Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის არჩევნები მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'11 / 13:02

170 საარჩევნო უბანი გაიხსნა 26 აგვისტოს დილის 8 საათზე სეპარატისტულ აფხაზეთში, სადაც რეგიონის რიგით მესამე ლიდერს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, იტყობინება „აფსნიპრესი“ პარასკევს დილით.

საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რეგიონში 143 735 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ორი დამატებითი საარჩევნო უბანია გახსნილი მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში, მეზობელ ყარაჩაი–ჩერქეზეთში.

ამომრჩეველთა, დაახლოებით, 24% გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე შუადღისთვის, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ცესკო.  

ელექტორატის ნახევარზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რათა ის ჩატარებულად გამოცხადდეს.

სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსკენ 7 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული უმეტესად ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში. არჩევნების დღისთვის გალელ ამომრჩეველთა ოდენობა 10 ათასამდე გაიზარდა. გალის მხოლოდ იმ მაცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვისაც აფხაზური პასპორტები აქვთ აღებული.

დე ფაქტო პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა სერგეი შამბამ და რაულ ხაჯიმბამ შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. მათ ერთობლივად მიმართეს პარლამენტს კანონის შესწორების თხოვნით, რათა არჩევნების დღეს რეგისტრაციის უფლება აკრძალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მესამე კონკურენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელსაც ზურგს მმართველი პარტია უმაგრებს,  აღიარა „ნაკლოვანებები“, მან უარი თქვა შეერთებოდა ამ მიმართვას და განაცხადა, რომ არასწორი იყო საარჩევნო კოდექსის კარსმომდგარი არჩევნების წინ შეცვლა. 

არჩევნების წინა დღეს რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, ყველა ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა პარლამენტმა და ცესკომ უგულებელყვეს, რაც გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ხელისუფლებას არანაირი განზრახვა არ გააჩნია, რომ ობიექტური და გამჭირვალე არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა.

სერგეი შამბამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ იგი „ამომრჩეველთა მოტყუებას“ არ დაუშვებს.

ოფიციალურმა მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდება“.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორიც არ უნდა იყოს აფხაზი ხალხის არჩევანი, რუსეთთან მეგობრობის კურსი უცვლელი დარჩება, რადგანაც ის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულ ტრადიციებს, მეგობრობის შესახებ შეთანხმებას, თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხალხების ინტერესებს პასუხობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 25 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების თქმით, რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რამდენიმე ათეული უცხოელი დამკვირვებელი ჩავიდა.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადეს.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ  ამ  არჩევნების იგნორირება მოახდინა... ჩვენ არ გვითხოვია მათთვის, რომ თავიანთი ჩამოსვლისას აფხაზეთი ეღიარებინათ, არამედ მკაფიო დამოუკიდებელი შეფასება გაეკეთებინათ არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 25 აგვისტოს ღვინჯიას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდა  საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროპული სტრუქტურების მეშვეობით ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათზე, ვინც ჩამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ უმრავლესობა მაინც ჩამოვიდა“, – განაცხადა მან.

თბილისი აფხაზურ არჩევნებს „არალეგიტიმურად“ მიიჩნევს იმის გამო, რომ ის „ოკუპაციის პირობებში“ ტარდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85