Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფოტოგრაფების საქმეზე გამჭირვალე სასამართლო პროცესის დაპირება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივლ.'11 / 12:32


შსს–ს შენობასთან შეკრებილი ჟურნალისტები, 13 ივლისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

"მცირე“ ნაწილის გარდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოგრაფის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის საჯაროობა და გამჭირვალობა უზრუნველყოფილი იქნება, განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ 13 ივლისს.

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ჯგუფი აქტიურ კამპანიას აწარმოებს საქმეზე "საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

13 ივლისს საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესის ძირითადი ნაწილი ღია იქნება.

"პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია“, – განაცხადა პროკურატურამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასწარი მოსმენა 2011 წლის 1 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ვანო მერაბიშვილმა 13 ივლისს განაცხადა ჟურნალისტების მცირე ჯგუფთან შეხვედრაზე, რომლებიც ძირითადად დასავლურ საინფორმაციო სააგენტოებისთვის მუშაობენ, რომ საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს ამ მტკიცებულებებს სასამართლო მოსმენების დროს, რომლის ძირითადი ნაწილიც საჯარო იქნება, გარდა იმ ნაწილისა, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების განხილვა მოხდება.

13 ივლისს მერაბიშვილმა ცალკე შეხვედრა გამართა იმ ჟურნალისტ აქტივისტებთან და ადგილობრივ უფლებადამცველ ჯგუფებთან, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ამ მოთხოვნით მთელი რიგი აქციები და ასევე თბილისში აკრედიტებულ დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრები გამართეს საქმეზე "საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით. შეხვედრის შემდეგ მედია აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ გათავისუფლებამ შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს.

საგამოძიებო ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა, რომელიც დანარჩენ ექვს კოლეგასთან ერთად ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, განაცხადა, რომ შს მინისტრისგან რაიმე ისეთი სიახლე ვერ მოისმინა, რაც გააბათილებდა მის ეჭვებს საქმის ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.

ზურაბ ქურციკიძე, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი, დანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით, იგი ჯერ გაათავისუფლეს და შემდეგ კი სასამართლომ გირაო შეუფარდა. ნათია გედენიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. მისმა მეუღლემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ ქურციკიძემ იგი "დააშანტაჟა“, რათა კონფიდენციალური ინფორმაცია მიეღო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 13 ივლისს, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულება აქვს, რომელიც მიუთითებს, რომ ქურციკიძეს 2004 წლიდან კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან, კერძოდ კი ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან.

ამ ორი ადამიანის ვინაობა საქართველოში პირველად 2006 წელს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველომ რუსეთის ოთხი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. იმ დროს, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯაშუშური ქსელის კოორდინაცია საქართველოს გარედან ხდებოდა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ანატოლი სინიცინის მიერ.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ქურციკიძემ 2004 წლის შემდეგ ათობით სატელეფონო კონტაქტი განახორციელა რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ, რომელიც მერაბიშვილთან შეხვედრაში მონაწილე მედია აქტივიტების ჯგუფში შედიოდა, განაცხადა, რომ მათ სატელეფონო ზარების ამონაწერი აჩვენეს, რომელზეც მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქურციკიძე რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ეკონტაქტებოდა.

მისი თქმით, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 2004 წელს სატელეფონო ზარები “გრუ“-ს აგენტებთან განხორციელდა იმ ნომრიდან, რომლითაც ქურციკიძე სარგებლობდა, თუმცა იმ დროისთვის არ იყო გაფორმებული ქურციკიძის სახელზე – ნომერი ცხინვალში მცხოვრები ქალბატონის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოგვიანებით კი, იგივე ნომერი ქურციკიძის სახელზე დარეგისტრირდა. დანელიას თქმით, შს მინისტრს მათთვის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ უჩვენებია.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ ხელისუფლების 13 ივლისის განცხადება, რომ სასამართლო პროცესი ღია იქნება საზოგადოებისთვის, ნაწილობრივ მედიის ადვოკატირების კოალიციის კამპანიის შედეგია. მისი თქმით, კამპანია გაგრძელდება პროცესის შემდგომი მონიტორინგის მიზნით.

მერაბიშვილმა 13 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ EPA–ს ფოტოგრაფის, ზურაბ ქურციკიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება ეჭვობს, რომ მისი სააგენტო ან სააგენტოს სხვა თანამშრომელია საქმეში ჩართული; მისი თქმით, EPA–ს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ფოტოგრაფების საქმეზე გამოქვეყნებულ პირველ განცხადებაში შსს აცხადებდა, რომ დაკავებულებს ბრალად ედებოდათ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“. მოგვიანებით, შსს–მ დააკონკრეტა, რომ რუსულ სპეცსამსახურს გულისხმობდა.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75