Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის სიტყვა გაეროში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'11 / 13:07


სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოდის, 22 სექტემბერი. ფოტო: გაერო 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის თავზე დროა ყველამ გაათვიცნობიეროს, რომ მსოფლიო შეიცვალა და არც ერთ მთავრობას ან არმიას, რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს ის, არ შეუძლია „ერთპიროვნულად და თავისუფლად დაშალოს ნაწილებად სუვერენული ქვეყნები“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

მან თავისი ოცწუთიანი გამოსვლა ორი საიუბილეო თარიღის გარშემო ააგო – 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლასა და 10 წლის წინ 11 სექტემბერს აშშ–ში მომხდარი ტრაგედიაზე – და განაცხადა, რომ „განცვიფრებულია“ იმის გამო, რომ ასამბლეაზე მის წინ გამოსული 43 ლიდერიდან არც ერთმა არ ახსენა ეს ორი „ღირშესანიშნავი თარიღი“.  

რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერს პუტინის მიერ 2005 წელს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, „ნამდვილად არ ყოფილა, როგორც ერთმა ნოსტალგიით შეპყრობილმა ლიდერმა განაცხადა, ‘მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა’“. მისი თქმით, ეს არც ისტორიის დასასრულია, როგორადაც მას ზოგიერთი ექსპერტი და დიპლომატი აფასებს. 

11 სექტემბრის ნიუ–იორკისა და ვაშინგტონის ტერაქტებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რეალური კატასტროფა“ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წლის თავზე მოხდა, რამაც ყველას შეახსენა, რომ მსოფლიო „ბრძოლის ველად“ რჩება. 

მისი თქმით, ფერადი რევოლუციები, დემოკრატიის პროგრესი აფრიკაში და სულ ცოტა ხნის წინანდელი არაბული გაზაფხული – „არცერთი ეს შესაძლებელი არ იქნებოდა, თუ ისევ იარსებებდა საბჭოთა კავშირი, როგორც გლობალური მოთამაშე და გლობალური საფრთხე“.

მათ, ვინც აგებენ „მენტალურ და ფიზიკურ კედლებს “ და ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას საფრთხედ მიიჩნევენ, „მინდა ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბერში დასრულდა და მათ არ უნდა ეშინოდეთ დემოკრატი მეზობლების, რომლებსაც უფრო ფართო დემოკრატიულ კავშირებში გაერთიანება სურთ “, განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის შესახებ მან აღნიშნა, რომ ერთი წლის თავზე, როდესაც მან პირობა დადო, რომ საქართველო „არასდროს გამოიყენებდა ძალას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საკუთარი რეგიონების გასათავისუფლებლად“, თბილისი კვლავაც ელის მოსკოვისგან საპასუხო ნაბიჯს.

სააკაშვილმა ძალის არ გამოყენების პირობა შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში გამოსვლისას დადო.

„სამწუხაროდ, დიალოგის ნაცვლად, პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უამრავი ტერორისტული აქტის სახით მივიღეთ. დამტკიცდა, რომ თავდასხმების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, როგორც ეს სხვადასხვა საერთაშორისო სუბიექტებმა დაადასტურეს, უშუალოდ რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრების მიერ ხდებოდა“, – განუცხადა მან გაეროს განერალურ ასამბლეას. 

„ახლა, როდესაც მე აქ ვსაუბრობ, რუსეთის ფედერაციას სამხედრო ძალით ოკუპირებული აქვს სუვერენული საქართველოს ტერიტორიის 20%... მაშინ, როდესაც მე აქ ვსაუბრობ, 500 000 იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი ქვეყნისა, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონზე ნაკლებია, იტანჯება, რადგანაც მათ წართმეული აქვთ უფლება – უფლება, რომელიც მრავალჯერ ყოფილა დადასტურებული სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ – დაბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და სოფლებში“.

„მათ არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, რადგან მოსკოვში, იქაურმა ლიდერმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მათი სახლები აღარ ეკუთვნით მათ. ამგვარ ცინიზმს და სისასტიკეს ჩვენ ვპასუხობთ სამართლიანობით და მშვიდობისთვის მზადყოფნით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა ეს ჯერ კიდევ უნდა გააცნობიეროს და შეწყვიტოს ფიქრი გავლენის სფეროებზე, ახლო სამეზობლოში ტერიტორიების ბატონობასა და ნულოვან ჯამიან თამაშებზე.  ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ემბარგო, შანტაჟი და სასტიკი დიქტატურა კვლავაც გრძელდება უკრაინის, მოლდოვას თუ ბელარუსის წინააღმდეგ. ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ბალტიის ქვეყნებიც კი აწყდებიან თავიანთი დემოკრატიული პოლიტიკური ლანდშაფტის  მანიპულირების შემთხვევებს და ნეო-კოლონიალურ თამაშებს მათ უმცირესობებთან“, – განაცხადა მან.  

კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, რასაც მან გაეროში შარშანდელი გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის გაღვივების ძველი საბჭოური ჩვევა კვლავ ძალაშია“, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში. მისი თქმით, ეს რეგიონი „შავ ხვრელად“ იქცა, სადაც ადგილი აქვს „სასტიკ ძალადობას,  ათი, ასი ათასობით მკვიდრის გადასახლებას და დახოცვას“.

„საქართველო ამ სასტიკ საფრთხეს პასუხობს საზღვრების გახსნით, ხალხის მოპატიჟებით [საქართველოში]“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა თბილისის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის 90–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ მოვიდნენ „ახალგაზრდა რეფორმატორები“ ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, რომელთაც მაშინვე დაიწყეს რეფორმები და „შეცდომების“ მიუხედავად, „განსაცვიფრებელი შედეგები“ მიიღეს, მიაღწიეს რა „ყველაზე დიდ პროგრესს  Transparency International-ის კორუფციის ინდექსში 2003 წლის შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით“ და საქართველოს გადაქცევას „მსოფლიოში ერთ–ერთ უმარტივეს ადგილად ბიზნესის კეთების თვალსაზრისით“.

„გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება და ჩვენ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ გავაგრძელოთ რეფორმების გზა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
105