Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის მოძრაობა, მისი შემომწირველი და კომპანია 600 000 ლარით დაჯარიმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'12 / 18:00

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი დონორი კერძო პირი და ამ შემომწირველის დამსაქმებელი კომპანია, თითოეული, 200 000 ლარით დაჯარიმდნენ იმ შემოწირულობის გამო, რომელიც კონტროლის პალატის შეფასებით, უკანონო იყო, რადგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ რეგულაციების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.

20 თებერვალს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ქართუ ჯგუფში შემავალი კომპანიის, „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელმა თავისი დამსაქმებლისგან  40 000 ლარის ოდენობით „უჩვეულოდ მაღალი პრემია“ მიიღო, რომლის ნახევარიც მან მალევე „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა შემოწირულობის სახით.

„ქართული ოცნება“ ფორმალურად არ არის პოლიტიკური პარტია, თუმცა მონიტორინგის სფეროში მოექცა, როგორც კონტროლის პალატა ამბობს, „გაცხადებული პოლიტიკური მიზნების“ გამო.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის მიერ „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული შემოწირულობა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის მაგალითია. ახალი რეგულაციები კრძალავს იურიდიული პირების მიერ პარტიებისა და იმ პირების დაფინანსებას, რომლებიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ კავშირში არიან პოლიტიკურ პარტიებთან. ამ რეგულაციებით, მაქსიმუმ 60 ათასი ლარის შემოწირულობის გაღების უფლება აქვთ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.  

20 თებერვალს კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებას“ იმ 20 000 ლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რომელიც „უკანონო სქემით“ იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების გამოყენების შესახებ გააფრთხილა, რომელთა შორის იყო 20 000 ლარის კონფისკაცია და საეჭვო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმება.  

„ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც იანვრის ბოლოს, კონტროლის პალატის თქმით, თვალთმაქცური გარიგების გზით მიღებული 1.1 მილიონი ლარის დაბრუნება მოუწია, ამჯერად განაცხადა, რომ ის არ აპირებდა კონტროლის პალატის „უკანონო მოწოდება“ შეესრულებინა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეს შემოწირულობა კანონის შესაბამისად იქნა მიღებული და კონტროლის პალატა კერძო კომპანიის და მისი თანამშრომლის საქმეში უკანონოდ ჩარევაში დაადანაშაულა.

27 თებერვალს კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ მან „უკანონო შემოწირულობაში“ მონაწილე სამივე სუბიექტის დაჯარიმება გადაწყვიტა – „ქართუ მშენებელის“, მისი თანამშრომლის და „ქართული ოცნების“ – თითოეულის 200 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა სადავო შემოწირულობის ათმაგი ოდენობაა. ამასთან ერთად, თავად 20 000 ლარის შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ საქმის შესწავლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი გადაურიცხა, თვეში 1 000 ლარი აქვს ხელფასი და მანამდე, „რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში“ ფულადი პრემია დამსაქმებლისგან არასდროს მიუღია. 40 000 ლარის ოდენობის პრემია მისთვის პირველი და  „სრულიად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან“, განაცხადა კონტროლის პალატამ.

„ჩვენი ინფორმაციით, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო და მსგავსი სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტების პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება“, – განაცხადა კონტროლის პალატამ 27 თებერვალს, „ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
80