Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:22 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა ‘ოცნების ფლაერების’ საქმეს ‘ამომრჩეველთა მოსყიდვის’ ნიშნების გამო იძიებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივნ.'12 / 11:50

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 6 ივნისს, რომ დაიწყო გამოძიება ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. ეს ბრალდება „ქართულმა ოცნებამ“ უარყო და ხელისუფლების „ბინძური ოპერაცია“ უწოდა. 

მთავარი პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა კონტროლის პალატის განცხადება, რომელმაც აღნიშნა 6 ივნისს, რომ ერთი დღით ადრე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები  ქუთაისში ამომრჩევლებს მატერიალური ფასეულობების გადაცემას პირდებოდნენ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა განაცხადა 5 ივნისს, რომ ქუთაისში 10 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქალაქში ფლაერებს ავრცელებდნენ, მოქალაქეებს მათში თავიანთი ოცნებების ჩაწერას სთავაზობდნენ და დაახლოებით, 1000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკას პირდებოდნენ. „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებში გამოწყობილმა რამდენიმე აქტივისტმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ „ქართული ოცნება“ ამ „ოცნებებს“ არჩევნებამდე შეასრულებდა და მხარდამჭერებს იმ საჩუქრებს გადასცემდა, რომლებიც მათ ფლაერებში ჩაწერეს.

“ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია” შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში და მას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. "საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა“, – აცხადებს პროკურატურა.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში აჩვენეს, არასოდეს არ ყოფილან ივანიშვილის პარტიის წევრები, თუმცა „ისინი არიან ჩვენთან ასოცირებული ახალგაზრდები“, რომლებიც არიან „ან მოტყუებულები, ან გადაბირებულები ან შეშინებულები ან კიდევ მოსული თავიდანვე სხვა მიზნებით“. მან ასევე განაცხადა, რომ ამ აქტივისტებს „მსგავსი დირექტივა არავისგან არ მიუღიათ“. ფანჯიკიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე ბევრჯერ განაცხადეს, რომ ფლაერების დარიგების მიზანი იყო ხალხის ქუთაისის აქციაზე მიწვევა და მისი ერთი ნაწილი იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მოქალაქეებს თავიანთი „ოცნებები“ ჩაეწერათ, რაც მიზნად ისახავდა მხარდამჭერთა გამოკითხვას მათი მოლოდინების თაობაზე.

ფანჯიკიძემ მოსყიდვის თაობაზე ბრალდებებს „კუდ–ის, კონტროლის პალატის და „რუსთავი 2“–ის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.

"ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და საერთო არაფერი აქვს კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობასა და გეგმებთან. ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით მათი ოცნებების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებით და ეკონომიკის აღმავლობით... ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას... ვინც ცდილობს სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მოქალაქეთა „ოცნებების“ შეგროვების ანალოგიური პრაქტიკა იქნა გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში 27 მაისს გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე, როდესაც მონაწილეები თავიანთ „ოცნებებს“ წერდნენ „ქართული ოცნების“ ფლაერებზე და აქტივისტებს უბრუნებდნენ. აქციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აფრთხილებდა მხარდამჭერებს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო „პროვოკაციების“ თაობაზე. კოალიციის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა „ქართული ოცნების“ სახელით მოსახლეობას დაურიგეს ფული მანიფესტაციაზე დასწრების სანაცვლოდ, რისი გადაღებაც სახელისუფლებო მედიის მეშვეობით ხდებოდა. მაშინ კოალიციამ მოუწოდა  მოსახლეობას უარი ეთქვათ მსგავს „გარიგებაზე“ და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფისთვის მიეწოდებინათ.

უახლესი ამბები
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55

Visitors
Since July 1, 2001