Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: საქართველო არ დაუშვებს მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არასტაბილურობა გადმოედოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აგვ.'12 / 22:09

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში, რუსეთთან საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის ახლოს მიმდინარე სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული „არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა რაიმე ფორმით გადმოედოს“ და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას.

ქართველ სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების გარეშე მან განაცხადა, რომ „საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტან–ჩეჩნეთის მიმართულებაზე გამოჩნდა კარგად შეიარაღებული“ და „ძალიან კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ჯგუფი“, რომელმაც მძევლად აიყვანა ადგილობრივი მოქალაქეები და მას შემდეგ, რაც მათ რამდენჯერმე უარი თქვეს დანებებაზე, დაიწყო შეტაკებები, რასაც „შეეწირა სამი ჩვენი მებრძოლი“. მისი თქმით, "შეიარაღებული რაზმის წევრთა აბსოლუტური უმეტესობა განადგურებულია", რაც უპილოტო თვითმფრინავების მიერ წარმოებული დაზვერვითაც დასტურდება.        

„ამ მოვლენებთან დაკავშირებით მე მინდა განვაცხადო შემდეგი რამ: 90–იან წლებში ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში იყო დიდი არეულობა სწორედ ამ რეგიონებში და ჩვენმა მეზობელმა მოახდინა თავისი არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე და გადმოიტანა თავისი პრობლემები აქეთ. შემოიყვანა თავის შეიარაღებული რაზმები აქეთ და ამას მოყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში, პანკისის ხეობაში. ამას მოყვა დიდი არეულობა საქართველოში, ამას მოყვა უამრავი ადამიანის მსხვერპლი, ადამიანის გატაცებები და კიდევ ბევრი უარყოფითი მოვლენა, რომელიც თან ახლდა 90–იან წლებში ჩრდილოეთიდან გადმოსული ტალღის ზეგავლენას საქართველოში“, – განაცხადა მან.

„ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა“, – განაცხადა მან ყვარელში თავის სახლის ეზოში მთების ფონზე ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში, „ამ მთების აქეთ, თუნდაც აქ ჩვენთან – კახეთში ჩვენ გვაქვს დიდი აღმშენებლობა და დიდი განვითარება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ დღეს სულ სხვა სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო 90–იან წლებში“.

„ჩვენ ქართული სახელმწიფო არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა რაიმე ფორმით გადმოედოს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას დ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მან.

შემდეგ სააკაშვილმა მიმართა „ჩრდილო კავკასიელ ძმებს“, რომ „ნუ გამოაყენებინებენ თავს პროვოკაციის ბრმა იარაღად. 

"ის არასტაბილურობა და არეულობა, რომელიც არის ამ მთების იქით, დარჩება ამ მთების იქით და ვერ გადმოვა აქეთ", – განაცხადა მან. 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მწყობრი ხედვა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის, კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის მქონე ტერიტორიის, ერთი პოლიტიკური და ისტორიული ხვედრის მქონე ხალხის. ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის, ყველანაირი ურთიერთობისთვის მათთან, ჩვენ მეზობლებთან. ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან ვიზიტორებს ტურისტებს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ან რაიმე სხვა ფორმით შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას, შეიარაღებული პირების თარეშს“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვყავს კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩვენ გვყავს არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მშვიდობიანი განვითარების მონაპოვრები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რა თქმა უნდა ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ემსხვერპლნენ ამ ბოლო დღეების მოვლენებს, მაგრამ ისინი შეეწირენ იმას, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და რომ საქართველო ვერავინ ვეღარასდროს ვეღარ არიოს“.

„ჩვენ ყველანი, მე, მთავრობის წევრები, ის ბიჭები, ვინც იცავენ საქართველოს, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ჯარისკაცები და ჩვენ შევძლებთ საქართველოში მშვიდობის შემდგომ დაცვასაც და საქართველოს განვითარების შეუფერხებელ გაგრძელებასაც. მინდა ამ მხრივ ყველა დავამშვიდო. ადგილობრივ ხალხს და ჩვენს საზოგადოებას არაფერი არ ემუქრება“, – აღნიშნა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.

„რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც პასუხი უნდა აგოს და ვინც ჩაიდინა ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა, ისინი, მათი მოქმედებები საქართველოში ბოლომდე იქნება აღკვეთილი და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ არასდროს ასეთი რამე საქართველოში ვინმემ არ ცადოს“, – განაგრძო მან, „მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი საქართველოში შემდგომ რაიმე მსგავსის განხორციელების ნებისმიერ მსურველთათვის“.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56