Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ივნ.'10 / 19:19

პარლამენტმა 29 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსის 267–გვერდიანი პროექტი.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაბეგროს პრესა, განათლების სისტემა და ჯანდაცვის აპარატურის მიწოდება, რაზეც საუბარი იყო კოდექსის თავდაპირველ პროექტში. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით არცერთი ეს სფერო დღგ–თი არ იბეგრება.

“არც სასკოლო, არც საუმაღლესო და არცერთი ტიპის განათლება არ დაიბეგრება არცერთ ეტაპზე...  პრესა არ იბეგრება, ისევე რჩება ჩანაწერი, როგორც იყო ძველ საგადასახადო კოდექსში და მას დამატებითი დაბეგვრა არ შეეხება... ჯანდაცვის აპარატურის მიწოდებას ასევე არ შეეხება დღგ,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა.

აღნიშნული სფეროების პარალელურად, პროექტის მიხედვით, დღგ–თი ასევე არ დაიბეგრება სათამაშო ბიზნესი, ლატარიები და სხვა აზარტული თამაშები.

რიგგარეშე სხდომაზე ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვებში, ძირითადად, მონაწილეობა მიიღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, რადგან საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატების უმეტესობა განხილვების პარალელურად მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდა პრეზიდენტის კანცელარიაში.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან მიესალმნენ ახალ საგადასახადო კოდექსს, თუმცა აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენისას კიდევ ბევრი დებულება იქნება დასახვეწი პროექტის მუხლობრივი განხილვის გზით მეორე მოსმენისას.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისათვის ასევე დაუბრუნდებიან საშემოსავლო გადასახადის კლებასთან დაკავშირებული გრაფიკის საკითხსაც.

კოდექსის პროექტის თანახმად, გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი საშემოსავლო გადასახადი 2013 წლამდე 20%–იან ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2014 წლამდე 18% გახდება. დღეს მოქმედი გრაფიკით, კი ეს გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო და მას 2013 წლისათვის 15%–ისთვის მიეღწია.

ბაინდურაშვილის განცხადებით, 15%–იანი საშემოსავლო გადასახადის ამოქმედება 2014 წლიდანაა ნავარაუდევი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კოდექსის პროექტში ერთ-ერთი ძირითადი ნოვაციაა მიკრო ბიზნესის კატეგორია. ასეთად შეუძლია დარეგისტრირდეს 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულთა შრომას. ამ კატეგორიის ფიზიკური პირები გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ასევე არ ექნება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის კატეგორიას. ასეთად ჩაითვლება ის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვაც 200 ათას ლარზე ნაკლებია. ამ კატეგორიის ბიზნესის შემოსავალი 3%-დან 5%-მდე დაიბეგრება.

შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრით ისარგებლებენ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც შეძლებენ წარმოადგინონ მათი მთლიანი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯებისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.

3%-იანი დაბეგვრით ასევე ისარგებლებენ მცირე ბიზნესის კატეგორიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობენ - აქ იგულისხმება, მაგალითად, ბაზრობა.

ახალი კოდექსის მიხედვით, შეიქმნება საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი, რომელსაც მთავრობა დანიშნავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით,  მეორე მოსმენისათვის კანონპროექტში ჩაიდება ომბუდსმენის დანიშვნის კონკრეტული პროცედურები.

პროექტის თანახმად, ნაცვლად არსებული ყოველთვიური გადახდის წესისა, გადასახადების დეკლარირება კვარტალურად მოხდება; ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო კანონის ორაზროვანი დებულების შემთხვევაში უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილება გადამხდელის სასარგებლოდ გამოიტანოს; კოდექსში ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა და შესაბამისად, საბაჟო და საგადასახადო ბარათებიც; გათვალისწინებულია პატიოსანი გადამხდელის წახალისების რიგი მექანიზმები. 

აღნიშნული დებულებები 2011 წლიდან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს ახალ საგადასახადო კოდექსს.

ამავე პერიოდიდან იყო გათვალისწინებული ცალკეულ კატეგორიებზე აქციზური გადასახადების გაზრდაც.

თუმცა პროექტის ეს ნაწილი ფინანსთა სამინისტრომ ცალკე გამოყო და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ახალი ინიციატივის სახით წარუდგინა პარლამენტს განსახილველად.

ამ ახალი კანონპროექტის მიხედვით გაორმაგებული აქციზური გადასახადები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება შემდეგ სასაქონლო კატეგორიებზე –  ალკოჰოლურ სასმელებზე: ერთ ლიტრ ეთილის სპირტზე გახდება 2,6 ლარი; სპირტიან სასმელებზე, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით - 4,6 ლარი ერთ ლიტრზე; ვისკი - 5 ლარი; არაყი - 3 ლარი; ლუდი - 0,4 ლარი.

შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი დაიბეგრება ერთ ტონაზე 120 ლარით, ნაცვლად დღეს არსებული 80 ლარისა.

აქციზით 1 აგვისტოდან დაიბეგრება ასევე კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურეობაც. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამ მომსახურეობისთვის განაკვეთი 10%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდება. დასაბეგრ ბრუნვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაწეული კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების თანხების ჯამი.

 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72