Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფოტოგრაფების საქმე შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივლ.'11 / 13:20

(განახლებული ტექსტი მოიცავს ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის კომენტარს მე–5, მე–6 და მე–7 აბზაცებში)

ალბათობა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმე სექტემბერში დაგეგმილ სასამართლომდე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამივე ფოტოგრაფმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, აღიარებითი ჩვენებების მიცემაზე თანხმობა განაცხადა.

ყველა დაკავებული ფოტოგრაფის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ძალზედ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად უფლებადამცველების კრიტიკის საგანია - საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება. 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საპროცესო შეთანხმება ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დამტკიცდეს და მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება ძალდატანებით არ მოხდა. მოსამართლემ ასევე უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. ბევრი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეების დიდ უმრავლესობაში ეს პროცედურა უბრალო ფორმალობაა და უმრავლეს შემთხვევებში მოსამართლეები საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ. 

გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა Civil.ge–ს, რომ ზურაბ ქურციკიძე, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტი, იმ პირობით დათანხმდა აღიარებითი ჩვენების მიცემას და საპროცესო შეთანხმების მიღწევას, თუ მისი ჩვენება კონფიდენციალური დარჩება და არ გახდება საჯარო. იმავე წყარომ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებით ქურციკიძეს, სავარაუდოდ, პირობითი სასჯელი შეეფარდება. 

ქურციკიძის ადვოკატმა დაუდასტურა Civil.ge-ს, რომ მისმა კლიენტმა აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა არანაირი პირობები არ წამოუყენებია. 

"არანაირ წინაპირობას აღიარებითი ჩვენების მიცემის დროს ქურციკიძის მხრიდან ადგილი არ ქონია, ჩვეულებრივად ადვოკატების თანდასწრებით მისცა ჩვენება", – განუცხადა Civil.ge–ს ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.

მისი თქმით, "ჯერ–ჯერობით" საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე "საუბარი არ არის".

გიორგი აბდალაძემ, სხვადასხვა მედია საშუალებებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფმა, აღიარებითი ჩვენება 16 ივლისს მისცა. მანამდე აბდალაძე დაჟინებით აცხადებდა, რომ ის უდანაშაულო იყო.

აბდალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი აღიარების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ.

პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ აღიარებითი ჩვენება 9 ივლისს მისცა. გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი, დანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა ის 9 ივლისს ჯერ გაათავისუფლეს და შემდეგ კი სასამართლომ გირაო შეუფარდა.

თავის აღიარებით ჩვენებაში გედენიძემ ქურციკიძე „ჯაშუშური ქსელის“ სავარაუდო ხელმძღვანელად წარმოაჩინა, რომელმაც აიძულა ინფორმაცია მიეწოდებინა.

თუმცა, გამოძიების ბოლო ოფიციალური ვერსიის თანახმად, სამივე ფოტოგრაფი რუსულმა დაზვერვამ ცალ–ცალკე გადაიბირა და ისინი მოგვიანებით დაუკავშირა ერთმანეთს. ამ ოფიციალური ვერსიის თანახმად, გედენიძე უკვე მუშაობდა რუსულ დაზვერვაზე იმ დროს, როდესაც ხუთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო ფოტოგრაფად მუშაობა.

ბევრი ჟურნალისტი და მედია აქტივისტი, რომლებიც აქტიურ კამპანიას აწარმოებენ საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით, დაკავებული ფოტოგრაფების აღიარებითი ჩვენენების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ „საეჭვო აღიარებები“ არ პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც მათ საქმესთან დაკავშირებით გააჩნიათ; ისინი აგრძელებენ კამპანიას, რათა საქმეში არსებული მტკიცებულებები ხელმისაწვდომი გახდეს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84