Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის გზებზე დავა გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'11 / 15:08

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების გზით დეპუტატთა რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდა ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, 2003 წლის რეფერენდუმზე გამოვლენილი ნების საწინააღმდეგო „უკანონო და არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილება იქნება.

პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდას მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებენ, რომ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები, როდესაც დეპუტატთა რაოდენობის 235–დან არაუმეტეს 150–მდე შემცირებას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, იყო უკანონო იმ მოტივით, რომ მისი შედეგები კანონმდებლობაში აისახა არა კანონით გათვალისწინებული ერთი თვის ვადაში, არამედ 2005 წლის თებერვალში; რეფერენდუმი ჩატარდა კანონის მისაღებად, რასაც კონსტიტუცია კრძალავს; და მესამე, ის არ ჩატარებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ამ მიზეზების გამო, მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის ვალდებული ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგები ან დაინიშნოს ახალი რეფერენდუმი, რასაც კანონი რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად ან გასაუქმებლად ითვალისწინებს.

საიას მოსაზრებით, ყველა ეს მტკიცება „სრულიად უკანონო და მიუღებელია“.

“ახალგაზრდა იურისტების“ განცხადებით, რა არგუმენტიც არ უნდა არსებობდეს რეფერენდუმის უკანონობასთან დაკავშირებით, მისი შედეგი კანონიერად ითვლება იმ დრომდე, ვიდრე მას ბათილად არ ცნობს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო და არა პარლამენტი. კანონის თანახმად, რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან 7 დღეში უნდა მოხდეს.

"ვინაიდან, რეფერენდუმის ჩატარებიდან გავიდა  შვიდი წელი და ამ დრომდე ეს საკითხი არ გამხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ამ კუთხით დავა ხანდაზმულია“, – ნათქვამია საიას 1 ივლისის განცხადებაში.

საიას მტკიცებით, ის ფაქტი, რომ თავის დროზე პარლამენტმა დაარღვია კანონის მოთხოვნა და ერთი თვის განმავლობაში არ ასახა რეფერენდუმის შედეგები კანონმდებლობაში,  პასუხისმგებლობას დარღვევაზე აკისრებს პარლამენტს და არ აკნინებს რეფერენდუმის მნიშვნელობას, რომლის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს პირდაპირი მოქმედების იურიდიული ძალა და საბოლოოა.

“ახალგაზრდა იურისტები“ ასევე აცხადებენ, რომ არასწორია მტკიცება, რომ რეფერენდუმი შეეხებოდა კანონის მიღებას, რადგან 2003 წელს სარეფერენდუმოდ არ ყოფილა გამოტანილი კანონპროექტი, არამედ იყო შეკითხვა, რომელსაც არ გამოუწვევია ხალხის ნების ავტომატურად ასახვა კონსტიტუციაში. კონსტიტუციით აკრძალულია კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარება, მეორეს მხრივ, კი ორგანული კანონით ნებადართულია რეფერენდუმის ჩატარება კანონით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ შეუძლებელია ისეთი საკითხის დაყენება რეფერენდუმზე, რასაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რაც ასევე აბსურდულად მიგვაჩნია“, – აცხადებს საია. 

ამ ლოგიკასთან მიმართებაში, საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს ანალიტიკოსს, მარიამ გაბედავას მაგალითად მოჰყავს დეკემბერში პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის ზედა ზღვრის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი.

"ნაციონალური მოძრაობის მიერ რეფერენდუმის კანონის ასეთი გაგება აშკარად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რადგან ახალი გადასახადებიც ახალი კანონებით შემოდის“, – წერს გაბედავა ორგანიზაციის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში. 

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი ლიდერი, დავით უსუფაშვილი, რომლის პოლიტიკური ძალაც არ შეუერთდა საარჩევნო შეთანხმებას და რომელიც 2003 წელს სამოქალაქო აქტივისტის რანგში რეფერენდუმის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგო იყო, აცხადებს, რომ რამდენადაც სადავო არ უნდა იყოს
რეფერენდუმის იურიდიული ძალა, მოქალაქეებმა მაშინ თავისი პოზიცია გამოხატეს.

2003 წელს დავით უსუფაშვილმა რეფერენდუმის წინააღმდეგ რამდენიმე საგაზეთო სტატია გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იყო პარლამენტის პირდაპირი უფლებამოსილება და არა ხალხის, რის გამოც რეფერენდუმის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა იურიდიული ძალის მქონე.

უსუფაშვილმა, რომელიც დღესაც ამ პოზიციაზე დგას, განუცხადა Civil.ge-ს, რომ დეპუტატთა რაოდენობის ზრდაზე გადაწყვეტილების მიღება პარლამენტს „სამართლებრივად“ შეუძლია, რადგან სწორედ მას ანიჭებს კანონმდებლობა კონსტიტუციის გადასინჯვის ექსკლუზიურ უფლებას და არ ზღუდავს იმაში, თუ რომელ მუხლში რა უნდა ჩაწეროს.

თუმცა უსუფაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „პოლიტიკურად ეს არასწორი“ ქმედება იქნება და ამიტომ საკითხი პლებისციტზე უნდა იქნას გამოტანილი, რასაც რეფერენდუმისაგან განსხვავებით, პირდაპირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

უახლესი ამბები
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.
07 დეკ.'17 14:44
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
99