Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის საარჩევნო წინადადებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'11 / 14:47

მმართველმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკუთარი წინადადებები წარადგინა, რომელიც პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდას, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების და წინასაარჩევნო მონიტორინგის მექანიზმების შემოღებას უკავშირდება.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა ინდივიდუალური შეხვედრის რეჟიმში ეს წინადადებები 24 ივნისს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს გააცნო, რომელმაც მოგვიანებით ეს შეთავაზებები ოპოზიციური რვიანის დანარჩენ სუბიექტებს წარუდგინა. „რვიანის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი პოზიციების შეჯერების შემდეგ ხელისუფლების შეთავაზებებზე პასუხს რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.

საარჩევნო სისტემა

მმართველი პარტიის წინადადებების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190–მდე უნდა გაიზარდოს და აქედან 83 დეპუტატი აირჩეს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან; 107 წევრი კი პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების მიღებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დასჭირდება.

ამჟამად, პარლამენტი 150 წევრისაგან შედგება და ეს რაოდენობა ეფუძნება 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 83.5%–მა მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 235–დან 150 წევრამდე შემცირებას. მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტში 75 წევრი ირჩევა პროპორციული, ხოლო 75 მაჟორიტარული წესით.

ახალი კონსტიტუციის მოდელით, რაც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს, დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის წინადადება რიცხოვნობის გაზრდაზე გაზიარებული იქნება, 96 დეპუტატს შეადგენს. 

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხმათა ორი–მესამედია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად, რაც 190–წევრიანი პარლამენტის შემთხვევაში 127 ხმა იქნება; ხოლო პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით შეუძლია, რაც 190–წევრიანი შემადგენლობის შემთხვევაში 114 დეპუტატს შეადგენს.

დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს - 71 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულს ყველაფერი რჩება სისტემით მოგების შედეგად მოპოვებული და 48 ადგილი პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18% –იანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 მანდატი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3%-ია, ანუ დაახლოებით, 20%-ით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

საარჩევნო სისტემისასთან  დაკავშირებით ოპოზიციური რვიანის მიერ 5 აპრილს შეთავაზებული წინადადებები ამგვარი შესაძლებლობის დაშვების წინააღმდეგ იყო მიმართული და ეფუძნებოდა პრინციპს, რომ საარჩევნო სუბიექტს იმდენივე  მანდატები ჰქონოდა პარლამენტში, რამდენი ამომრჩევლის მხარდაჭერასაც მიიღებდა არჩევნებზე. „რვიანის“ წინადადება იყო ასევე მაჟორიტარულ ოლქებში 50%–იანი ბარიერის დაწესება, ნაცვლად დღეს არსებული 30%–სა.  

მართალია მმართველი პარტიის ბოლო წინადადებებში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი მაჟორიტარულ ბარიერთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ადრე განაცხადეს, რომ ბარიერის გაზრდას მხარს არ დაუჭერენ.

ამომრჩეველთა სიები

ოპოზიციის შეთავაზების საპასუხოდ, რომ საარჩევნო სიების ფორმირება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდეს, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ის სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას უჭერს მხარს.

ბოლო წინადადებებში მმართველი პარტია უკვე აღარც იმაზე საუბრობს, რომ პილოტური პროექტის სახით მხოლოდ დედაქალაქში დათანხმდება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე სიების ფორმირებას, როგორც ეს 9 მარტს თავის შეთავაზებებში განაცხადა.

მმართველი პარტიის უკანასკნელი შეთავაზების მიხედვით, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა გადაამოწმოს სიები, ხოლო ცესკომ მასში ცვლილებების შეტანა უზრუნველყოს. 

დაფინანსება

მმართველი პარტიის შეთავაზებაა, რომ გაორმაგდეს საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისათვის დღეს დაწესებული 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე; ხოლო იურიდიული პირებისათვის  – 100 000 ლარიდან 200 000 ათას ლარამდე.

2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებზე იმ ხუთი პარტიის კამპანია, რომელთაც 5%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დაჯდა და ამ თანხის, თითქმის, 90%–იანი წილი მმართველი პარტიაზე მოდიოდა. მმართველი პარტიის დაფინანსების უმეტესი ნაწილი გზების მშენებლობის ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა გაიღეს.

ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ბიზნესმენები ხელისუფლების შიშით თავს იკავებენ შემოწირულობებისაგან და ამდენად, ისინი დაფინანსების მიღების მუდმივი პრობლემის წინაშე დგანან. იმ დროს, როდესაც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი საგრძნობლად აღემატება ოპოზიციის დანახარჯებს, ხშირია მოწოდებები ხარჯებზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობა ასევე გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო ხარჯების დასაფარად ერთჯერადად 1 მლნ ლარი გამოეყოთ საარჩევნო სუბიექტებს მას შემდეგ, რაც ისინი გადალახავენ 5%–იან საარჩევნო ბარიერს. ამ თანხიდან 300 ათასი ლარი მიზნობრივად უნდა იქნას მიმართული სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.

მმართველი პარტია აქვე აკეთებს დათქმას, რომ მილიონიანი ფინანსური პაკეტის მიღება მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მონაწილე სუბიექტებს შეეძლებათ.

ამავე კვალიფიციურ სუბიექტებს, მმართველი პარტია სთავაზობს ასევე არჩევნების დღეს 50 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაწესების შესაძლებლობას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლებისთვის.

მონიტორინგის მექანიზმები

მმართველი პარტიის წინადადებების თანახმად, კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რეაგირებას მოახდენს საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაზე.

ამგვარი უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი ბოლო სამი არჩევნების წინა პერიოდებშიც იქმნებოდა. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ რეკომენდაციებში მოუწოდეს ამ ჯგუფის ეფექტურობის გაზრდისკენ, რადგან მათი შეფასებით, ის "ყოველთვის ვერ ახერხებდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამრღვევების სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფას“.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წინადადების თანახმად, ასევე საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება მედიამონიტორინგის განხორციელების მექანიზმები საარჩევნო კამპანიის გაშუქების შესაფასებლად. მედიამონიტორინგისთვის ცესკო „კომპეტენტურ, უცხოურ ან საერთაშორისო კომპანიას“ შეარჩევს. მონიტორინგის ამგვარ მექანიზმს მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს.

საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზებაა, რომ  მაქსიმალურად გაიზარდოს სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა, რაც ამჟამად 48 საათს შეადგენს.

ნაციონალური მოძრაობა ასევე გამოდის წინადადებით დადგინდეს ზედა ზღვარი  გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.

“აღნიშნული შეთანხმებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა,“– აცხადებს მმართველი პარტია. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
113