Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატიმართა წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 სექ.'12 / 10:45


ფოტო ვიდეოდან, სადაც ციხის თანამშრომლები პატიმრებს ცემენ; უფრო შოკისმომგვრელი ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია პატიმართა ცოცხებით და ხელკეტებით გაუპატიურების ფაქტები ასევე 18 სექტემბერს გავრცელდა.

18 სექტემბერს რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც პატიმართა ცემის და გაუპატიურების ფაქტებია ასახული, რასაც, სავარაუდოდ, გლდანის მე–8 საპყრობილეში ჰქონდა ადგილი.      

შემზარავი ვიდეოკადრები, რამაც დაადასტურა დიდი ხნის მანძილზე არსებული ბრალდებები პატიმრების არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გავრცელდა. 

18 სექტემბერს გვიან ღამით ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“, სხვა ვიდეოებთან ერთად, დაუთარიღებელი ვიდეომასალა გაუშვეს, სადაც ნაჩვენებია, როგორ აუპატიურებენ ციხის მცველები ხელკეტით პატიმარს, ეს უკანასკნელი კი ეხვეწება მათ შეწყვიტონ ეს.

ამ ვიდეოს გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს დღისით განაცხადა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილის სამი თანამშრომელი იქნა დაკავებული პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო. სამინისტრომ ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, რომ ციხის ორი მცველი პატიმარს სცემს საკანში.

შსს–მ განაცხადა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილის პატიმრისგან, თამაზ თამაზაშვილისაგან.

თამაზაშვილი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამა და ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის მოკავშირის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ღარიბაშვილი ასევე იყრის კენჭს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. თამაზ თამაზაშვილი, კახეთის რეგიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება. მას იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი და სამწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. ივანიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ თამაზაშვილი „პოლიტიკური პატიმარია“; იმავდროულად, მმართველი პარტია, იმ მოტივით, რომ თამაზაშვილს მაღალი თანამდებობა ეკავა ვარდების რევოლუციამდე პერიოდში, ხშირად უტევს ივანიშვილს ყოფილ „კორუმპირებულ“ თანამდებობის პირებთან მისი კავშირების გამო. თამაზაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ გადაღებულ ერთ–ერთ ნეგატიურ სატელევიზიო რეკლამაშიც ფიგურირებს.

თავის განცხადებაში შსს–მ ასევე განაცხადა, რომ ციხის ერთ–ერთი დაკავებული თანამშრომლის, კერძოდ კი მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ლევან ფურცხვანიძის კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი  ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი.

შსს–მ ასევე განაცხადა, რომ  ერთ–ერთი ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ეს უკანასკნელი ოპერატიული მორიგე ინსპექტორი იყო, რომელიც 2012 წლის მაისში გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბედუკაძე შესაძლოა მთელი ამ ისტორიის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდეს.

შსს–ს ვესრიის თანახმად, „პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან“; თუმცა, სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რა იყო ამ სავარაუდო გარიგების მოტივი ან მიზანი.

ამ ოფიციალურ ვერსიას ახალი დეტალები დაემატა მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა სამშაბათს, რომ დამნაშავეთა მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაცია იყო.


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმოანიასთან გზა გადაკეთეს 19 სექტემბრის დამდეგს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

„ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომლებიც ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ხარჯზე ახდენდნენ ჩვენი სისტემის დისკრედიტაციას“, – განაცხადა კალმახელიძემ. „ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი კანონის ფარგლებში“.

კალმახელიძის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ექვსწუთიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია პატიმართა ცუდად მოპყრობის ფაქტები სავარაუდოდ მე–8 საპყრობილეში. ვიდეოში ნაჩვენებია სულ ცოტა 12 ციხის ბადრაგი და თანამშრომელი; რამდენიმე მათგანი პატიმარს ცემს, სხვები კი უყურებენ. შემდეგ ბადრაგებს სხვა პატიმარი მოყავთ და მასაც ცემენ. 2012 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეო, გავრცელებული ინფორმაციით, ფარულადაა ჩაწერილი ერთ–ერთი ბადრაგის მიერ, რადგანაც ერთ მომენტში, პიროვნება, რომელსაც ჩამწერი მოწყობილობა უჭირავს, საკნის კარს აღებს და ექვსი პატიმარი შემოყავს, რომლებიც კედელთან მდგარ პატიმრებს უერთდებიან და თავიანთ რიგს ელოდებიან. 

მას შემდეგ, რაც „მაესტრომ“ ეს კადრები გაუშვა, მოვლენათა ოფიციალური ვერსია ეჭვის ქვეშ დადგა, როდესაც „რუსთავი 2“–მა სამშაბათს გვიან ხათუნა კალმახელიძეს ჰკითხა, მონაწილეობდა თუ არა „მაესტროს“ მიერ გავცელებულ კადრებში ნაჩვენები ციხის ყველა თანამშრომელი სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაციის სავარაუდო გეგმაში, მინისტრმა უპასუხა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ადამიანი იყო ჩართული, ყველა მათგანი ძალიან მკაცრად დაისჯება. მან ასევე განაცხადა, რომ მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კიდევ უფრო შემზარავი ვიდეომასალა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ სამშაბათს გვიან გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აუპატიურებენ ციხის ბადრაგები პატიმარს ჯოხით; კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია საკნის კარზე მიბმული პატიმარი, რომელსაც ცოცხით აუპატიურებენ.

„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ვიდეომასალა მე–8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მოიპოვა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ბედუკაძემ, რომელიც შსს–ს თქმით პატიმართა არაადამიანური მოპყრობის გამო იძებნება, განუცხადა „მეცხრე არხს“ სკაიპის მეშვეობით, რომ შსს–ს მიერ გავრცლებული ვიდეომასალა დადგმულია და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ მცდარი სურათი შექმნას. მან ასევე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, არაფორმალურად კვლავ კურირებს სასჯელაღსრულების სისტემას.

მას შემდეგ, რაც პატიმართა გაუპატიურების შესახებ ვიდეომასალა გავრცელდა, მოსახლეობამ ფილარმონიასთან შეკრება დაიწყო, რადგანაც გავრცელდა ხმები, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფილარმონიაში „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მივიდა. მომიტინგეები ხათუნა კალმახელიძის და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაყენებას მოითხოვდნენ. საპროტექტო აქცია ღამის 3 საათის შემდეგ მშვიდობიანად დაიშალა.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც თავის ყოველწლიურ ანგარიშებში იტყობინებოდა მე–8 საპყრობილეში პატიმართა ცუდი მოპყრობის თაობაზე, განაცხადა, რომ პატიმართა წამების უკან მდგარი პირების დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია ამგვარი ვითარება. მისი თქმით, ხათუნა კალმახელიძის „პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“ უნდა დადგეს.

თავის ბოლო ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს, სახალხო დამცველმა განაცხადა:  „არასათანადო მოპყრობის სრული აღმოფხვრისთვის აუცილებელია თითოეული ამგვარი ფაქტის ეფექტური გამოძიება და დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა, რაც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს... სახალხო დამცველმა არაერთ ასეთ ფაქტზე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა გამოძიება ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება ან წყდება“.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების თაობაზე ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პატიმართა და დაკავებულთა ცუდი მოპყრობა და ასევე სახიფათოდ არასტანდარტული ციხის პირობები იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორისაა, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლინდა.

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
79