Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:20 - 1 ოქტ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიათა შესახებ კანონის სადავო ნორმების უმეტესობა შეიცვლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'12 / 16:07

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის სადავო ნორმების უმეტესობა გადაიხედება – საბოლოო შეთანხმებას ამ საკითხზე მმართველი პარტიის დეპუტატებმა და კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ეფუძნება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება ინიცირებული – დაახლოებით, სამ თვეში პარლამენტის მიერ დეკემბერში კანონში სადავო ცვლილებების მიღებიდან.

ცვლილებების თანახმად, აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის დეფინიცია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებდა იმ პირთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლებოდა გავრცელებულიყო კონტროლის პალატის მონიტორინგის არეალში მათი მოქცევის გზით და რაც შეშფოთების ერთ–ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ახალი ნორმის თანახმად, პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება იმ პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს შესაბამის მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასევე გავრცელდება იმ პირზე, რომელსაც ამ კანონის არაერთგზის დარღვევისთვის დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ან დარღვევა უკავშირდება 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას.

ზემოთ ჩამოთვლილ პირთა წრე განისაზღვრება კანონის 261 მუხლით, რომელიც ამჟამად მოქმედი რედაქციით, დაკავშირებულ პირების დეფინიციას მოიცავს. 

ამასთან, ამ შეზღუდვების მიზანია საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭირვალობის უზრუნველყოფა.

ახალი ნორმის თანახმად, შეზღუდვების ფარგლებში არ ექცევა ეკონომიკური ან სამეწარმეო საქმიანობა, საკუთრების უფლება და სხვა კერძო სამართლებრივი უფლებები და თავისუფლებები, თუ ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ანდა არ ხორციელდება კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, გავრცელედება ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე, რომლის მიზანიც არის კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდება. 

ამასთან, კანონში ნათლად ჩაიწერება, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა მიზანიც არის პარტიების ინსტიტუციური განვითარება და მათი საქმიანობა არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებას.

ამჟამად მოქმედ კანონში არსებულ ჩამონათვალს, რომ შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებული იქნას გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ, დაემატება ასევე „წინასაარჩევნო აგიტაციაც“.

პარტიების მიმართ ამჟამად მოქმედი შეზღუდვა, რომ მისი საერთო წლიური შემოსავლები და ასევე ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს წინა წლის მშპ–ის 0.2%–ს, ნაწილობრივ შეიცვლება და ეს ზღვრული ოდენობა მხოლოდ ხარჯებზე გავრცელდება და მოიცავს პარტიის ან მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეულ ხარჯებს.

ამასთან, ახალი რეგულაციებით, შემოწირულობად ჩაითვლება პარტიის ან 261 მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდასაჭერად ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზნით გაწეული ფულადი სახსრები, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით გაცემული მატერიალური ფასეულობა ან მომსახურება. შემოწირულობად არ ჩაითვლება  მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაო.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 3 დღიდან 5 სამუშაო დღემდე იზრდება ვადა, როცა პარტიამ შემოწირულობის მიღების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატას უნდა გადასცეს. ასევე 5 დღე გახდება ის ვადაც, როცა პარტია ვალდებულია, რომ დარღვევის შემთხვევაში უკან დააბრუნოს თანხა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ არ იცოდა შემოწირულობის უკანონობის შესახებ, მისთვის ფულის უკან დაბრუნების ვალდებულება წამოიშვება იმ მომენტიდან, როცა მას ამას კონტროლის პალატა მოსთხოვს.  

კონტროლის პალატასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უფრო ცხადად გაიწერება კანონმდებლობაში. საბოლოო ფორმულირებები კანონპროექტის ინიცირების შემდეგ გახდება ნათელი.

თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კონტროლის პალატა უფლებამოსილი იქნება პირისგან მოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ მას ექნება „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ ეს პირი 261 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეს მიეკუთვნება.

დაგეგმილი ცვლილებებით, დარღვევის შემთხვევაში დადგენილი ჯარიმის ათმაგი ოდენობა განახევრდება და ხუთმაგზე დავა, თუმცა დარღვევის განმეორების შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება ექნება კვლავაც ჯარიმის ათმაგი ოდენობა დააწესოს.

ეს სანქცია კონტროლის პალატამ უკვე სამჯერ გამოიყენა ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ამასთან, გაიზრდება სასამართლოს როლი. კერძოდ, კონტროლის პალატა ვალდებული იქნება, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საქალაქო სასამართლოს განსახილველად. ანალოგიურად უნდა მოიქცეს კონტროლის პალატა იმ შემთხვევაში, თუ ყადაღას დაადებს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს.

თუმცა ახალი რეგულაციით, ყადაღა, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება და მის მოქმედებას გასაჩივრება არ შეაჩერებს, შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს არა მთლიან ქონებას, არამედ მხოლოდ მის ნაწილს.

ახალი ინიციატივის თანახმად გაწერილია ის ვადებიც, რომელშიც სასამართლო კონტროლის პალატის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ყადაღის დადასტურების საკითხს განიხილავს. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას 48 საათში იღებს, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ასევე 48 საათში გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

გარდა ამისა, პარტიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება, რომ ამ კანონით დადგენილი ნორმების არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების თხოვნით მიმართოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის დაწესებულ სადამჯელო რეგულაციებში ცვლილებასაც ითხოვდნენ. მათი წინადადება, რომ ამ კუთხით 100 ლარს ქვევით არსებული გარიგება ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯილიყო, გათვალისწინებულია.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა სრულად არ გაიზიარეს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ამომრჩევლები მოსყიდვის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულიყვნენ. თუ, რომელიმე ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიისაგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას, ის 3 წლით თავისუფლების აღკვეთას კვლავაც დაექვემდებარება, თუმცა თუ მოითხოვს ამგვარ დახმარებას, მაშინ მასზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება, კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში. დღეს მოქმედი რეგულაციით ამომრჩევლების ორივე ეს ქმედება 3–წლიანი პატიმრობით ისჯება.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მმართველმა პარტიამ ასევე არ გაიზიარა მათი წინადადება, რომ კანონიდან ამოღებული იქნას ის მუხლი, რომელიც პარტიისთვის შემოწირულობის 500 ათას ლარიან ჯამურ ზედა ზღვარს უწესებს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან. კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.  იურიდიულ პირებს შემოწირულობების გაკეთება საერთოდ ეკრძალებათ.

პარტიათა შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებას არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებისათვის საარჩევნო ხარჯებზე ზედა ზღვარის დაწესების თაობაზე, რისი გაანგარიშებაც სპეციალური ფორმულით მოხდება. ეს საკითხი პარტიების შესახებ კანონით საერთოდ არ ყოფილა აქამდე დარეგულირებული.

საკანონმდებლო ინიციატივაში ასევე შევა მმართველი პარტიის მიერ იანვრის ბოლოს წარმოდგენილ წინადადება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიების ნაწილისთვის საარჩევნო წელს დამატებითი სახელმწიფო სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვის მიზნით.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთი მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის მიუხედავად, პოზიტიურად აფასებენ.

“მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა დიდწილად გაიზიარა ის შეთავაზებები, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ,“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ, „რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოში და საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები არ რჩება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სხვა თემებზეც, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად“.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტრუქციულმა კომუნიკაციამ პარლამენტთან და აქტიური კამპანიის წარმოებამ ძალიან კარგი შედეგი ამ ეტაპისთვის უკვე გამოიღო,“– აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.    

“ის ვარიანტი, რაზეც დღეს შევთანხმდით, არის კარგი და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ.  რა თქმა უნდა, გამონაკლისი არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ერთი ნაწილი და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვიმუშავოთ,“– განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მთელი რიგი ფორმულირებები იცვლება, მისი არსი იგივე რჩება.

“კანონის მიზანი კვლავ იქნება გამჭირვალეობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და კვლავ იქნება სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის“, – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
01 ოქტ.'14 17:20
ევროკომისრობის კანდიდატი საქართველოს შესახებ
იოჰანეს ჰანმა განუცხადა ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოში ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი; მან  შიდა „დაძაბულობის“ მოხსნის საჭიროებაც აღნიშნა.
01 ოქტ.'14 16:45
2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
01 ოქტ.'14 13:28
ღარიბაშვილი: ‘განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში’
პრემიერ-მინისტრმა 1 ოქტომბერს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.
30 სექ.'14 17:22
კანონპროექტი უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე შეზღუდვებს უწესებს
უცხოელს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ჰა მიწის შეძენა შეეძლება, თუ მას საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება მაინც აქვს.
30 სექ.'14 13:35
წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში მშპ-ის ზრდამ 5.2% შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა.
29 სექ.'14 17:06
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პარლამენტს ერთხელ უკვე დაწუნებული კანდიდატები ხელმეორედ წარუდგინა
ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა მხარს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს.
29 სექ.'14 16:15
აფხაზეთის ლიდერმა ახალი პრემიერ–მინისტრი დანიშნა
ეს თანამდებობა ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერმა, ბესლან ბუთბამ დაიკავა.
29 სექ.'14 13:20
საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სტამბოლში
მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
29 სექ.'14 12:06
ლავროვი ევრო–ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
გაეროში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ეს ქვეყნები არ უნდა დადგნენ არჩევანის წინაშე „ან ჩვენთან ერთად, ან ჩვენს წინააღმდეგ“.
27 სექ.'14 15:44
გაეროში პრემიერი საქართველოს ‘მნიშვნელოვან პროგრესზე’ საუბრობს
თავისი 20–წუთიანი გამოსვლა მან თავისუფლებისკენ „საქართველოს განუხრელ ტრანსფორმაციაზე“ საუბრით დაიწყო.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62