Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:20 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ანგარიში: პარლამენტის ახალ შენობაზე სულ ცოტა 73.7 მლნ ლარი დაიხარჯა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 აპრ.'12 / 12:09


CMD Ingenieros–ის დაპროექტებული პარლამენტის ახალი შენობის მაკეტი. დიზაინერთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის გამოხატულება იქნება. პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

გასული სამი წლის მანძილზე 73.7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის, თუმცა სახელმწიფო სახსრების ხარჯვა „სრულიად გაუმჭირვალეა“, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშში, რომელიც 23 აპრილს გამოქვეყნდა.

თავის 12–გვერდიან ანგარიშში, რომელიც დეტალურად განიხილავს მშენებლობის იმ სამართლებრივ ასპექტებს, რომლებიც პროექტის ფინანსებს ეხება, საია აცხადებს, რომ პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფაქტიურად „საიდუმლოა“.

საიას მიერ მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე სულ 45 განცხადება გაიგზავნა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ კერძო კომპანიაში, მათ შორის ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში; საქართველოს მთავრობაში; ფინანსთა სამინისტროში; რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში; მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო ფონდში. გამოთხოვილ ინფორმაციას შორის იყო მონაცემები პროექტის შესახებ, ასევე მისი ხარჯთაღრიცხვის, მშენებლობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მიღება–ჩაბარების აქტების შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაცია ან საერთოდ არ იქნა მოწოდებული, ან მხოლოდ ნაწილობრივ, ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მას საიდუმლოდ ხდის, „მონიტორინგის განხორციელების დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სრულიად დაფარული იყო“, ნათქვამია ანგარიშში.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2009–2011 წლებში 73.77 მილიონი ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან პარლამენტის მშენებლობის პროექტისთვის (200 000 ლარი – 2009 წელს; 68.42 მილიონი ლარი – 2010 წელს და 5.14 მილიონი ლარი – 2011 წელს). 

„73 775 300 ლარი განიკარგა აბსოლუტურად ბუნდოვნად და, შესაძლოა, კორუფციულად, რადგან სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების ლეგიტიმურ საფუძველს“, – ნათქვამია საიას ანგარიშში.

2011 წლის თებერვლამდე ქუთაისის მერია იყო ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა დაუკვეთა, თუმცა შემდეგ იგი სახელმწიფო მომსახურების ბიურომ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში  ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩამოაყალიბა. ამ კომპანიამაც უარი განაცხადა საიას თხოვნაზე პროექტის და მისი ფინანსების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

ხელისუფლება პარლამენტის ახალი შენობის გახსნას, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, 26 მაისს გეგმავს. ამ შენობაში განთავსდება 2012 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი. თუმცა რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელზეც ამჟამად მსჯელობენ დეპუტატები, 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შესაძლებელია გაიმართოს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.

პარლამენტის ახალი შენობის დამპროექტებელელთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის გამოხატულება იქნება. CMD Ingenieros–ის დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.  

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ 2009 წლის დეკემბერში "დიდების მემორიალი“ ააფეთქა. აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა და მას დედა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

უახლესი ამბები
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40

Visitors
Since July 1, 2001