Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:02 - 18 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გალის შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აპრ.'12 / 14:37

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან „შეშფოთება“ გამოხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 36–ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც გალში 24 აპრილს უნდა შემდგარიყო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რაც ასევე მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოს და სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელთა, ასევე სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრების თავმჯდომარე გაეროს წარმომადგენელია და მათ ასევე ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 36–ე შეხვედრა არ ჩატარდა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ მონაწილეობაზე უარი განაცხადა; მეორე დღეს სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 25 აპრილს განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზას“, რომ სოხუმი მზად არის განაგრძოს მონაწილეობა ამ მექანიზმის შეხვედრებში, თუმცა იმ პირობით, თუ სადამკვირვებლო მისიას შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენს და არა მისი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი.

სოხუმი ტიშკევიჩს გალში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის თხოვნის იგნორირებაში ადანაშაულებს. ჩირიკბამ განაცხადა, რომ როდესაც მან მარტში, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ტიშკევიჩს ჰკითხა, თუ რატომ უგულებელყოფს ის ამ საქმეებს, მისიის ხელმძღვანელმა, ჩირიკბას თქმით, უპასუხა, რომ მისია მაშინ გამოიძიებს ამ საქმეებს, მათ შორის აფხაზების „გვამებთან“ დაკავშირებით, როდესაც სოხუმი ევროკავშირის დამკვირვებლებს რეგიონის შიგნით შეუშვებს.

„მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა – ‘გვამები’; ეს დიდი უპატივცემულობა და ძალიან ცინიკური იყო“, – განუცხადა ჩირიკბამ „ეხო კავკაზას“.

25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ  „არ უნდა შეიქმნას ისეთი პრეცედენტი, რომელიც ყველა დაინტერსებული მხარის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავებს, კერძოდ კი ინტერესების, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მუშაობას გულისხმობს“. 

ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ არ უნდა შეიქმნას შეთანხმებული პრინციპების გადახედვის რაიმე პრეცედენტი, რაც ასევე გულისხმობს თითოეული მონაწილე მხარის უფლებას თავად განსაზღვროს, თუ ვინ წარმოადგენს მას შეხვედრებზე.

„ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. აქამდე ისინი მოქმედებდნენ იმ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებით, რომელიც ყველა მონაწილეს შორის იყო შეთანხმებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ხდება გადახედვა ამ პრინციპების ცალმხრივად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ქართული მხარის წარმომადგენელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე, სერგი კაპანაძემ 25 აპრილს.

ოფიციალური თბილისი ასევე აცხადებს, რომ სოხუმის პოზიცია მოსკოვიდან არის მართული; ამასთან, სოხუმში აცხადებენ, რომ არანაირი წინასწარი კონსულტაციები არ გაუვლიათ მოსკოვთან, ვიდრე ტიშკევიჩს „არასასურველ პირად“ გამოაცხადებდნენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მოდის მოსკოვიდან“, – განაცხადა კაპანაძემ. „მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ამ თემაზე არის მოსკოვი და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი, თუ რაიმე საფრთხე შეექმნება ჟენევის მოლაპარაკებებს“.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „კომპრომენტაციას“ და „დასუსტებას“ ცდილობს, თუმცა „ისინი ამას ვერ მიაღწევენ“.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ და ეს არის შეშფოთების საფუძველი, ასეთი ღია, ვიტყოდი, თავხედური მცდელობა რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტების მხრიდან“, – განაცხადა ბოკერიამ. 

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი „მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უსაფრთხოების საკითხების და ასევე ადგილზე არსებული სხვა გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად“.

„თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მონაწილეს უზრუნველყონ ჟენევის დისკუსიებთან მიმართებაში არსებული პროცედურების და მექანიზმების შენარჩუნება, მათ შორის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სრულად ფუნქციონირება, და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ შემდგომ ძალისხმევას“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

უახლესი ამბები
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნ.'13 13:11
ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
სასჯელაღსრულების სისტემის 16 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო; ერთს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45

Visitors
Since July 1, 2001