Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციას ახალ საარჩევნო წინადადებებზე პასუხი არ მიუღია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აპრ.'11 / 17:05

რვა ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ახალ წინადადებებზე, რომლებიც გასულ კვირას წარმოადგინეს, მმართველი პარტიისგან რაიმე პასუხი არ მიუღია.

“ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენელი ახალი მემარჯვენეებიდან, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მათი მორიგი შეთავაზებები მედიისა და საარჩევნო მოლაპარაკებების მოდერატორი ორგანიზაციის  – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მეშვეობით გაეგზავნა.

“თუმცა რაიმე კონკრეტული ტიპის ინიციატივა ან პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“– განუცხადა მან 11 აპრილს Civil.ge-ს და დასძინა, რომ არაოფიციალურ დონეზე არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ხელისუფლება გარკვეულ შემხვედრ წინადადებებს ამზადებს.

“ამ გაზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება ვერ აირიდებს თავიდან პასუხის გაცემას,“– აღნიშნა კაციტაძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე საარჩევნო მოლაპარაკებების ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებებზე. 

მმართველი პარტია აცხადებდა, რომ არ დათანხმდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. თავდაპირველად ოპოზიცია არსებული სისტემის შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ბოლო შემოთავაზებით დათანხმდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პრინციპს იმ პირობით, რომ პარტიას როგორც მაჟორიტარული წესით, ისე პარტიული სიით იმდენი მანდატი უნდა ერგოს  პარლამენტში, ამომრჩეველთა რამდენი პროცენტიც დაუჭერს მას მხარს.

ამ საკითხზე ერთადერთი კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ "აბსურდული“  შემოთავაზებით პრაქტიკულად კონსტრუქციული დიალოგის გზა მოჭრა.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები 9 მარტის შემდეგ შეჩერებულია, რაშიც მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს. 

ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და როგორც კი ხელისუფლება "ადეკვატურ“ წინადადებებს წარმოადგენს, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებიან.

მანამდე კი კაციტაძის განცხადებით, "რვიანის" წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ წარმომადგენლებთან მათი პოზიციისათვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რიგი საელჩოების წარმომადგენლებთან და ასევე რეგიონებში გასვლითი შეხვედრები.

იმავდროულად, 13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს.

რეზოლუციის პროექტში წამოწეული ერთ–ერთი საკითხი საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ლაკმუსის ტესტი იქნება საქართველოში მომწიფებული, უფრო ყოვლისმომცველი და ძლიერი დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციისთვის“.

რეზოლუციის პროექტი მიესალმება საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ხელახლა ჩამოყალიბებას და ასევე, „სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის“ მიღების რეკომენდაციას იძლევა. პროექტი ასევე ურჩევს ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს, რომ აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს. პროექტში აღნიშნულია, რომ საჭიროა საარჩევნო ოლქების საზღვრების ხელახლა განსაზღვრა ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე და უპარტიო კანდიდატებისთვის უფლების მიცემა მაჟორიტარულ არჩევნებში იყარონ კენჭი; არსებული წესების თანახმად, მხოლოდ პარტიას შეუძლია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66