Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
'ფოტოგრაფების საქმის გამოძიება უკვე დასრულებისკენ მიდის'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'11 / 18:52


წითელ რკალში ჩასმული გადახაზული ფოტოკამერის გამოსახულება წარწერით “No Pictures - No Democracy” ფოტოგრაფების დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო გახდა. შაბათს საღამოს, რამდენიმე ადგილობრივი მედია საშუალება, მათ შორის „მაესტროს“ ტელე და რადიო სადგურები; ტელეკომპანია „კავკასია“; გორში მდებარე ტელეკომპანია „თრიალეთი“; ბათუმში მდებარე „25–ე არხი“; Obieqtivi.net; PalitraTV.ge და რადიოსადგური „პალიტრა“ ერთდროულად გადასცემენ პირდაპირ ეთერში ერთსაათიან ერთობლივ პროგრამას, სადაც დაკავებულ ფოტოგრაფთა საქმეს განიხილავენ.

ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების საქმის გამოძიება "უკვე დასასრულისკენ მიდის“ და სასამართლო პროცესი  "უახლოეს მომავალში დაიწყება“, განაცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 15 ივლისს.

“მე არ ვიცი ეს თარიღი –  პირველი სექტემბერი  – საიდან მოდის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა უფრო ადრე სასამართლო პროცესი დაიწყოს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

დაკავებული ფოტოგრაფების ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც 8 ივლისს საქალაქო სასამართლომ მათ კლიენტებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადეს, რომ სასამართლოში საქმის წინასწარი მოსმენა 1 სექტემბრისთვის დაინიშნა.

15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში Civil.ge-ს დაუდასტურეს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს წინასწარი მოსმენა 1 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, უტიაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა ჟურნალისტის კითხვას, მისცეს თუ არა აღიარებითი ჩვენება დაკავებულმა ფოტოგრაფებმა ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტმა და გიორგი აბდალაძემ დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფმა.

"მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გავამხილო ეს ინფორმაცია,“– განაცხადა მან.

უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას არ აპირებს. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს „ღია სასამართლო პროცესზე“ თავად მიეცემათ ამ მტკიცებულებების გაცნობის საშუალება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების "მთელ საქმეს გრიფი "საიდუმლო“ არ ადევს“.

"ამ საქმეში საიდუმლო იქნება მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დოკუმენტებისა, რომელსაც ამ საქმის გარეშეც ედო გრიფი "საიდუმლო“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ხომ არ დაარღვია მან უდანაშაულობის პრეზუმპცია, როცა სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, ზურაბ ქურციკიძეს "დიდი სტაჟის მქონე აგენტი“ უწოდა გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, უტიაშვილმა კვლავაც გაიმეორა, რომ „ბატონ ქურციკიძეზე ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ ის თანამშრომლობს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან“.   

“სასამართლო არ შემდგარა, მაგრამ იმედია სასამართლო დაადასტურებს,“– განაგრძო მან, "თუ მე რამე დავარღვიე, ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩვენთვის ეს კაცი ცნობილია, როგორც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეცსამსახურის თანამშრომელი“.

იმავდროულად, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გირაოთი გაათავისუფლოს დაპატიმრებული ფოტოგრაფები.

"ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებების წაყენება ასე ადვილად არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიმ ბუმელამ და შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო“ ადევს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
80