Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივნ.'12 / 17:19

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა 13 ივნისს განაცხადეს, რომ კონტროლის პალატის, პროკურატურისა და სასამართლოს ბოლო დროინდელი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ „სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება“.

„მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტურ მედიაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი დღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული“, – განაცხადა „ეს შენ გეხებამ“ თავის განცხადებაში.

მან მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ „ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, კონტროლის პალატის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ პარტიების წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული „ბრალდებები და გამოყენებული სანქციები, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ან ვარაუდებს ეყრდნობა“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ აქტივისტს გირაოს სახით 3 000 ლარის გადახდა დააკისრა 9 ივნისს მას შემდეგ, რაც წინა დღეს იმავე სასამართლომ სამ აქტივისტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხუთივეს ბრალად ედება ამომრჩეველთა მოსყიდვა „ოცნების“ ფლაერების დარიგების დროს.

11 ივნისს კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ რუსთავის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დაარღვია კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ, როდესაც აპრილში რუსთავის მაცხოვრებლებს ღვინო და ცხვარი დაურიგა და სასამართლოს მისი დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომელიც კამპანიის „ეს შენ გეხებას“ მონაწილეა, განაცხადა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება „არ არის თანმიმდევრული“, ვინაიდან მმართველი პარტიის წევრის ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა განხილულიყო და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„ეს შენ გეხებამ“ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა კონტროლის პალატას „შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში“ და „ერთნაირი ოპერატიულობით გამოიკვლიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა სამართალდარღვევებზე“.

კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს სასამართლო ხელისუფლებას „მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა“ და “უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მისცეს მათ სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად“, ასევე „განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს თავისუფლების აღმკვეთი ზომების გამოყენებას“. 

პროკურატურასთან მიმართებაში განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ უწყებამ  „ოპერატიულად“ უნდა შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული „დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც  მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომადგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება“. 

უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც უშიშროების საბჭოსთან ფუნქციონირებს, კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს გასცეს რეკომენდაციები იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლებიც ჩართულნი არიან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის ფაქტებში.

უწყებათაშორიმა კომისიამ, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მიზნით ჩამოყალიბდა, განაცხადა 13 ივნისს, რომ იგი სწავლობს რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც საჯარო სკოლების და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება შესაძლო პოლიტიკური მოტივებით. კომისიის თქმით, ერთი ასეთი შემთხვევის დროს ხარაგაულის საჯაროს სკოლის მასწავლებელმა განაცხადა, რომ იგი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე. კომისიის თქმით, მართალია ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა უარყო ეს ბრალდება, მაგრამ მან დაადასტურა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან. მისივე განმარტებით, საუბარი შეეხებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური კამპანიის წარმოების დაუშვებლობას. კომისიის თქმით, ცალკეულ პედაგოგებთან მიმართებით ამ ტიპის კომუნიკაცია უკვე წარმოადგენს „დისციპლინარულ დარღვევას“, რის გამოც ხარაგაულის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

13 ივნისს გავრცელებულ ცალკე განცხადებაში უწყებათაშორისმა კომისიამ განაცხადა, რომ მან ურჩია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ბენეფიციარმა განაცხადა, რომ მათი სოციალური დახმარებები შეაჩერეს იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციას უჭერდნენ მხარს. უწყებათაშორისმა კომისიამ განაცხადა, რომ მართალია ზოგიერთი ეს ბრალდება არ დადასტურდა, ხოლო რიგ შემთხვევაში დახმარების შეჩერება ლეგიტიმურად მოხდა, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა ურჩიოს ჯანდაცვის სამინისტროს საარჩევნო პერიოდში შეაჩეროს ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა შეფასების პროცესი, რათა  გამოირიცხოს პოლიტიკური ინსინუაციები.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76