Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:12 - 11 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაინდურაშვილი: პრესა არ დაიბეგრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივნ.'10 / 18:03

ბეჭდვური მედია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) არ დაიბეგრება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი განიხილებოდა.

მისი განმარტებით, პრესის დაბეგვრის თაობაზე შექმნილი აჟიოტაჟი "გაუგებრობა“ იყო, რაც პროექტში არსებულმა "ხარვეზიანმა“ ჩანაწერმა განაპირობა.

“ჩვენი პრინციპი იყო, რომ არ შევხებოდით ტრადიციულად დაუბეგრავ სექტორებს, მათ შორის პრესას,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ „არაადეკვატური“ გადაწყვეტილება იქნებოდა პრესის დაბეგვრა მაშინ, როცა ამ სფეროდან ბიუჯეტში შემოსული თანხები „ერთი რიგითი კომპანიიდან შემოსავლებზე დაბალია“.

“ჩვენი ამოცანა იყო, რომ კოდექსის სამუშაო ვერსიაზე ყოფილიყო დებატები და მისასალმებელი, რომ ეს დებატები შედგა,“– აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გადასახადების სახეობებისა და განაკვეთების ზრდაზე მთავრობამ დეკლარირებული უარი განაცხადა, ახალ საგადასახადო კოდექსში „ერთადერთი გზა იყო დასაბეგრი ბაზის გაფართოვება“.

მისი თქმით, ამ კუთხით ძირითადი აქცენტი გაკეთდა მაღალშემოსავლიან და „ჭარბი მოგების“ მქონე დარგებზე, ძირითადად, აქციზური გადასახადების ზრდის კუთხით.

“მაგალითად, საქართველოში ყველაზე დაბალია ალკოჰოლზე აქციზური გადასახადი და მისი ზრდა გადავწყვიტეთ ისე, რომ ფიგურალურად 15–ლარიანი არაყი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 0,5 ლარით. იგივე ეხება აქციზს ტელეკომუნიკაციებზე  – ამ სფეროზე საგადასახადო წნეხი დღეს საშუალოზე ნაკლებია,“– განაცხადა მინისტრმა.

საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადი გაორმაგდება ალკოჰოლურ სასმელებზე, კერძოდ: ერთ ლიტრ ეთილის სპირტზე გახდება 2,6 ლარი; სპირტიან სასმელებზე, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით - 4,6 ლარი ერთ ლიტრზე; ვისკი - 5 ლარი; არაყი - 3 ლარი; ლუდი - 0,4 ლარი.

შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი დაიბეგრება 120 ლარით ერთ ტონაზე, ნაცვლად დღეს არსებული 80 ლარისა.

აქციზით დაიბეგრება კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურეობაც. საგადასახადო კოდექსის პროექტში ნათქვამია, რომ ამ მომსახურეობისთვის განაკვეთი 10%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდება. დასაბეგრ ბრუნვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაწეული კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების თანხების ჯამი.

საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად დღგ-სგან გათავისუფლება აღარ შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რაც დიდი ალბათობით სწავლის საფასურის გაძვირებას გამოიწვევს.

კოდექსის პროექტის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი საშემოსავლო გადასახადი 2013 წლამდე 20%–იან ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2014 წლამდე 18% გახდება. დღეს მოქმედი გრაფიკით, კი ეს გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო და მას 2013 წლისათვის 15%–ისთვის მიეღწია. 

ბაინდურაშვილის თქმით, ამ გრაფიკის გადავადება არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო ხდება და მთავრობა ამით უარს არ ამბობს გადასახადების შემცირების პოლიტიკაზე, “მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურისა და გაერთიანებული საამიროების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს“.

ფინანსთა მინისტრის თქმით, „ასეულობით შენიშვნა“ არსებობს, რომელთა 70% არის გაზიარებული და საგადასახადო კოდექსის პროექტი პარლამენტში განხილვის პარალელურად კიდევ უფრო დაიხვეწება. 

უახლესი ამბები
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.
07 დეკ.'17 14:44
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
07 დეკ.'17 13:39
არასამთავრობოებმა უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების არშეშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს
უკრაინაში შესვლაზე უარი ტელეკომპანიების რუსთავი2-ის, TV პირველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს უთხრეს.
07 დეკ.'17 12:56
სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა უკრაინაში სააკაშვილის დაკავება გააპროტესტეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90