Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი დეპუტატების რაოდენობის დაგეგმილი გაზრდის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივლ.'11 / 13:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 ივლისს, რომ პირადად მას დეპუტატების რაოდენობის გაზრდა  ”მაინცდამაინც გულზე არ ეხატება”, თუმცა მისი პარტია იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ წინადადებას ოპოზიციასთან კომპრომისის მიღწევის მიზნით.

მან განაცხადა, რომ 27 ივნისს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე „ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან“ შეთანხმების მიღწევა ”მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება” იყო.

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი  დეპუტატთა რაოდენობის  გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო“, – უპასუხა მან კითხვაზე, რომელიც  26 ივლისს ბათუმში თავის პოლონელ კოლეგასთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს 2010 წლის ნოემბრიდან აწარმოებდნენ. ოპოზიციის მიერ მოლაპარაკებების პროცესში არც ერთი საჯაროდ წარმოდგენილი წერილობითი შემოთავაზება არ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის გაზრდას. ეს იდეა პირველად 2011 წლის მარტში გაჩნდა, როდესაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საკუთარი წინადადებები წამოაყენა. მმართველი პარტიის მიერ ივნისის ბოლოს წარმოდგენილი შეცვილი წინადადებები კვლავ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდას. სწორედ ეს უკანასკნელი მოდელი გახდა მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის შეთანხმების საფუძველი. ოპოზიციურ რვიანში შემავალი პარტიებიდან ექვსმა უარი თქვა ამ შეთანხმებას შეერთებოდა.

„მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პირიქით, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს.  სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

"მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით  რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“, – განაცხადა მან, "მიგვაჩნია, რომ იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დემოკრატია ჩვენთვის ერთგვარი დაცვაა. ჩვენ გვაქვს პლურალისტული მედია, ამიტომ ქართველები მაინცდამაინც უცხოურ ტელევიზიებზე არ არიან დამოკიდებული, იმიტომ რომ ადგილზე შეგიძლია ნებისმიერი ტელევიზიიდან ნებისმიერი პრესის საშუალების ნახვა. ჩვენ გვყავს კარგად განვითარებული პოლიტიკური კლასი, რაც ასევე სერიოზული დაცვაა იმისათვის, რომ საქართველოს შიგნიდან დესტაბილიზაცია ვერ მოხდეს“.

მმართველი პარტიის შემოთავაზება დეპუტატების რაოდენობის ზრდის თაობაზე სამართლებრივი დაბრკოლების წინაშე დგას, აცხადებენ ოპონენტები, რადგანაც დეპუტატების რაოდენობა 2003 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილებით შემცირდა და ამ გადაწყვეტილების გადახედვა მხოლოდ ახალი რეფერენდუმითაა შესაძლებელი.

თავად პრეზიდენტი სააკაშვილი დეპუტატების რაოდენობის 150–მდე შემცირების ძლიერი მხარდამჭერი იყო. პარლამენტში 2005 წლის 10 თებერვალს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მან დეპუტატებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდა, რომლითაც დეპუტატების რაოდენობა 2003 რეფერენდუმის გადაწყვეტილებათან მოვიდოდა შესაბამისობაში.

“2,300,000 ამომრჩეველმა განაცხადა [2003 წლის რეფერენდუმის დროს], რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150-ს, და თუ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, ეს იქნება იმ ამორჩეველთა დამცირება“, – განაცხადა სააკაშვილმა 2005 წლის 10 თებერვალს.

2005 წლის 17 თებერვალს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომლითაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 150-მდე შემცირდა. იმ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: “ის, რომ პარლამენტმა, მისმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირების ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელიც უსმენს ამომრჩევლის ნებას”.

2008 წლის მარტში, როდესაც საარჩევნო სისტემის გარშემო დავა მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის თანხმობის შემთხვევაში, ის მზადაა გადახედოს რეფერენდუმის შედეგებს და 150 წევრიანი პარლამენტის რაოდენობა პროპორციული მანდატების ხარჯზე გაზარდოს.

”თქვენ იცით, რომ რეფერენდუმის შედეგი იყო 150 კაციანი პარლამენტი, მაგრამ თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, სხვადასხვა პარტიებს შორის კონსენსუსს, ჩვენ მზად ვართ ასევე, რა თქმა უნდა, ავუხსნათ ჩვენ ხალხს, რომ ამისთვის ღირს 45 თუ 35 ადგილის დამატება, მაგრამ იმ პირობებში, თუ ყველა პოლიტიკური ძალა ამაზე შეთანხმდება,”– განაცხადა სააკაშვილმა 2008 წლის 18 მარტს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39