Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:28 - 29 სექ.'16
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკანონმდებლო ცვლილებები პარტიათა დაფინანსებას ზღუდავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ნოე.'11 / 20:10

  • იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ;
  • მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათას ლარიანი ლიმიტის ფარგლებში;
  • ფიზიკური პირების შემოწირულობების ზღვარი გაორმაგდება 60 ათას ლარამდე;
  • პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
  • პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ–ის 0.2%–ს;
  • ყველა ფინანსური ტრანსაქცია უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს;
  • პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა;
  • პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს კონტროლის პალატა გაწევს, ცესკოს ნაცვლად.


კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი ქუთაისში. ეს უწყება ჩაანაცვლებს ცესკოს პარტიების დაფინანსების მაკონტროლებლის რანგში იმ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ფოტო: კონტროლის პალატის ვებ–გვერდი 

იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს და ფინანსურ ლიმიტებს აწესებს – ეს ცვლილებები ჯერ ოფიციალურად ინიცირებული არ არის, თუმცა გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის.

აღნიშნული ცვლილებები შედის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და ამ ეტაპზე, არ ეხება საარჩევნო კოდექსის იმ დებულებებს, რომელიც პარტიათა საარჩევნო ფონდების დაფინანსების წესებს ცალკე არეგულირებს. საარჩევნო კოდექსის პროექტში კვლავინდებურად არის გათვალისწინებული იურიდიული პირების უფლება არაუმეტეს 200 ათასი ლარი შეიტანონ პარტიათა კამპანიის ფონდებში –  ეს დებულება მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ზაფხულში მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

მმართველი პარტიის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 22 ნოემბერს Civil.ge-ს განუცხადა, რომ იმის მიხედვით, თუ რა ვარიანტზე მოხდება ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე პარტიების დაფინანსების საკითხებზე შეჯერება, იგივე რეგულაციები აისახება საარჩევნო კოდექსის პროექტშიც, რომელზეც საბოლოო მოსაზრებებს ვენეციის კომისია დეკემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს.

ხელისუფლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების მოტივად ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის GRECO–ს, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ასახელებს. თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკაში მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება.

ცვლილებების პროექტში წარმოდგენილი ახალი ნორმის თანახმად, პარტიებს ეკრძალებათ ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება „იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებებისა ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან“.

არსებული კანონმდებლობით, თითოეულ იურიდიულ პირს შეუძლია პარტიას წელიწადში მაქსიმუმ 100 000 ლარი შესწიროს, ხოლო ფიზიკურ პირს – 30 ათასი ლარი.

კანონპროექტით, 60 000 ლარამდე ორმაგდება ფიზიკური პირებისაგან წლიური შემოწირულობების მოცულობა. ამასთან, მოქალაქეს შეეძლება წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ გააკეთოს შემოწირულობა, თუმცა მათი ჯამური ოდენობა დადგენილ ზღვრულ მოცულობას – 60 000 ლარს – არ უნდა აჭარბებდეს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიისთვის შემოწირულობას ვერ განახორციელებს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15%-ზე მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ გამარტივებული წესით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.

სხვა პირთა მეშვეობით შემოწირულობების გაკეთება გამოიწვევს შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებას, ხოლო ამ ქმედებაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ნათქვამია პროექტში.

შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ლიმიტები წესდება პარტიაში საწევრო შენატანებზე, რაც პარტიათა დაფინანსების ერთ–ერთ წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, საწევროს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს პარტიის თითოეული წევრისაგან.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, პარტიის საწევროები და მოქალაქეთა ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობები პარტიას შეეძლება მიიღოს მხოლოდ გადარიცხვის წესით. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, ბანკების გვერდის ავლით, პარტიას შეწირონ ნაღდი ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შენატანი წელიწადში 300 ლარს არ აღემატება. 

კანონპროექტის ახალი ნორმის თანახმად, „პარტიას ეკრძალება  კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველო მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“.

ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება იურიდიულ პირებზეც, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებულნი პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან მათ კონტროლ ქვეშ; წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებენ ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. ამასთან, კანონპროექტი განმარტავს, რომ იურიდიული პირის „პირდაპირი ან არაპირდაპირი“ კავშირი პარტიასთან ნიშნავს იმას, რომ მისი „ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ  არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან“.

კანონპროექტი აწესებს ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, პარტიას სესხის აღების უფლება ექნება მხოლოდ ბანკში და არა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან. ამასთან, კომერციულ ბანკს უწესდება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ წლის განმავლობაში ყველა დაშვებული წყაროდან მიღებული ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%–ს.

ამ ნორმის მიღების შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონპროექტის თანახმად, თუ რომელიმე პარტია ამ ზღვარს გადასცდება, ვალდებულია ჭარბი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.

კანონპროექტის მიხედვით, პარტიათა დაფინანსება იკრძალება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ იმ საწარმოს ეკრძალება შემოწირულობების გაკეთება, რომელშიც სახელმწიფო წილი 10%–ს აღემატება. სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვა არ ვრცელდება იმ საბიუჯეტო დონაციებზე, რომლებსაც პარტიები წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის საფუძველზე ყოველწლიურად იღებენ.

კანონპროექტის თანახმად, კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით.

კონტროლის პალატა გახდება პასუხისმგებელი შეადგინოს პარტიათა საფინანსო დეკლარაციების ფორმა და აუდიტის სტანდარტები. ამასთან, მას ექნება ვალდებულება, რომ თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს პარტიათა მიერ წარდგენილი დეკლარაციები, რომელშიც, ახალი დებულების თანახმად, პარტია ვალდებული იქნება ასევე ასახოს „მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული, ან სხვაგვარად მის კონტროლს ქვეშ მყოფი იურიდიული პირების ხარჯები“.

კანონპროექტის თანახმად, კონტროლის პალატას ენიჭება უფლებამოსილება შეამოწმოს არა მხოლოდ საფინანსო დეკლარაციის, არამედ პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის „სისრულე, სისწორე და კანონიერება“. მას ასევე ექნება წვდომა პარტიის ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეუძლია გამოითხოვოს, მათ შორის კომერციული ბანკებიდან. 

კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატას შეეძლება პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და სანქციები გამოიყენოს; ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს პროკურატურას.

პროექტის თანახმად, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
29 სექ.'16 16:28
ნაციონალური მოძრაობა თბილისში 5 ოქტომბერს კამპანიის დასკვნითი აქციის გამართვას გეგმავს
ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობასაც გეგმავს.
28 სექ.'16 18:26
ქართულმა ოცნებამ ამერიკული ლობისტური, PR კომპანიები დაიქირავა
მმართველი პარტია Impact Management Group–ს 320 000 აშშ დოლარს უხდის აშშ–ში „ლობისტური მომსახურების“ გასაწევად.
28 სექ.'16 13:03
ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
ბოლო თვეში ეროვნულმა ბანკმა სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში, 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
28 სექ.'16 12:46
„გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პოლიტიკური გაყრის შემდეგ ბურჭულაძე და ჯაფარიძე ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ.
27 სექ.'16 18:09
„ეს შენ გეხება“: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე არანაკლებ ‘აღმაშფოთებელია’ მისი შინაარსი
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ „ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული“.
27 სექ.'16 15:48
აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების დაგეგმვის მუხლით გამოძიება დაიწყო
ნაციონალური მოძრაობა უარყოფს „რევოლუციის“ დაგეგმვას და აუდიო ჩანაწერს დამონტაჟებულს უწოდებს.
27 სექ.'16 12:22
კვირიკაშვილი ‘სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს’ შერიგების შესახებ საუბრობს
„ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
26 სექ.'16 19:29
ეუთოს საარჩევნო დამკვირვებლების შუალედური ანგარიში
„კამპანიის ტონი კონფრონტაციულია“, განაცხადა ეუთოს გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ.
26 სექ.'16 18:40
სააკაშვილი ზუგდიდში მხარდამჭერებს უკრაინიდან ჩაერთო და უთხრა: ‘არჩევნებში გამარჯვება გარდაუვალია’
ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში 26 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია გამართა.
24 სექ.'16 15:38
ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა
მან საყვედურით ჰკითხა ბიზნესმენებს, თუ აკეთებენ საკმარისს, რათა ამომრჩევლებს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები აუხსნან.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2016, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41