Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:56 - 25 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აპრ.'12 / 16:15

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა „იმ კონფრონტაციული პოზიციის გამო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უკავია“ და იგი „აფხაზური მხარის პოლიტიკური დაშანტაჟების მცდელობებში“ დაადანაშაულა.

„ბატონი ტიშკევიჩი უგულებელყოფს ჩვენს თხოვნებს და მიმართვებს და აფხაზეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის დაშვების არამართლზომიერ მოთხოვნებს აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში; თუმცა, სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები, ისევე როგორც რუსეთი, რომელსაც ჯარები ჰყავს ამ ორ რეგიონში განთავსებული, უკრძალავენ მისიას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლას.

„სადამკვირვებლო მისია ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით აშკარად არ არის მიდრეკილი, რომ მიუკერძოებელი მონიტორინგი განახორციელოს და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველ პროცესებს ობიექტური შეფასება მისცეს“, – ნათქვამია განცხადებაში, „კერძოდ, ბატონ ტიშკევიჩის ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რის შესახებაც რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა“.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა მარტში, რომ საქართველოს ხელისუფლება შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის.

„თავისი ქმედებებით, და უფრო ხშირად გულწრფელი უმოქმედობით, ბატონი ტიშკევიჩი ფაქტიურად ძირს უთხრის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურობას... ასევე საერთო ჯამში, მოლაპარაკებების პროცესის კონსტრუქციულ სულისკვეთებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე ადანაშაულებს ტიშკევიჩს აფხაზური მხარის მიმართ „უპატივცემულობაში“.

პოლონეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად შარშან ივლისში დაინიშნა; მან ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი, ჰანსიორგ ჰაბერი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩამოსვლის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობდა ამ მისიას.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აფხაზური მხარის უარი მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რომელიც ასევე უზრუნველყოფს ცხელ ხაზს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოს და აფხაზეთის წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრები რუსული ძალების და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს წარმომადგენლების თანდასწრებით იმართება.

ჩვეულებრივ, ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გალში თვეში ერთხელ იმათება, სადაც ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გალში 23 მარტს გამართულ ბოლო შეხვედრაზე, მონაწილეებმა „მკვლელობების, სროლის და დაკარგული პირის შესახებ“ ინფორმაცია გაცვალეს.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში 36–ე შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა ის არ ჩატარდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებას შემდგომი შეხვედრების პერსპექტივაზე. სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ აღნიშნა განცხადებაში, რომ სოხუმს ამ მექანიზმის შენარჩუნება „მნიშვნელოვნად“ მიაჩნია.

უახლესი ამბები
25 მაი.'13 12:56
დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას“ გაიმართა
ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული კონტრდემონსტრანტებთან დაპირისპირების აღსაკვეთად.
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42

Visitors
Since July 1, 2001