ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'12 / 13:32


პრეზიდენტი სააკაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ მოლაპარაკებების დაწყების წინ, 9 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებიდან ერთ კვირაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის სასახლეში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლა.

ტელეკამერების წინ ხელის ჩამორთმევის შემდეგ პოლიტიკური მოწინაღმდეგეები, რომელთაც თანაგუნდელებიც ახლდნენ, პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ. დაახლოებით 35 წუთის შემდეგ ისინი ტელეკამერების წინ გამოვიდნენ, სადაც სააკაშვილმა და ივანიშვილმა განცხადებები გააკეთეს.

პირველმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელშიც მან სამ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მისი კოალიციის დამსახურებაა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დემოკრატიულად იცვლება და დასძინა, რომ „ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად მოიხსენიება“. მან ასევე აღნიშნა, რომ კარგია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი პარტიის დამარცხება აღიარა.

სააკაშვილის გვერდით მდგომმა ივანიშვილმა, რომლის კოალიციასაც წინასაარჩევნო პერიოდში მრავალმილიონიანი ჯარიმები ედებოდა  პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით და რომელიც ხელისუფლებას მისი მხარდამჭერების დაშინებასა და დაპატიმრებებში ადანაშაულებდა, განაცხადა: „ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირსო ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელება მისი. ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც, მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. აი, ეს გახლდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც“.

მესამე პუნქტი, რომელმაც ივანიშვილმა თავის გამოსვლაში გამოყო, იყო კოალიციის პოზიცია, რომ ის გააგრძელებს მოქმედი ხელისუფლების კურსს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მან განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა ის საკითხია, სადაც „ჩვენ თანხვედრა გვაქვს“ და დასძინა, რომ „საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“.

თავის სამწუთიან გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორჯერ აღნიშნა „ფუნდამენტური განსხვავებები“ მას და ივანიშვილს შორის „ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე“. 

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მისი თქმით, ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა, რომელსაც მან „ისტორიული პროცესი“ უწოდა, წარიმართება „სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში“.


"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მისი გუნდის ლიდერებთან ერთად მივიდა, სადაც მას ასეთივე ფორმატში დახვდა პრეზიდენტი სააკაშვილი. მარცხნიდან მარჯვნივ ერთმანეთს ხელს ართმევენ: მოქმედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და ბიძინა ივანიშვილი; თბილისის მერი გიგი უგულავა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი; მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი; პრეზიდენტი სააკაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ორჯერ გააკეთა აქცენტი გრძელვადიან პოლიტიკურ გეგმებზე. მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა „იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში“. თავისი განცხადების ბოლოს მან განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და „ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები“.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების „უმეტესი ფუნქციების“ მშვიდობიანად, დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა.
 
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რომელშიც პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი შტოა, სააკაშვილის მეორე და საბოლოო ვადა 2013 წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იწურება. 

ივანიშვილმა უკვე მიანიშნა, რომ მას სურს, რომ სააკაშვილი გადადგეს, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის არც მოთხოვნა და არც ულტიმატუმი მის მიმართ. მან ასევე ნათლად აღნიშნა, რომ მას ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების შეცვლა სურს – ეს თანამდებობები ამჟამად სააკაშვილის გუნდის წევრებს უკავიათ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლა ახალარჩეული პარლამენტის დღის წესრიგის ერთ–ერთი წამყვანი საკითხი იქნება. თუმცა ივანიშვილის კოალიცია საკონსტიტუციო უმრავლეობით ვერ შევა საკანონმდებლო ორგანოში.

„ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობა აბსოლუტურად აცდენილია იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც გაჩნდა საქართველოში არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ 9 ოქტომბერს და დასძინა, რომ კარგად ესმის იმ კითხვების ლოგიკურობა, თუ რამდენად პოზიტიური შეიძლება იყოს ერთის მხრივ, ძლიერი უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის და მეორეს მხრივ, მის ოპოზიციაში მყოფი მთავრობისა და პარლამენტის თანაარსებობა.

„მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის სააკაშვილის გადასაწყვეტი. ჩვენ არ ვაყენებთ ამ საკითხს [მისი გადადგომის], არც პოლიტიკურ კონსულტაციებში ჩვენს ოპონენტებთან“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „არგუმენტები“ საუბრისას.
 
კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა სააკაშვილის გადადგომა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ალასანიამ უპასუხა: „გამორიცხული არაფერი არ არის“.

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81