Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ანქვაბი: არჩევნები აფხაზეთში რყევებს არ გამოიწვევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივნ.'11 / 11:37


ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პრემიერ–მინისტრთან ვლადიმერ
პუტინთან შეხვედრაზე, 2 ივნისი. ფოტო: კრემლის ვებ–გვერდი

აფხაზური საზოგადოება და პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ "მომწიფებულია“, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე რყევები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსულ გაზეთ New Times-სთან ინტერვიუში
 
"არჩევნები დაგეგმილ ვადაში გაიმართება, არანაირი რყევები აფხაზეთში არ იქნება, მიუხედავად ცალკეული ბნელი პროგნოზებისა. ჩვენ საკმაოდ მომწიფებული საზოგადოება, საკმაოდ მომწიფებული პოლიტიკური ძალები და საკმაოდ დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს,“ – განაცხადა მან.

58 წლის ანქვაბი, რომელიც 2005 წლიდან სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთის აწ გარდაცვლილი ლიდერის სერგეი ბაღაფშის ხელახლა არჩევის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტი, პრეზიდენტობის ერთ–ერთი პოტენციური კანდიდატია.

თუმცა კითხვაზე, იყრის თუ არა იგი კენჭს 26 აგვისტოს არჩევნებში, ანქვაბმა პასუხზე უარი განაცხადა, აღნიშნა რა, რომ "ულამაზო“ იქნება ამაზე ახლა საუბარი, რადგანაც ბაღაფში "სულ ახლახანს დავასაფლავეთ“.

პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელების ვადა 17 ივლისს იწურება.

კითხვაზე, თუ რა გავლენა ექნება მომავალ არჩევნებს თბილისთან ურთიერთობაზე, ანქვაბმა განაცხადა, რომ "არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა ხელისუფლებაში აფხაზეთში, [საქართველოსთან] მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება მთავარი საკითხი იქნება“.       

"მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება – ეს ჩვენი მომავალია,“ – განაცხადა მან, "ჩვენ კეთილმეზობლობაში გვინდა ცხოვრება, არ გვინდა ომი, არავისთან არ გვინდა ურთიერთობების გარკვევა... თუ ასეთივე კეთილი ნება იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ამგვარ დოკუმენტს შეიძლება მოეწეროს ხელი“.

საქართველოზე საუბრისას ანქვაბმა თბილისში სპეცრაზმის მიერ 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს საზოგადოების "ღირსების შელახვა“ იყო.

"ჩვენთან ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და რისთვის გატარდა ეს "გადამწყვეტი ზომები“? აღლუმისთვის, ანუ პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ეს ხელმძღვანელობის სტილია. ამას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში არ ვამბობ,“ – განაცხადა ანქვაბმა.

გალის რაიონთან დაკავშირებით ანქვაბმა განაცხადა, რომ "იქ ვითარება უმჯობესდება“ და რომ ხუთ წელიწადში მოხდება რაიონის ინტეგრირება აფხაზურ ეკონომიკაში.

"იქ ბევრი პრობლემაა, თუმცა არც ისეთი დრამატული, როგორც ამის წარმოჩენა საქართველოს და რამდენიმე სხვა ქვეყანას სურს,“ – განაცხადა მან.

2005 წლის შემდეგ ანქვაბზე სულ ცოტა ოთხი ან ხუთი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო თავდასხმას 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა ადგილი.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად  ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი "ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჭებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც, სავარაუდო, ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში ანქვაბი ხელის და ფეხის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ.

New Times-სთან ინტერვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და რომ ამ თავდასხმების უკან "შიდა“ აფხაზური ძალები დგანან; თუმცა, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74