Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის და ივანიშვილის განცხადებები პირისპირ შეხვედრის შემდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ოქტ.'12 / 13:02


პრეზიდენტი სააკაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ განცხადებებს აკეთებენ; უკან ჩანან მათი მთავარი მოკავშირეები, რომლებიც მხარეებს წარმოადგენენ ხელისუფლების გადაბარების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, 9 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში 9 ოქტომბერს გამართული, დაახლოებით, 35–წუთიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირისპირ ფორმატში შედგა, მოკლე საჯარო განცხადებები გააკეთეს.

ორივე მათგანმა სასახლის ეზოში გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა იმ პროცესის „ისტორიული“ მნიშვნელობა, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა ქვეყანაში. 


პრეზიდენტი სააკაშვილი და გამარჯვებული კოალიციის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის დაწყების წინ ერთმანეთს ხელს ართმევენ, 9 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პირველმა გააკეთა განცხადება, აღნიშნა:

„მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდა გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. 

ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა – ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად მოიხსენიება.

ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირსო ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელება მისი.

ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც, მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. აი, ეს გახლდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც.

ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, გვქონდა შეხედულებებზე და ასე შემდეგ. იქ თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ აუცილებლად ჩვენი სტრატეგიაა, გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

აი, დაახლოებით, ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შევუქე, რომელიც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ კულტურული ერი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით. დიდი მადლობა“.
 

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მისი გუნდის ლიდერებთან ერთად მივიდა, სადაც მას ასეთივე ფორმატში დახვდა პრეზიდენტი სააკაშვილი. მარცხნიდან მარჯვნივ ერთმანეთს ხელს ართმევენ: მოქმედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და ბიძინა ივანიშვილი; თბილისის მერი გიგი უგულავა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი; მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი; პრეზიდენტი სააკაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა:

„მე მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონის, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა.

ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჩვენ ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესს.

ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ  ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე.

მაგრამ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, ვუზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე; მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში; მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით; მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იქნას ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები.

მე, როგორც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული. ეს იყო ყოველთვის, რაც მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი ყველა თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ ბევრი რამე დაინახო და გაანალიზო.

მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე, ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. 

მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა პრაქტიკულად უმეტეს საკითხებში, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას.

მე მგონი, ეს არის მთავარი, რასაც ყველამ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ. ამიტომ, მინდა ჩვენ ხალხს ვისურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები“. 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77