Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგებლობის უმეტესობა დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'12 / 11:34

  • ივანიშვილს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების შეცვლა სურს; 
  • ივანიშვილი ასევე აპირებს მთავარი პროკურორის შეცვლას;
  • შს მინისტრობის კანდიდატი: ‘სამინისტროს დეპოლიტიზირება პრიორიტეტს წარმოადგენს’; 
  • შს მინისტრობის კანდიდატი: ‘ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ’; 
  • უსუფაშვილი პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება.   


ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის საკონფერენციო დარბაზში, რომელიც ჟურნალისტებითაა გადატვირთული, მთავრობის ახალ შემადგენლობას ასახელებს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ფოტო

ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, 8 ოქტომბერს მთავრობის რამდენიმე წევრის კანდიდატურა დაასახელა.

ივანიშვილის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები არიან:

  • თავდაცვის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი;
  • რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – კახა კალაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები);
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნევლყოფის სამინისტრო – ამირან გამყრელიძე;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
  • სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო); 
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო); 
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები);
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია);
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე სურგულაძე (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

ივანიშვილს მთავრობის დანარჩენი წევრების კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. მათ შორის არიან: განათლების მინისტრი; ფინანსთა მინისტრი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი; ეკონომიკის მინისტრი; ენერგეტიკის მინისტრი; გარემოს დაცვის მინისტრი; დასაქმების მინისტრი – სავარაუდოდ ეს უკანასკნელი პოსტი, რომელიც არსებობის რამოდენიმე თვეს ითვლის, გაუქმდება. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები, რადგან "ძალიან ბევრი სამინისტროა" და ზოგი მათგანი შესაძლოა შეიკვეცოს. მან ასევე განაცხადა, რომ მოადგილეები მინისტრობის კანდიდატებმა თავად უნდა შეარჩიონ და შემდგომ შეათანხმონ კოალიციასთან.

ასევე 8 ოქტომბერს ივანიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურების წარდგენასთან ერთად განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება. 

ახალი მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ახლადარჩეულ პარლამენტს უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა ნდობის მოსაპოვებლად. 

იმ 13 პოსტიდან, რომლებიც ივანიშვილმა 8 ოქტომბერს დაასახელა, ექვსს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები დაიკავებენ; ოთხს – „თავისუფალი დემოკრატები“ და ერთს რესპუბლიკური პარტიის წევრი. ორი კანდიდატი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.

დასახელებული კანდიდატების უმეტესობა ასე თუ ისე ცნობილი სახეებია ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის უმეტესობას პოლიტიკაში ან საჯარო სამსახურში ყოფნის, სხვებს კი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ერთ–ერთი გამონაკლისია შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა, 30 წლის ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საფრანგეთში გააგრძელა სწავლა Paris-I, Panthéon-Sorbonne–ის უნივერსიტეტში. ღარიბაშვილი ბოლო რვა წლის მანძილზე მუშაობდა ივანიშვილთან და საქველმოქმედო ფონდს „ქართუ“ ხელმძღვანელობდა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკაში ჩართვამდე. ამჟამად ის ახალი პარლამენტის წევრია, თუმცა მას საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მოუწევს მას შემდეგ, რაც ის მთავრობის წევრი გახდება.    

მას შემდეგ, რაც შს მინისტრად დასახელდა, ღარიბაშვილმა თავის პრიორიტეტებს შორის უწყების დეპოლიტიზაცია და დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა დაასახელა.


ირაკლი ღარიბაშვილი (მარჯვნივ), მომავალი შს მინისტრი და სოზარ სუბარი (მარცხნივ), მომავალი სასჯელაღსრულების მინისტრი 8 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის ძირითადი შემადგებლობის წარდგენისას.  „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ფოტო

„პირველ რიგში, პოლიტიკა გაიმიჯნება სამინისტროსგან. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არ შეიცვლება – ვერავითარი კრიმინალი ვერ დაისადგურებს საქართველოში“, – განუცხადა ღარიბაშვილმა Civil.ge-ს 8 ოქტომბერს.

„სისტემა აბსოლუტურად გამჭირვალე იქნება“, – განაგრძო მან. „მე ვიქნები იმის გარანტი, რომ არავითარი პოლიტიკური დევნა არ იყოს პოლიციაში...  ვისაც უპატიებელი შეცდომა აქვს ქართველი ხალხის, ერის წინაშე, ისინი უნდა წარდგნენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე თავი აარიდა კითხვაზე პასუხს, მოხდება თუ არა სამინისტროს დაყოფა. ამჟამად, სამინისტროს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სტრუქტურები დაწყებული საპატრულო პოლიციიდან და უშიშროების ძალებიდან და დამთავრებული სანაპირო დაცვით. თუმცა, მან განაცხადა, რომ მინისტრად დამტკიცების შემდეგ წარადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების გეგმას.

37 წლის თეა წულუკიანი, რომელიც სავარაუდოდ ახალი იუსტიციის მინისტრი გახდება და რომელიც ამ პოსტზე ზურაბ ადეიშვილს შეცვლის, პოლიტიკაში 2010 წლიდან მოვიდა, როდესაც ის ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა. ის 1992–1997 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო 1998–2000 წლებში საფრანგეთის École Nationale d'Administration (ENA)–ში გააგრძელა სწავლა, რისი დამთავრების შემდეგაც მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიწყო მუშაობა – მან ეს სამსახური 2010 წელს დატოვა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა. წულუკიანმა 1 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნები მოიგო ნაძალადევის ერთმანდატიან ოლქში. 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანს, როგორც მომავალ იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სამართლებრივი სისტემის პროექტის მომზადება დაევალა.

მომავალი მთავრობის ახალი სახეები იქნებიან ლევან ყიფიანი, რომელიც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდება; ცნობილი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, აქამდე, ძირითადად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. კიდევ ერთი ახალი სახეა სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც კულტურის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელიც სავარაუდოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი და ვიცე–პრემიერი გახდება, ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში. კალაძემ, რომელიც 2011 წლის დეკემბრამდე, ვიდრე ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, იტალიური მილანის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო. მან მაჟორიტარული არჩევნები მშობლიურ სამტრედიაში მოიგო.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი და ივანიშვილის პარტიის წევრია. 2007–2010 წლებში იგი საქართველოს ელჩი იყო ნიდერლანდებში, ხოლო მანამდე გერმანიაში ეკავა ელჩის თანამდებობა. ჰოლანდიაში ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლების მიზეზად ფანჯიკიძემ მისი ნათესაური კავშირი დაასახელა ირაკლი ალასანიასთან, რომელიც იმ დროს ოპოზიციაში გადავიდა. ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცოლის დაა; ივანიშვილის მთავრობაში ალასანია თავდაცვის მინისტრობას პირველ ვიცე–პრემიერობასაც შეუთავსებს.

სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი სოზარ სუბარი 2004–2009 წლებში სახალხო დამცველი იყო. ახლა იგი მინისტრის პოსტზე ასევე ყოფილ სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეცვლის. ეს უკანასკნელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ციხის სკანდალის შემდეგ დანიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე. მას შემდეგ სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, სუბარი ამჟამად გაუქმებული „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე გახდა, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახდება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ელჩი იყო თურქმენეთში, სანამ 2009 წელს ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანდებოდა.

ასევე ყოფილი დიპლომატი და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კოტე სურგულაძე სახელმწიფო მინისტრი გახდება დიასპორის საკითხებში. სურგულაძე საქართველოს ყოფილი კონსულია გაერთიანებულ სამეფოში; წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი ქართველი ემიგრანტებს შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქტივობებს კურირებდა. 

რესპუბლიკური პარტიის დიდი ხნის წევრი და მიმომხილველი კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი გახდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოგვარების საკითხებში. ზაქარეიშვილი მწვავედ აკრიტიკებდა ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას სოხუმის და ცხინვალის მიმართ.


მარცხნიდან მარჯვნივ: მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე; მომავალი რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მომავალი ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძე. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ფოტო 

მომავალი მთავრობის ორ წევრს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ეკავათ მინისტრების თანამდებობები. ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრი იყო 2001 წლის ბოლოდან 2004 წლის იანვრამდე. იგი ახლა იგივე თანამდებობას დაიკავებს. დავით კირვალიძე, რომელიც 2000 წლების დასაწყისში სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ამავე პოსტს დაიკავებს ახალ მთავრობაში. კირვალიძე რესპუბლიკური პარტიის არჩეული დეპუტატის ვახტანგ ხმალაძის სიძეა. ხმალაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეიცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ხუთი წლის ვადით ირჩევა პარლამენტის მიერ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამჟამინდელი უფროსი, ლაშა თორდია, ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, 2012 წლის ივლისში იქნა არჩეული.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს, რომ „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო რევაზ შავიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჩაუდგეს სათავეში. 

ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო 1993–1998 წლებში, შავიშვილი კი კონტროლის პალატას 1992–2000 წლებში ხელმძღვანელობდა; ორივე მათგანი ეროვნული ფორუმიდანაა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან იცის იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის ამჟამინდელი ხელძღვანელების შეცვლის პროცესს შეიძლება მოყვეს, თუმცა დასძინა, რომ მისი კოალიცია ამ ძალისხმევას მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში განახორციელებს.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს, რომ მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა არჩილ კბილაშვილით ჩაანაცვლოს. ეს უკანასკნელი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. კბილაშვილი დიდი ხნის ადვოკატია, რომელიც ივანიშვილის უფლებებს იცავდა მთელ რიგ საქმეებში, მათ შორის მისი მოქალაქეობის საქმეში. კბილაშვილმა 1 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნები მოიგო ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში. 

კანონმდებლობის მიხედვით, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.  

დასახელებული 13–დან მინისტრობის ცხრა კანდიდატი და ასევე მთავარი პროკურორობის პრეტენდენტი 1 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს დეპუტატად. აქედან სამი გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია: კახა კალაძე სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში, თეა წულუკიანი – ნაძალადევში, არჩილ კბილაშვილი – ბაღდათში.

ახალარჩეული პარლამენტი სამივე მათგანის, ისევე როგოგორც პარტიული სიით გასული დანარჩენი კანდიდატების სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს და მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ მათ სადეპუტატო მანდატების დატოვება, რაც თავიანთ პოსტებზე დაინიშნებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

სამი მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში თავისუფალი იქნება მომავალი წლის ოქტომბრამდე, ვიდრე ადგილმონაცვლეების ასარჩევად შუალედური არჩევნები ჩატარდება, ხოლო პარტიული სიით არჩეულების კუთვნილ ადგილებს  სიით მომდევნო დეპუტატობის კანდიდატები დაიკავებენ.
 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45