Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიციის თქმით, EPA-ს ფოტოკორესპონტენდი 'დიდი სტაჟის მქონე აგენტია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'11 / 18:53


ქართველი ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭირვალე შენობის წინ 11 ივლისს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის და დაპატიმრებული ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ზურაბ ქურციკიძე, ფრანკფურტში განთავსებული European Pressphoto Agency-ის (EPA) დაპატიმრებული ფოტოკორესპონდენტი, "დიდი სტაჟის მქონე აგენტია“, რომელმაც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე კიდევ ორი ფოტოგრაფი გადაიბირა, რათა კონფიდენციალური ინფორმაცია მოეპოვებინა, განაცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

რუსულ გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, უტიაშვილმა განაცხადა, რომ საქმე კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს და ამიტომ ის გრიფით "საიდუმლო“ დარჩება.

"ასეთ საქმეებზე ძალიან ცოტა ინფორმაციაა. არავინ არასდროს არ გაამხელს ასეთი დოკუმენტების შინაარსს. ალბათ, გამოძიებაც და სასამართლოც საიდუმლო გრიფით გაიმართება, რადგანაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ეხება“, – განაცხადა უტიაშვილმა.

11 ივლისს ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი შსს–ს შენობის წინ შეიკრიბა, რათა შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა და დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნა მოეთხოვათ. ფოტოგრაფების დაკავების საქმემ ჟურნალისტების შეშფოთება გამოიწვია და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების საფუძვლიანობის მიმართ ეჭვები აღძრა. 

ირაკლი გედენიძე პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო, ხოლო გიორგი აბდალაძე არაერთ მედია ორგანიზაციასთან, მათ შორის დასავლურ სააგენტოებთან, თანამშრომლობდა და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფიც იყო.

უტიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე დაკავებული „სახელმწიფო მოხელეები“ იყვნენ და ამიტომ მათი "ფოტოჟურნალისტებად“ მოხსენიება საჭირო არ არის. 

მისი თქმით, როგორც სახელმწიფო მოხელეებს, მათ არ ჰქონდათ უფლება რაიმე მასალა, მათ შორის ფოტოები გადაეცათ ვინმესთვის, გარდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურებისა. უტიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ორი ფოტოგრაფი ამ წესს არღვევდა და ფოტოებს ზურაბ ქურციკიძეს გადასცემდა, რის შედეგადაც ქურციკიძემ ისინი "ანკესზე“ წამოაგო და მოგვიანებით აიძულა  კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

შსს–სთვის მიცემულ ვიდეოჩვენებაში გედენიძე აცხადებს, რომ მან უარი თქვა ქურციკიძესთან თანამშრომლობაზე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სთხოვა მას არა მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოები, არამედ კონფიდენციალური ინფორმაციაც მიეწოდებინა. "მან [ქურციკიძემ] ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გედენიძემ. მისი მეუღლე, ასევე ფოტოგრაფი ნათია გედენიძე სამ დანარჩენ ფოტოგრაფთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ის რომ გედენიძე და აბდალაძე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდნენ და ფოტოებს აწვდიდნენ, არასოდეს დაფარული არ ყოფილა, მითუმეტეს პრეზიდენტის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებისთვის. ინტერნეტში ამ ფოტოკორესპონდენტების უამრავი ფოტომასალა მოიპოვება, რომლებზეც ავტორების გრაფაში მითითებულია: “AFP Photo/Pool/Irakli Gedenidze” ან “Irakli Gedenidze/Pool via Reuters” და “George Abdaladze/AP”.

აბდალაძის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისთვის სამინისტროს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ის მთავარი თემები იყო, რაზეც პასუხები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან ნინო კალანდაძისგან დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინზე მოითხოვეს.

ნინო კალანდაძემ განაცხადა 11 ივლისს, რომ აბდალაძე საგარეო უწყებაში 2009 წლიდან მუშაობდა ხელშეკრულებით და იგი არ იყო შტატიანი თანამშრომელი. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულფასოვან თანამშრომლად ითვლება. კალანდაძის თქმით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, აბდალაძისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი ყოფილიყო სამინისტროში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

კალანდაძემ თავი აარიდა პასუხის გაცემას კითხვაზე, ქურციკიძის წინააღმდეგ წაყენებული ჯაშუშობის ბრალდება ნიშნავდა თუ არა იმას, რომ საქართველო მიიჩნევს, რომ სააგენტო EPA რუსულ დაზვერვაზე მუშაობს. მისი თქმით, მას არ გააჩნია უფლებამოსილება გამოძიების დეტალებზე ისაუბროს.

კითხვაზე, თუ როგორ გახდა კონფიდენციალური ინფორმაცია ფოტოგრაფებისთვის ხელმისაწვდომი, შოთა უტიაშვილმა უპასუხა "კომერსანტს“: "კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ისინი არა ჟურნალისტები, არამედ სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, და ამიტომაც, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ამგვარი ინფორმაცია. თუმცა, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, თუ როგორ მიიღეს მათ ეს ინფორმაცია. გედენიძე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი იყო. იგი თავისი სამუშაო დროის ნახევარს პრეზიდენტთან ატარებდა“, – განაცხადა უტიაშვილმა.

„ეს ისტორია ჩვენ სულაც არ გვახარებს. ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს იმას, რომ თავი შევირცხვინოთ და არაფრის გულისთვის ჩავსვათ პრეზიდენტის ფოტოგრაფი. ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია. მან ის ორი გადაიბირა“, – განაცხადა უტიაშვილმა.

იმავე ინტერვიუში, რუსეთზე მომუშავე სავარაუდო ჯაშუშების დაკავების წინა საქმეებზე საუბრისას უტიაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ჯაშუშების ისტორიების "გაპიარების“ მიზანია დაანახონ ყველას საქართველოში, რომ "ამგვარი თამაშები ძალიან სარისკოა“ და "თუ ანკესზე წამოგაგეს“ უმჯობესია, რომ „პოლიციას მიმართო და ყველაფერი უთხრა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88