Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 აპრ.'12 / 19:33


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბრიუსელში 19აპრილს ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომამდე ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ხვდება. ფოტო: ნატო 

ნატოს მიერ საქართველოს „ასპირანტ“ ქვეყნად მოხსენიება, ასევე საქართველოს „რემილიტარიზაცია“ მოსკოვის „შეშფოთებას“, „სინანულს“ და „სიფრთხილეს“ იწვევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 19 აპრილს.

ბრიუსელში ნატო–რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, წააქეზა პრეზიდენტი სააკაშვილი იმავე წლის აგვისტოში „ცხინვალზე თავდასხმა განეხორციელებინა“.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართველმა ჟურნალისტმა სთხოვა კომენტარი ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ალიანსს კვლავ აქვს „პრინციპული უთანხმოებები“ რუსეთთან საქართველოსთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ყველას გაეგო, რომ ნატოს წევრები კვლავაც უჭერენ მხარს საქართველოს ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ლავროვმა, „ეს ჩვენში სინანულს იწვევს“.

„ჩვენი პოზიცია კარგადაა ცნობილი. დღესაც ვუთხარი ამის შესახებ კოლეგებს. ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ერთი საათის მანძილზე არ მწიფდებოდა. 2008 წლის დასაწყისიდანვე ჩვენ ე.წ. „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ სხვა წევრებთან ერთად ვცდილობდით შეგვემუშავებინა დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარე მოაწერდა ხელს. საქართველო ამის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მე [აშშ–ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს] კონდოლიზა რაისსაც ვესაუბრე რამდენჯერმე. და მან მითხრა, რომ მას ვერაფერს უხერხებს, და საერთოდ, განაცხადა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან თუ ის ძალას გამოიყენებს, შეუძლია საერთოდ დაივიწყოს დასავლეთთან, ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ. იმავე პერიოდში ბუქარესტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო შევა ნატოში. ვფიქრობ, ამან ძლიერ იმოქმედა მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკაზე, რომელმაც ალბათ ირწმუნა საკუთარი დაუსჯელობა. და მას შემდეგ, რაც ის თავს დაესხა ცხინვალს და რუს სამშვიდობოებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ“, – განაცხადა ლავროვმა.

„ის ფაქტი, რომ ახლა ჩვენი პარტნიორები ნატოდან თავიანთ შიდა დოკუმენტებში საქართველოს ე.წ. ასპირანტ ქვეყნებს შორის მოიხსენიებენ, ჩვენში შეშფოთებას და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სიფრთხილეს იწვევს, რადგანაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიდის“, – განაცხადა მან.

საქართველო "ასპირანტ" ქვეყნად პირველად ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2011 წლის 7 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაში მოიხსენიეს, რასაც რუსეთის პროტესტი მოჰყვა. მაშინ ლავროვმა განაცხადა, რომ „გულწრფელად გააფრთხილა“ თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა, შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი „2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურისკენ“ წააქეზოს.  

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მიაღწია სამხედრო მიწოდებების სრულ აღდგენას და პირობას, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი.

„თუმცა, საერთო ჯამში, როგორც მე მესმის, ეს მომხდარის მისეული ინტერპრეტაციაა, მას უყვარს ინტერპრეტირება, მაგრამ ჩვენში ეს ყველაფერი შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში ამ კაცის კიდევ ერთი ავანტიურის გამო“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მე შევახსენე ჩვენს კოლეგებს, რომ ჩვენი სამშვიდობოების პოზიციებს ბომბავდნენ, ჩვენ მოქალაქეებს კლავდნენ, იმ კაცის სახელით და ბრძანებით კლავდნენ, რომელსაც დაპირდნენ ბუქარესტის სამიტზე, რომ ნატოში მიიღებდნენ, იმ იარაღით კლავდნენ, რომელიც საქართველოს ალიანსში შემავალმა ბევრმა ქვეყანამ მიაწოდა და ის სამხედროები კლავდნენ, რომელთაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინსტრუქტორები წვრთნიდნენ“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „ეთიკური თვალსაზრისით“ ეს „მკრეხელობაა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვს "აღიზიანებს" არა მხოლოდ "მომავალი აუცილებელი გაწევრიანება ნატოში", არამედ თავად "საქართველოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყნის". 

"პოლიტიკურ ელიტას კრემლში ორი არჩევანი აქვთ: ან მიეჩვიონ იმას, რომ საქართველოს აქვს უფლება და ამ უფლებას გამოიყენებს, რომ გაწევრიანდეს იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ეს სურთ; ან მოსკოვს მოუწევს ამის ყურება და უსიამოვნოდ წუხილი, როგორც თვითონ თქვა [ლავროვმა] კბილების ღრჭიალით,  ამასთან შეგუება", – განუცხადა ვაშაძემ ბრიუსელში ქართულ მედიას.  

მისი თქმით, რუსეთი „ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში“ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, მათ შორის 5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, "ტოჩკა–უ"–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, ზალპური ცეცხლის სისტემების „ურაგანის“ და „სმერჩის“, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ს-300 განლაგებით. მან ასევე ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კავკასიაში და სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუსეთის სამხედრო პოტენციალს.

„ეს არის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკასია–2012“, რომლითაც შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ რეგიონის აბსოლუტურად ყველა ქვეყანა და რომლის მთავარი მიზანი და რომლის განხორციელების მთავარი მიზეზი არის ერთი დარტყმით წაართვას დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25