Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:02 - 18 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონგრესმენ მაკდერმოტის ინიცირებული კანონპროექტი საქართველოზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'12 / 18:30

აშშ–ის დემოკრატი კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ კვირის დასაწყისში კონგრესში შეტანილი კანონპროექტის გაშუქებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა, რომ მან „აშშ–ს სთხოვა შეეჩერებინა დახმარება“ საქართველოსთვის; ამ ბრალდების საპასუხოდ ივანიშვილის მხარდამჭერებმა ტელეკომპანია და საქართველოს ხელისუფლება ცილისწამებაში დაადანაშაულეს.

კანონპროექტი „საქართველოს რესპუბლიკის 2012 წლის დემოკრატიის აქტი“, რომელიც კონგრესმენმა მაკდერმოტმა 26 მარტს წარადგინა, 2013 წლიდან საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი არ „დაადასტურებს“, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა“.

პირველად ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ EurasiaNet–ის ბლოგზე, „The Bug Pit“, გავრცელდა, სათაურით „ივანიშვილის ვაშინგტონური ლობირება შედეგს იმკის“. კანონპროექტის ტექსტი ბლოგის ავტორს, მის გამოქვეყნებამდე, იმ PR–კომპანიამ გაუგზავნა, რომელიც ივანიშვილზე მუშაობს.

„სკანდალური კანონპროექტი, რომელიც ქართველი ოლიგარქის დაკვეთით მომზადდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შეჩერებას ითხოვს“, – ასე დაიწყო ამ თემაზე საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „კურიერის“ წამყვანმა 27 მარტს, „დოკუმენტი კონგრესში განსახილველად ბიძინა ივანიშვილის ლობისტმა კომპანიებმა მოამზადეს. კანონპროექტის ინიციატორად კი ის დემოკრატი კონგრესმენი შეარჩიეს, რომელსაც საქართველოს შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს... ბრძოლა ხელისუფლებისა თუ ქვეყნის წინააღმდეგ?“

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს იმაში, რომ ლობისტების მეშვეობით შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა... მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული მიზანია ქვეყნის განვითარება და ამის საპირისპიროდ ის ცდილობს იმას, რომ ეს მხარდაჭერა შეწყდეს საქართველოს მიმართ“, – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა „რუსთავი 2“–ს. 

ივანიშვილის კოალიციის წევრმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით 28 მარტს პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის ინფორმაცია ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ ამ სახელისუფლებო არხის ხანგრძლივი „ცილისწამების“ კამპანიის ნაწილია და მას „პროპაგანდისტული განზრახვა“ აქვს.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის თანახმად, აშშ–ის დახმარება საქართველოსთვის მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.

„ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია; აქ არანაირ შეთქმულებაზე და საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებზე არ არის ლაპარაკი“, – განაცხადა ხიდაშელმა, „ეს არის საქართველოს მეგობრების – საქართველოს და არა მიხეილ სააკაშვილის – აქტი, საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის, დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და წახალისებისთვის; ასე რომ, რაიმე ტიპის სპეკულაციები ამ თვალსაზრისით უბრალოდ უსინდისობაა და მეტი არაფერი“.

კანონპროექტში, რომელშიც ივანიშვილი ცამეტჯერ არის ნახსენები, ნათქვამია, რომ „სააკაშვილის რეჟიმმა ერთიანი, აგრესიული კამპანია დაიწყო“, რათა ძირი გამოუთხაროს ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ შესაძლებლობას, რომ „საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიას დაუპირისპირდეს“.    

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ იმისთვის დააფუძნა, რომ „საქართველოს მთავრობაზე სააკაშვილის მზარდ დიქტატორულ კონტროლს დაუპირისპირდეს“.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ „დემოკრატია საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და პოლიტიკური თავისუფლება და პოლიტიკურ პარტიებს შორის სამართლიანი კონკურენცია დარტყმის ქვეშ არის“.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გააძლიერა ივანიშვილის მხარდამჭერთა დევნა და დაპატიმრება“ და, რომ „2012 წლის მარტში ასობით ოპოზიციონერი მხარდამჭერი იქნა დაკავებული“. სავარაუდოდ, აქ საუბარია კონტროლის პალატის მიერ ოპოზიციის აქტივისტების დასაკითხად დაბარებაზე, რომლის ფარგლებშიც არცერთი დაკითხულის დაკავება არ მომხდარა. 25 მარტს პოლიციამ ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების აქტივისტი დააკავა ზუგდიდში. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მათი აქტივისტის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, ხოლო მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს გამოგონილი.

კანონპროექტში ასევე ნახსენებია თებერვლის ბოლოს ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების შემთხვევაც; კანონპროექტი ამ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებს და ქიმერიძეს „ივანიშვილის მხარდამჭერად“ მოიხსენიებს. მართალია ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია მოითხოვდა ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებების დადგენას, მაგრამ არასდროს გაკეთებულა რაიმე მინიშნება, თუნდაც „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, რომ ქიმერიძე რამენაირად დაკავშირებული იყო პოლიტიკასთან ან ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. 

„არადემოკრატიული საქართველო დესტაბილიზაციას გამოიწვევს ფეთქებადსაშიშ რეგიონში და კონფლიქტების შესაძლებლობას გაზრდის. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მოვალეობაა ნათლად გადასცეს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თუ იგი კვლავაც განაგრძობს თავის კურსს და არ უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული განსაკუთრებულ ურთიერთობა რისკის ქვეშ დადგება“, – ნათქვამია კანონპროექტში.

27 მარტს „რუსთავი 2“–ის სპეციალურმა კორესპონდენტმა ვაშინგტონიდან, რომელმაც რამდენიმე ექსპერტი გამოკითხა, დაასკვნა, რომ კანონპროექტი ჩავარდნისთვისაა განწირული.

უახლესი ამბები
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნ.'13 13:11
ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
სასჯელაღსრულების სისტემის 16 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო; ერთს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43

Visitors
Since July 1, 2001