Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი მემარჯვენეები მმართველი პარტიის შემოთავაზებებს დათანხმდნენ და 'რვიანი' დატოვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'11 / 12:36

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ტოვებს „ოპოზიციურ რვიანს“ მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მმართველი პარტიის შემოთავაზებებთან დაკავშირებით.

"გუშინ „რვიანის“ გამართულ შეხვედრაზე რვიანმა ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა პოზიციათა განსხვავებულობების გამო. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ, ახალი მემარჯვენეები ვთვლით რა რომ „რვიანის“ ფუნქციები, როლი ამოწურულია, ვაფასებთ რა განსხვავებულ მოსაზრებებს „რვიანში“, ვაკეთებთ ჩვენ პარტიულ, დამოუკიდებელ განცხადებას 10 თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე“, – განაცხადა კაციტაძემ 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ,  ახალი მემარჯვენეები,  ღიად ვაცხადებთ, რომ  ვიღებთ ხელისუფლების წინადადებებს და  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ზედმიწევნით აისახოს საარჩევნო კანონმდებლობაში“, – განაცხადა მან.

ამგვარი განვითარება სავსებით მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც კვირას კაციტაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, საერთო ჯამში მმართველი პარტიის შემოთავაზება "გარკვეული შედეგი“ იყო, რომელიც ცარიელი ხელით დარჩენას ჯობდა.

"ეს არ არის ცარიელი ფურცელი, მაგრამ არც კარგი შემოთავაზებებია. ახალი მემარჯვენეები, შექმნის პირველი დღიდან - 10 წლის ვართ - ვმუშაობდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. არანაირი მსუყე შედეგი, არანაირი შედეგი... რეალურად ჩვენ არ მიგვიღია; დღეს რაღაც შედეგი არსებობს“,  – განაცხადა კაციტაძემ 26 ივნისს     საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქცენტები“ საუბრისას.

"ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული; ჩვენ არ გვინდა რომ სუფთა ფურცელი დაგვრჩეს,“ – დასძინა მან.

მისი თქმით, მმართველი პარტიის შემოთავაზებების ცხრა პუნქტიდან, ოთხზე სრული თანხმობა არსებობს, ნაწილობრივ შეთანხმებულად შეიძლება ჩაითვალოს ოთხი საკითხი, ხოლო ერთ მათგანზე, რომელიც ამომრჩეველთა სიებს უკავშირდება, უთანხმოება რჩება. ოპოზიცია საარჩევნო სიების ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე ფორმირებას ითხოვდა, ხოლო მმართველმა პარტიამ ეს წინადადება უარყო.

მან ასევე განაცხადა, რომ "ნაწილობრივი შეთანხმება“ არსებობს საარჩევნო სისტემაზე, სადაც მმართველი პარტია ახალ პარლამენტში დეპუტატების 150–დან 190–მდე ზრდას ითხოვს, საიდანაც 83 დეპუტატი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 წევრი პროპორციული სისტემის საფუძველზე აირჩევა.

კაციტაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია 50 დეპუტატის მაჟორიტარული და 100–ის პროპორციული წესით არჩევის თანაფარდობას მოითხოვდა.

"ეს ის არ არის, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, მაგრამ არც ის არ არის, რაც დღეს არის“, როდესაც 150 ადგილი თანაბრად იყოფა (75/75) პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, განაცხადა კაციტაძემ.

თუმცა, მან არ ახსენა ოპოზიციური რვიანის მოთხოვნის ერთი მთავარი ასპექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელზეც საერთოდ არ არის საუბარი მმართველი პარტიის შემოთავაზებებში – ეს ეხება ისეთი სისტემის შემოღებას, რომელიც არ დაუშვებს სიტუაციას, სადაც პარტიის მიერ მიღებული მანდატები მის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ხმათა პროცენტულ ოდენობაზე მეტი იქნება.

დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს - 71 მაჟორიტარულ ოლქში და 48 ადგილი პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18% –იანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 მანდატი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3%-ია, ანუ დაახლოებით, 20%-ით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

თუ 2008 წლის არჩევნების სცენარი გამეორდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე (და მმართველი პარტია ხმების 59.18%–ს მიიღებს პროპორციული სისტემით და 83 მაჟორიტარული მანდატიდან 71–ს მოიგებს), მმართველი პარტია 190–წევრიანი პარლამენტის მანდატების 70%–ს გააკონტროლებს, რაც  პროცენტულად დღევანდელთან (79.3%) შედარებით უფრო ნაკლებია, მაგრამ იმაზე მაინც მეტი ვიდრე პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სადავო გახდება შემოთავაზებულ სისტემაში, დეპუტატების რაოდენობის ზრდაა 150–დან 190–მდე.  პარლამენტის წევრების ამჟამინდელი რაოდენობა ეფუძნება 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის დროსაც ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 235–დან 150 წევრამდე შემცირებას. რიცხოვნობის ხელახალ ზრდას პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით და რეფერენდუმის გადაწყვეტილების გვერდის ავლით, შესაძლოა, სერიოზული უთანხმოება მოყვეს.

თუმცა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ეს არ შექმნის სამართლებრივ წინააღმდეგობას, რადგანაც 2003 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილება ფაქტიურად შესრულდა და რაღაც პერიოდი ძალაში იყო, ახლა კი მისი გადახედვა შესაძლებელია.

მმართველი პარტიის შემოთავაზების გარშემო არსებული კიდევ ერთი უთანხმოება უკავშირდება პარტიების კამპანიის დაფინანსების სქემას. ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო ხარჯების დასაფარად ერთჯერადად 1 მლნ ლარი გამოეყოთ საარჩევნო სუბიექტებს მას შემდეგ, თუ ისინი გადალახავენ 5%–იან საარჩევნო ბარიერს. ამ თანხიდან 300 ათასი ლარი მიზნობრივად უნდა იქნას მიმართული სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.

მმართველი პარტია აქვე აკეთებს დათქმას, რომ მილიონიანი ფინანსური პაკეტის მიღება მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მონაწილე სუბიექტებს შეეძლებათ.

ეს დებულება ზოგიერთებმა უკვე შეაფასეს, როგორც შეთანხმებაზე დაყოლიებისთვის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების მოსყიდვის მცდელობა.

თუმცა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ დაფინანსების ამ პრინციპის წარმოდგენით, "ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა“, რომელიც „აძლევს საშუალებას ყველა პარტიას მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა და ამის საფუძველზე მიიღოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

“თანხა ვინ მიიღოს და ვინ არა,  ამას ხალხი წყვეტს და არა ხელისუფლება“, – დასძინა მან.

27 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია არ იყო ერთადერთი, რომელსაც "რვიანში“ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა მმართველი პარტიის შემოთავაზებებზე. 

ამ ჯგუფში შემავალი რიგი პარტიები საკუთარ პოზიციას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დააფიქსირებენ.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85