Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:55 - 1 სექ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების "ახალი კონტექსტი"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'10 / 10:51

  • ძალის არგამოყენება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად;
  • ”შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინოთ”;
  • ”მოქნილი არაფორმალური ჩარჩო”;
  • ”ოპტიმისტური განწყობა ეუთოს მისიის აღდგენის მიმართ”.

საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ გაკეთებული ცალმხრივი დეკლარაცია "ახალ კონტექსტს“ ქმნის, რამაც შესაძლოა ჟენევის დისკუსიებში პროგრესს შეუწყოს ხელი, აცხადებენ ამ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები,
 
Civil.ge 7 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების სამ თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს პიერ მორელს, გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენს და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის, სპეციალურ წარმომადგენელს ბოლატ ნურგალიევს ესაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ძალის არგამოყენების პირობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე; საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის პერსპექტივებს.
 
დიპლომატები საქართველოში მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ იმყოფებოდნენ. ისინი ასევე ესტუმრნენ ცხინვალსა და სოხუმს. სამი თანათავმჯდომარის ეს ვიზიტები წინ უძღოდა 16 დეკემბერს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მე–14 რაუნდს.
 
შეკითხვა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს ძალის არგამოყენების ცალმხრივი პირობა დადო და მოგვიანებით იგივე ეუთოს ასტანას სამიტზეც გაიმეორა. ამას მოყვა პასუხი ცხინვალიდან, სოხუმიდან და მოსკოვიდან. ეს ჟენევის დისკუსიების ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. რა პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ დეკლარაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს, შესაძლოა, რაიმე სერიოზული გარღვევის მომასწავლებელი იყოს?
 
პიერ მორელი: ჩვენ მხედველობაში მივიღეთ [ეს განცხადება], მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც მოლაპარაკებებში გარღვევაზე საუბრობს. მაგრამ აშკარაა, რომ ეს ის ძირითადი საკითხია, რაზეც ჩვენ ამ წლის განმავლობაში ვმუშაობდით; ჩვენ ბევრ სხვა საკითხზეც ვმუშაობთ, მაგრამ ეს საკითხი, ძალის არგამოყენების და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის თაობაზე, ის თემაა, რომელზეც ჩვენ ვციდილობდით ძალიან მეთოდურად გვემუშავა, რომლის დროსაც განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს, ვიღებდით წინადადებებს, ვადარებდით ერთმანეთს ამ წინადადებებს, ვარკვევდით სხვადასხვა ფორმულების დადებით და უარყოფით მხარეებს – ამრიგად, მიგვაჩნია, რომ ეს მუშაობა ჟენევაში, თუნდაც რომ ზომიერად, მაგრამ მაინც დაეხმარა იდეების გამოკვეთას და უბიძგა [ჟენევის დისკუსიების] მონაწილეებს ინიციატივა გამოეჩინათ. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება მნიშვნელოვანი ინიციატივაა და საინტერესოა იმის ხილვა, რომ ამან სხვა მონაწილეებსაც უბიძგა პოზიტიური რეაგირებისკენ; ამრიგად, ახლა ჩვენ უფრო ფართო ბაზისი გვაქვს ჩვენი საქმიანობისთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჟენევის შეხვედრამდე მხოლოდ რამოდენიმე დღით ადრე... და ეს მომდევნო შეხვედრის [16 დეკემბერს] ცენტრალური საკითხი იქნება.        
 
შეკითხვა: თუ მონაწილეთა შორის ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა, როგორც ჩანს, ჟენევის დისკუსიების ერთ–ერთი მთავარი უთანხმოების საგანი დღის წესრიგიდან მოიხსნება...
 
პიერ მორელი: დიახ, მაგრამ მე გითხარით, ჩვენ ვისწავლეთ, რომ ფრთხილები ვიყოთ. სავსებით ნათელია, რომ განცხადების და დეკლარაციის სხვადასხვა სახეობები და ფორმები არსებობს და ამიტომ სახეზეა ძალის არგამოყენების განცხადებაზე განსხვავებული მიდგომები. ამიტომ, ჩვენ სიზუსტე გვმართებს და უნდა დავინახოთ, თუ სად არის შესაბამისობა და სად არის შეუსაბამობა [მხარეთა პოზიციებს შორის]. ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია და ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადე უნდა იყოს, რათა წინ წავიწიოთ.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების ყველა ელემენტი არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც შესაძლოა [ჟენევის დისკუსიების] სხვა მონაწილეები ელოდნენ. მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში იურიდიული ხასიათის მკაფიო ელემენტები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია; მე ვგულისხმობ, რომ ეს საერთაშორისო სამართალთან არის დაკავშირებული და ახლა უფრო მეტიც, ეს [პრეზიდენტის განცხადება] უკვე წერილობითი ფორმითაც მოხდა. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ეს განხილვის თემა გახდება.    
 
ამგვარ მიდგომას ზოგიერთები სულ რაღაც ერთი წლის წინ შეუძლებლად მიიჩნევდნენ; ახლა ჩვენ ადგილიდან დავიძარით.

მინდა ასევე გაგახსენოთ, რომ [ჟენევის დისკუსიების] ზოგიერთი მონაწილისთვის არსებობდა საწყისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის და რომ საჭიროა ხელშეკრულება; მაგრამ ისინი ასევე აღიარებდნენ, რომ განცხადება კარგი დასაწყისი იქნებოდა. სწორედ ეს არის ის, რაზეც ჩვენ შემდგომი მუშაობა გვმართებს.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ამ თემაზე უამრავ სკეპტიციზმს გადავაწყდით; ერთი წლის წინ ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ჩვენ გარკვეული ტიპის ფილოსოფიურ მიდგომას ვიყენებდით; არა. ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია თუ რეალურად როგორი იყო შესაძლებლობები, შეზღუდვები, შანსები და და ჩვენ ვმუშაობდით ყველა ამ შესაძლებლობის გარშემო. ეს არის ჟენევის დისკუსიების მიდგომა.
 
”ჩვენი შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინოთ”
 
ანტი ტურუნენი: მისი [პრეზიდენტ სააკაშვილის] განცხადებით და ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან საპასუხოდ გადმოდგმული ნაბიჯებით [იგულისხმება ბაღაფშის და კოკოითის განცხადებები ძალის არ გამოყენების შესახებ], ჩვენ ახლა გვაქვს მასალა და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და ამ მასალის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინოთ.

ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველა მონაწილე ახლა თანხმდება იმაზე, რომ ჟენევის დისკუსიები სწორი ფორმატია და ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც ეს საკითხები განიხილება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და მეორე, ჩვენ ასევე მივაღწიეთ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას –  არა მხოლოდ გალის, არამედ ასევე ერგნეთის მექანიზმისაც – ეს პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯებია.
 
ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირი შანსი გვაქვს და ასევე გამოწვევაც, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და შევეცადოთ რაღაცის ფორმულირება მოვახდინოთ, რომელიც იქნება საერთო ყველასთვის და არა მხოლოდ ინდივიდუალური განცხადებები.
 
შეკითხვა: ბატონმა მორელმა განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის დეკლარაციაზე საუბრისას, რომ ეს შესაძლოა არ იყოს ის, რასაც სხვები ელოდნენ; როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება ძალის არგამოყენების დეკლარაციის ფორმაზე. რუსეთის მიერ ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზების თანახმად, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ ძალის არგამოყენების თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების ხელმოწერაზე, მაშინ შესაძლოა მომხდარიყო ცალ–ცალკე დეკლარაციების გაკეთება ძალის არგამოყენების თაობაზე.  საქართველოს მიერ გაკეთებული ცალმხრივი დეკლარაცია ძალიან ჰგავს იმას, რასაც რუსეთი სთავაზობდა... 

პიერ მორელი: დიახ, მართალია. ჩვენ ვთქვით, რომ განსხვავებული შემოთავაზებები გვქონდა და ეს იყო თანათავმჯდომარეთა მუშაობის საწყისი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი და ზოგიერთებმა შესაძლოა იმაზეც იდავონ, რომ ამას შეთანხმება უნდა მოყვეს – მაგრამ შეთანხმება ვისსა და ვის შორის და განცხადება ვისგან და დისკუსიის რომელი მონაწილისგან? ამრიგად, ჩვენ უდავოდ გადავდგით ახალი ნაბიჯი; ჩვენ უნდა შევაფასოთ სად ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ [შევაფასოთ], თუ რა არის ახლა შესაძლებელი.
 
შარშან ჟენევის [დისკუსიების] მონაწილეები განიხილავდნენ იდეებს, გამოდიოდნენ წინადადებებით და კონტრწინადადებებით... ერთი წლის თავზე, ამ სასარგებლო მუშაობის შემდეგ, ჩვენ გვაქვს განცხადებები, მათ შორის ოფიციალური, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა გააკეთა პრესტიჟული ტრიბუნიდან [ევროპარლამენტში] და რომელიც მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარ პოზიციას უდასტურებს; ჩვენ ასევე გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია; ჩვენ გვაქვს სოხუმიდან და ცხინვალიდან გადმოდგმული ნაბიჯები [იგულისხმება ბაღაფშის და კოკოითის განცხადებები ძალის არ გამოყენების შესახებ]; ამრიგად, ჩვენ ახალი კონტექსტი გვაქვს. ეს იმსახურებს შემდგომ ანალიზს.
 
შეკითხვა: მოსკოვი არ აპირებს ძალის არგამოყენების თაობაზე რაიმე დეკლარაციის გაკეთებას, ვინაიდან საკუთარი თავი შუამავლად მიაჩნია და არა კონფლიქტის მხარედ. არის თუ არა ეს თქვენი ფრთხილი პოზიციის ერთ–ერთი მიზეზი?
 
მორელი: ეს განხილვის საგანია გასული წლიდან მოყოლებული. ეს მიმართულება ჩვენი ყურადღების საგანია. ჩვენ განვიხილავდით ამას იმ პროექტების ფარგლებში, რომლებიც მონაწილეებს შორის იყო წარმოდგენილი; ახლა ჩვენ იმ ახალ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომელთაც საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ადგილი სამართლებრივი განზომილებით. ამიტომ, საჭიროა ამ ყველაფრის ხელახლა გადახედვა.

ანტი ტურუნენი: საჭიროა ყველაფრის განხილვა – როგორც არსის, ისე ფორმატის.  

ფორმატი ასევე შეიცავს საერთაშორისო უსაფრთოების მექანიზმების შესაძლო გარანტიებს – ყველაფერი ეს ერთი პაკეტის ნაწილია. ჩვენ ამას ფრთხილი ნაბიჯებით მხოლოდ ახლა ვუახლოვდებით და მოდით ვნახოთ, როგორ იმუშავებს.
 
ძალის არგამოყენების პირობა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად უნდა განხორციელდეს 
 
შეკითხვა: თქვენ ახსენეთ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები. თანათავმჯდომარეებმა შეიმუშავეს დოკუმენტი სახელწოდებით "ძალის არგამოყენების და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ძირითადი ელემენტები“, რომლის გარშემოც მოლაპარაკებათა მონაწილეები უკვე რამოდენიმე რაუნდია მსჯელობენ  – არის ეს ის, სადაც თქვენ შეეცადეთ   შეგეჯერებინათ მხარეთა ძირითადი პოზიციები – ერთის მხრივ, ძალის არგამოყენების მოწოდებები და მეორე მხრივ, თბილისის მოთხოვნა სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თაობაზე?
 
პიერ მორელი: დიახ; ეს არის როგორც უნდა დაიწყო მუშაობა, როდესაც განსხვავებული შეხედულებები არსებობს და მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანები უსაფრთხოების გაუმჯობესების გზებს ეძებენ – მოდით განვსაზღვროთ  ყველა ვარიანტი; პირველ რიგში აკეთებ ძირითადი საკითხების ნუსხას და აწონ-დაწონი მათ და დისკუსიების გაღრმავებასთან ერთად კიდევ და კიდევ გაუსვამ ხაზს ყველა მონაწილესთან, რომ თუ უნდათ ძალის არგამოყენების საკითხზე იმუშაონ, მაშინ მათ ასევე უნდა იმუშაონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, რომელიც თავის მხრივ ძალის არგამოყენებასთან არის კავშირში.
 
ძალის არგამოყენება არ არის რაღაც ჰაერში გამოკიდებული კონცეფცია. ეს არის ის, რაც კონკრეტულ სიტუაციასთანაა კავშირში, რომელიც ადგილზე ქცევის წესებს, გარანტიებს და შედეგებს განსაზღვრავს. ამის გარეშე რაში ჭირდება ვინმეს, რომ ასეთ რთულ საქმეს მოეჭიდოს. ეს გულისხმობს რეალური უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ამიტომ, როგორც კი მუშაობას დაიწყებ სამართლებრივ განზომილებაზე, [ძალის არგამოყენების შესახებ] ვალდებულების განზომილებაზე, ასევე უნდა მიხედო გარანტიებს და ფორმებს.
 
ამრიგად, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ”ძალის არგამოყენებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე.” თუ პარტნიორები, თანამოსაუბრეები მზად არიან  [ძალის არგამოყენების] ვალდებულება იკისრონ, ისინი ასევე ეძებენ ფორმებს, რითაც ამის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, ასევე იქნება შესაძლებელი თავიდან იქნას აცილებული ამ ვალდებულების შეუსრულებლობა.
 
შეკითხვა: ე.ი. ეს ორი მიმართულება – ძალის არგამოყენება და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები – ერთად უნდა იქნას განხილული?
 
პიერ მორელი: დიახ, ზუსტად ასეა. 
 
”მოქნილი არაფორმალური ჩარჩო”
 
შეკითხვა: ვინ არიან შუამავლები ჟენევის დისკუსიებში?
 
პიერ მორელი: მოდით ნუ გავებმევით სიტყვათა მახეში.
 
როგორც იცით, ჟენევის დისკუსიები 2008 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო – ომიდან ორი თვის თავზე. ეს იყო 12 აგვისტოს შეთანხმების და 8 სექტემბრის დამატებითი მექანიზმების ნაწილი. ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია დაწყება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ დატოვა მოსკოვის და სოჭის შეთანხმებები; ამიტომ რაიმე რეალური პრეცედენტები არ გაგვაჩნდა. ჩვენ დავიწყეთ ახალ კონტექსტში და ამიტომ, საკუთარი ჩარჩოს შემუშავება მოგვიხდა. ჩვენ შევქმენით თანათავმჯდომარეთა ეს ფორმულა, რომელიც სამ ორგანიზაციას აკავშირებს [ევროკავშირს, ეუთოს და გაეროს]. მას შემდეგ ჩვენ ასე ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენ სისტემას ვაყალიბებთ.
 
ჩვენი მისიის ფარგლებში რეგულარულ ვიზიტებს ვახორციელებთ ყველა მონაწილესთან და ამას შეგიძლიათ შუამავლის როლი დაარქვათ. თუმცა, როგორც წესი, საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ეს [შუამავლის ფუნქცია] გარკვეული წესებით ან ერთი ორგანიზაციის ეგიდით ხორციელდება, ან კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებს შორის ფორმალური თანხმობით. ჩვენ ძალიან ბევრი პროცედურული ნაბიჯი არ გაგვივლია. ჩვენ სახელმძღვანელო პრინციპები გვაქვს და ჩვენი მანდატი ეყრდნობა 12 აგვისტოს შეთანხმებას და აქედან გამომდინარე, ყველა მონაწილის თანხმობით ჟენევის დისკუსიების ამ ძალიან მოქნილ არაფორმალურ ფორმატში, ჩვენ შევეცადეთ რაც შეიძლება წინ წამოგვეწია ჩვენ გასაკეთებელი საქმე.

ყოველ ორ თვეში, დაახლოებით, 60 ადამიანი იკრიბება და მუშაობა სხდომებს [მოლაპარაკებათა რაუნდებს] შორისაც გრძელდება; თითოეული ჩვენგანის ჯგუფი მუდმივად ჩართულია საქმეში და სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ შევიმუშავეთ.
 
ჩვენ საკუთარ თავს რაიმე კონკრეტულ კატეგორიაში არ შევიყვანთ, ვინაიდან ამას არაფორმალური ხასიათი აქვს; ამას ჟენევის დისკუსიები ქვია; ეს არ არის მოლაპარაკებები. მესმის, რომ თქვენ ზუსტი ფორმულირება გჭირდებათ...
 
შეკითხვა: ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  ჟენევის დისკუსიებში "რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ეუთო და გაერო მოქმედებენ, როგორც შუამავლები“...
 
პიერ მორელი: ამგვარ [მსჯელობაში] დახასიათებებთან დაკავშირებით ჩვენ არ შევალთ. დავიწყეთ იმით, რაც გვაქვს – მისია, რომელიც დაგვეკისრა და ვცდილობთ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ.
 
ანტი ტურუნენი: იმედია, რომ თავად ეს პროცესი შექმნის გარკვეული ტიპის სამშვიდობო შერიგების პერსპექტივას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მიზანია. მაგრამ მოცემულ მომენტში ჩვენ ვცდილობთ ნაბიჯ–ნაბიჯ ვიაროთ, ხელი შევუწყოთ დისკუსიებს, რომელიც ჟენევაში ტარდება; ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ყველა მონაწილე ერთმანეთს ხვდება და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა; ახლა ჩვენ ფრთხილად მივიწევთ წინ და იმედი გვაქვს, რომ ამ პროგრესს შევინარჩუნებთ.
 
პიერ მორელი: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს სრულფასოვანი, სტრუქტურირებული სისტემა. ეს იყო საკმაოდ სპეციფიური ბაზისი, საიდანაც მაქსიმუმის მიღებას ვცდილობთ და რის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, მათ შორის პოზიტიური შედეგები ადგილზე - რა თქმა უნდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად; ეს ქმნის დინამიკას და ჩვენ ვცდილობთ პროცესი რაც შეიძლება წინ წავწიოთ.
 
ეუთოს მისიის დაბრუნების პერსპექტივა 
 
შეკითხვა: ეუთოს სამიტმა ასტანაში მიიღო ”მემორიალური დეკლარაცია”, თუმცა მოუგვარებელ კონფლიქტებზე უთანხმოების გამო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიღება ვერ მოხერხდა. შეგიძლიათ მოკლედ გაგვიზიაროთ, რა უთანხმოება იყო კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში?
 
ბოლატ ნურგალიევი: მთავარი უთანხმოება იყო ორი რეგიონის – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი. მონაწილე სახელმწიფოებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს იმ დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ [დოკუმენტის] იმ ნაწილის სათაური, რომელიც გაჭიანურებულ კონფლიქტებს ეხებოდა, უნდა ყოფილიყო ’კონფლიქტი საქართველოში’. ამის გამო ჩვენ არ შევიტანეთ [ეს ნაწილი] ტექსტში; სხვა ასპექტებზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის იმაზეც, რომ გაგრძელდეს მუშაობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
 
მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ დეკლარაციის დასკვნითი ნაწილი შეიცავს მითითებას ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, რომ განაგრძოს მუშაობა სამოქმედო გეგმაზე და გაითვალისწინოს ის, რაც განხილულ იქნა სამიტის მომზადებისას, ამას დამატებული ის შემოთავაზებები და კონკრეტული იდეები, რომლებიც სამიტზე და მთავრობების მეთაურთა და სახელმწიფოების მეთაურთა გამოსვლებში გაისმა.   
 
შეკითხვა: ასტანას სამიტზე რამოდენიმე დასავლელი ლიდერისგან გაკეთდა მოწოდებები, რომ აღდგეს ეუთოს მისია საქართველოში. წინა თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი, 2009 წელს მისიის შენარჩუნების მიზნით გამოდიოდა კონკრეტული წინადადებებით. როგორი იყო ყაზახეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ძალისხმევა ამ კუთხით, რა წინადადებები იქნა განხილული, თუ საერთოდ იყო ასეთი, და ელით თუ არა რაიმე პროგრესს ამ კუთხით?
 
ბოლატ ნურგალიევი: რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ გაგვეგრძელებინა ეს ძალისხმევა და ჩვენ სწორედ იქიდან დავიწყეთ, სადაც ჩვენი ბერძენი კოლეგები შეჩერდნენ ამ საკითხთა მთელ წყებასთან მიმართებაში  – ეს არ არის მხოლოდ ერთი საკითხი; ეს არის არსი იმისა, თუ რას უნდა აკეთებდეს ეუთოს მისია რეგიონში.
 
რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობდით მონაწილეთა მიერ წამოყენებული მოსაზრებების ერთმანეთზე მორგებას – მაგალითად, რაღაც თუ არ არის მისაღები ყველასთვის, მაშინ რა იქნება უმჯობესი – და ამან დიდი დრო წაიღო, რადგანაც თითოეული [ასეთი] შემთხვევის დროს, ჩვენ გვთხოვდნენ ტაიმაუტს, რათა ახალი მოსაზრებები განეხილათ. 

მაგრამ მე ვფიქრობ, ასე თუ ისე, ის ფორმულა, რომელზე მუშაობასაც ჩვენ გავაგრძელებთ – ყაზახეთი, რომელიც ”ეუთოს ტროიკას” წევრია, თავის წვლილს კვლავაც შეიტანს, მაგრამ ახლა წამყვანი როლი გადაეცემა ლიტვას, რომელიც თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ასეა თუ ისე, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ ეუთოს წარმომადგენლობა გვექნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა შემდგომი მცდელობები და საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აღვადგენთ ეუთოს ქმედით და სასარგებლო წარმომადგენლობას, რომელიც, რა თქმა უნდა, განაგრძობს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე განაგრძობს მონაწილეობას იმ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, რომლებიც გუშინ [6 დეკემბერს] განვიხილეთ აქ თბილისში და დღეს [7 დეკემბერს] ცხინვალში.
 
შეკითხვა: თქვენ თქვით, რომ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენის მიმართ; რას ეფუძნება ეს ოპტიმიზმი?
 
ბოლატ ნურგალიევი: არასოდეს გამიგია, რომ ამის [საქართველოში მისიის] საჭიროება არ არსებობს, და იმ პროექტებზე თანხმობა, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს რეგიონის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, იმის დასტურია, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება საველე მისია. მაგრამ როგორ მოხდება ეს, რის საფუძველზე – ეს შემდგომი განხილვის საგანია; პრინციპული საკითხი მიღებულია; ეშმაკი დეტალებშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დეტალებიც დამუშავდება.
 
შეკითხვა: იყო საუბრები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დაფინანსებით, ეუთოს  მიერ სარეაბილიტაციო პროექტის დაწყების თაობაზე [დაწყების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ასეთი პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ], კერძოდ კი ზონკარის წყალსაცავზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. არსებობს რაიმე რეალური ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი დაიწყება?
 
ბოლატ ნურგალიევი: დიახ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე იქნება; იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომელიც უნდა გაგვერკვია; როგორც ჩანს, ურთიერთგაგებამდე მივედით. ფული არის, ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარებულია. ახლა დარჩენილია კონტრაქტის ხელმოწერა და რეალური მუშაობის დაწყება. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაწყებულიყო მუშაობა, რადგან ზამთარი ახლოვდებოდა და თუ თოვლი წამოვა, ამან შესაძლოა შეაფერხოს მუშაობა, მაგრამ ეს ფორსმაჟორით გამოწვეული შეფერხება იქნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
01 სექ.'14 13:55
სამხედრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ამ პოსტზე გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაინიშნა.
01 სექ.'14 12:59
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ერკი ტუომიოიას ვიზიტი 1-2 სექტემბერს შედგება.
01 სექ.'14 12:36
საქართველო სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს ახორციელებს
სააკაშვილმა თურქეთში ნაცმოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე „ახალი აქტიურობისკენ“ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს „უკან წასვლა“.
30 აგვ.'14 15:29
დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა
მეწყერის ჩამოწოლის გამო ათი დღის განმავლობაში შეწყვეტილი საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულ რეჟიმში აღდგა.
30 აგვ.'14 13:10
დავით ბაქრაძე არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების თაობაზე პროკურატურაში დაკითხეს
„იმედი მაქვს, რომ პროკურატურამ მიიღო საკმარისი ინფორმაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ არანაირი კანონის დარღვევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა“,- განაცხადა მან.
30 აგვ.'14 10:52
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ესტუმრება
საქართველო "აშშ-ისა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედუნარიანი პარტნიორია", - განაცხადა პენტაგონმა.
29 აგვ.'14 18:48
საქართველო უკრაინას მედიკამენტებით, აღჭურვილობით დაეხმარება
„შემდეგ ეტაპზე ჩამოვლენ ჩვენი ექიმები და შეაფასებენ რამდენად არის საჭიროება გადავიყვანოთ პაციენტები“ საქართველოში სამკურნალოდ, განაცხადა სერგეენკომ კიევში. 
29 აგვ.'14 15:02
ირაკლი ალასანია პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება“, - განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.
29 აგვ.'14 14:15
წინასწარი მონაცემებით, ივლისში მშპ-ს ზრდამ 7.2% შეადგინა
გასულ კვირას Moody’s Investors Service-მა საქართველოს Ba3 სუვერენულ რეიტინგში სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეუცვალა.
29 აგვ.'14 12:27
თბილისი შეშფოთებულია უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო
მარგველაშვილმა „ევროპაში ახალი ომის თავიდან აცილებისკენ“; ღარიბაშვილმა „საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის“ წინააღმდეგ მოუწოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62