Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:26 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს აქებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მაი.'12 / 13:00

გორში, 6 მაისს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეაქო და მას სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდო გადასცა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მინისტრს შექება ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, ვინაიდან მას ჯერ კიდევ ბევრი „გამოცდა“ ელის წინ. 

პოლიციის აღლუმზე გამოსვლისას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების 5000 პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა, სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყნის ტრანსფორმაციაზე,  პოლიციის რეფორმაზე და საქართველოს მთელ რეგიონში და მის მიღმა „სამაგალითო“ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმების შედეგად ქართული პოლიცია საძულველი ინსტიტუტიდან, რომელიც ვარდების რევოლუციამდე „საფრთხის წყაროდ“ აღიქმებოდა, ისეთ პოლიციად გადაიქცა, რომელიც საზოგადოების ნდობის 90%–ით სარგებლობს და ამ რეიტინგში მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და საქართველოს შეიარაღებული ძალები უტოლდება.

„აურაცხელია საქართველოს პოლიციის ისტორიული დამსახურებები რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ მთავარი დამსახურება მაინც არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ  წარმოუდგენლად შეცვლა მენტალიტეტის, საზოგადოებრივი განწყობის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების... იმ საზოგადოებაში, რომელიც ითვლებოდა უკიდურესად კრიმინალიზირებულად, უკიდურესად არაკანონმორჩილად“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მოვახერხეთ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა. ეს არის დღევანდელი ეპოქის, დღევანდელი თაობის ის ისტორიული დამსახურება, რომელიც დარჩება შემდეგი 10 საუკუნის განმავლობაში, როგორც დღემდე შემორჩა ჩვენს ისტორიას, რომ დავით აღმაშენებელმა შეძლო ზუსტად იგივეს გაკეთება ათი საუკუნის წინანდელ საქართველოს ისტორიულ ეპოქაში. 10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მას შემდეგ საქართველოს არ უნახავს კონსოლიდირებული, იმ ეპოქისთვის თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა; ჩვენ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ ყველაზე რეკორდულად მოკლე დროში. ეს არის, რაც არის ყველაზე გამაოგნებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამის გამო საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისთვის მაგალითად იქცა. მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი „მოიწამლა“ საბჭოთა და რუსული იმპერიის პროპაგანდით და ისინი საქართველოს „მტრად“ აღიქვამდნენ. „ახლა ყველაფერი არის რადიკალურად შეცვლილი და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს საქართველოს დამპყრობლის ძალიან დიდ შეშფოთებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„კავკასიამ ნახა ორიენტირი – როგორც სამხრეთ კავკასიამ, ისე კავკასიის ორივე ქედის ხალხებმა, რა არის განვითარების მოდელი და ეს შევქმენით ყველამ ჩვენ ერთად“, – განაცხადა მან, „არა მხოლოდ კავკასია, დღეს უკრაინელები, მოლდოვას საზოგადოება, შუა აზიის ქვეყნები, რუსეთის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს განიხილავს, როგორც პროგრესული რეფორმების მამოძრავებელ ძალად“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არა მხოლოდ კავკასიისა და პოსტ–საბჭოთა სივრცისთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველო სამაგალითო ქვეყნად გადაიქცა და ამის მოტივად მან საქართველოში დანაშაულის დაბალი დონე დაასახელა.

„თუ ადრე ევროკავშირი 2004, 2005 წელს გვაკრიტიკებდა ზოგჯერ რაღაც რეფორმების გაუგებრობის გამო, დღეს რამდენიმე სემინარი ჩაატარეს თბილისში, სადაც ყველაზე განვითარებული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან ჩვენი რეფორმების გასაცნობად და შესასწავლად; ეს არის რეალობა“, – განაცხადა მან.

იმ ბრალდებებზე საუბრისას, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია, სააკაშვილმა განაცხადა: „ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიცია რომელიმე პარტიას არ ეკუთვნის, რომელიმე პრეზიდენტის ან მინისტრის პირადი გვარდია კი არ არის. ეს არის ხალხის საკუთრება, ეს ჩვენმა ხალხმა კარგად იცის და კარგად უნდა გაითავისონ პოლიტიკოსებმა“.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნის პოლიცია; ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკურ პროცესში პოლიცია არის ნეიტრალური და პოლიცია ყველას უდგება ერთიანი საზომით; პოლიცია არის მოწოდებული დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და არა ცალკე აღებული პოლიტიკოსები. სწორედ ის, რომ ჩვენ ვიცავთ წესრიგს ასევე ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი მცდელობა – როგორც არა ერთხელ იყო გასულ წლებში – ამ წესრიგის აყირავების შეიარაღებული ან სხვა გზით პასუხს მიიღებს საქართველოს პოლიციიდან და მთლიანად ქართული საზოგადოებიდან; ეს არის კიდევ ერთი მთავარი ჩვენი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ გასულ წლებში“, – განაცხადა მან. 

თავისი გამოსვლის ბოლოს მან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეაქო და იგი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი,  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელმაც ყველა ჩვენგანთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში. მას კიდევ დიდი გზა აქვს წინ, რა თქმა უნდა, და ამიტომ ჩვენ არ გვინდა ზედმეტი ქება შევასხათ. ბევრი გამოცდაა წინ და თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია მართლა იმსახურებდეს საზოგადოებრივ პატივისცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუთხრათ ადამიანს მადლობა უკვე გაწეულ ძალიან დიდ, მართლაც საზოგადოებრივ სახელმწიფო საქმიანობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.    

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გორი კარგი ადგილია პოლიციის აღლუმის ჩასატარებლად მტრის ჯიბრზე.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი აჭარაში 2004 წელს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, როდესაც აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე 8 წლის წინ, 6 მაისს იძულებული გახდა თანამდებობიდან წასულიყო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ 6 მაისს აღინიშნება „8 წლისთავი საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტის, ადგილობრივი ფეოდალის ასლან აბაშიძის გაძევების აჭარიდან და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების“.

უახლესი ამბები
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74

Visitors
Since July 1, 2001