Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:31 - 23 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტსა და დეპუტატ ბაღათურიას შორის დებატების დროს დაპირისპირება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 თებ.'12 / 03:17

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც კამათი მოუვიდა ჯონდი ბაღათურიასთან, ქართული დასის ლიდერთან და დეპუტატთან ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისათვის“, როდესაც ის პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს გამდიდრებაში სდებდა ბრალს, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დროებით დატოვა.

პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის ფარგლებში გამართული დებატების დროს ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიზნესები არ ჰქონდათ.

“დღეს თქვენ ხართ ერთ –ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული“, – განუცხადა მან სააკაშვილს თავის გამოსვლაში.

“თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი,“– განაგრძო მან, „ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის...“.

ამ მომენტში ბაღათურიას პრეზიდენტმა გამოსვლა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი მამა არა ბალნეოლოგიურის მფლობელი, არამედ დირექტორია.

„ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა,“– უთხრა მან ბაღათურიას და მას შემდეგ, რაც ბაღათურიამ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა განაგრძო: „მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“.

„აი ეს არის თქვენი ზრდილობა. აი ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“, – განუცხადა მან სააკაშვილს, რომელმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა.

ამ ინციდენტს პარლამენტის დარბაზიდან მმართველი პარტიის დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

ინციდენტიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და მოგვიანებით განაცხადა: „ახლა გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“.

ბაღათურიას გამოსვლამდე, მისი თანაფრაქციელი გია ცაგარეიშვილი, პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გამოვიდა სიტყვით და ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნის შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. მან შეახსენა, რომ სწორედ ამგვარად მოიქცა სააკაშვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო.

სააკაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ამ ხელისუფლებაში დაჭაობება“. 

“ჩვენ არ გვაქვს ვილები, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი“, – განაცხადა მან,  „[იუსტიციის მინისტრის] ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ ზურა ადეიშვილმა ააშენა და გააკეთა ბოლო წლების და თვეების განმავლობაში რამდენიმე მაგარი ტბა [ყვარელში], ათობით იუსტიციის სახლი, ხელი შეუწყო ასეულობით სასტუმროს და ტურისტული ობიექტების მშენებლობას...  ვანო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს ისეთივე გაღლეტილია დღეს“.

“მე თქვენ გეტყვით რატომ არ გაქვს თქვენ მომავალი“, – მიმართა მან ოპონენტებს,  „იმიტომ, რომ თქვენ დარჩით წარსულში. მე არ მინდა ვთქვა ჩაირეცხეთ წარსულში, გაიჭედეთ წარსულში... რა პოლიტიკოსებიც არ უნდა დაგაპრივატოთ ხან ერთმა ფულიანმა კაცმა, ხან მეორემ და ხან მესამემ... ყოველთვის თქვენი გახმოვანების ინსტრუმენტი იქნება ტყუილი“.

ცაგარეიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა მისი გუნდი დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ „ამას ვეღარ შეძლებთ“.

“თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. მიბაძეთ ჯორჯ ვაშინგტონს და ნუ დაემსგავსებით ვლადიმერ პუტინს“, – განუცხადა მან სააკაშვილს.

პრეზიდენტმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ ისაუბრა „შემცვლელებზე“ და აღნიშნა, რომ საქართველო დარჩება არა „შევარდნაძის მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების“ და „ჯონდების და მათი პატრონების“ ხელში, არამედ მომავალი თაობის, რომელიც „ახლა მოდის პოლიტიკაში“.

“თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ, რომ გვითხრას სააკაშვილმა რას გააკეთებს 2013 წელს. რადგან თქვენ ამ კითხვას სვამთ ჩემო მეგობრებო, ე.ი. აბსოლუტურად დარწმუნებით შეგუებული ხართ, რაც არ უნდა იბაქიბუქოთ, რომ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული გაქვთ. ხომ ასეა?“ –  განაცხადა მან.

მისი თქმით, შეიძლება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არ მოხდეს, მაგრამ თუ ოპოზიცია წავა პოლიტიკურ რისკზე, ხელს გაანძრევს და იმოძრავებს, მაშინ „აუცილებლად ბედი ერთხელ გაგიღიმებთ“.

“მინდა გითხართ, რომ არა მხოლოდ ხელს არ ავიღებთ იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იბრძოლოს ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, როგორც პრეზიდენტი ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური“, – განაცხადა მან.

„როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თუ მანამდე არ გადამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ უკვე როგორც ლიდერი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

უახლესი ამბები
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84