Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მაი.'10 / 23:35

8 მაისს, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს თბილისის მერობის ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა დასაქმების, სოციალური სფეროს, ქალაქის ინფრასტრუქტურის და კომუნალური გადასახადების საკითხები მიმოიხილა.

დაახლოებით საათნახევრიან დებატებში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობიდან; ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ; კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ჭანტურიამ და მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ.

თავიანთ მისასალმებელ სიტყვებში, რომლისთვისაც თითოეულ კანდიდატს ორ-ორი წუთი ჰქონდა, კონკურენტებმა აქცენტი მათი საარჩევნო კამპანიის ძირითად გზავნილებზე გააკეთეს. 

გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც დებატები გახსნა, განაცხადა, რომ ქვეყანა ”უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში” იმყოფება და ”მე აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგარწმუნოთ თქვენ იმაში, რომ აუცილებელია განხორციელდეს ანტი-კრიზისული პროგრამა, რომლის ღერძი სწორედ გახლავთ დასაქმება და დაბალი ტარიფები”.

ზვიად ძიძიგურმა, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, დებატების დროს რემდენჯერმე გააკრიტიკა პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი, ხოლო მისასალმებელი გამოსვლა მან ასე დაიწყო: ”ძალიან ლამაზ და კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ უცნაური ამბები გვჭირს.” შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე ერთი თვეა, რაც უცხოეთში მოგზაურობს. ”ჩამოვიდა [აშშ-დან] ორი დღით ... და შემდეგ ვატიკანში გაფრინდა. დღეს კოსტა-რიკაშია, ხვალ არ ვიცი სად იქნება ან ზეგ სად წავა,” - განაცხადა მან. ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს ეუბნება, რომ დღეს საქართველო უფრო კარგი ქვეყანაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო. ”მე ვკითხულობ: დამატებით რატომ დაიკარგა ქვეყანაში ტერიტორიები, დამატებით რატომ მოგვემატა დევნილები, რატომ არის უსაფრთხოება ამ ქვეყნის კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე აქამდე იყო?” 

”ჩვენ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ, ყველას, ვისაც არ მოგწონთ ის ყოფა, რომელშიც არის საქართველო, მოდით და ხმა მიეცით ოპოზიციას,” - დასძინა მან.

მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა მისასალმებელ გამოსვლაში, რომ ”თბილისი დღეს უკეთესია, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ”. ”მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დასაქმების კუთხით,” - განაცხადა უგულავამ და თბილისის მერიის ის რამოდენიმე პროექტი დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მიმართა ამომრჩევლებს, რომ ”ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის შესაცვლელი და აუცილებელი, ეს არის დავძლიოთ ერთად უიმედობა”. 

”ეს არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ თქვენი მომავალი, თქვენი შვილების მომავალი. ამიტომ, აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი აქტიურობა და მოხვიდეთ ამ არჩევნებზე,” - განაცხადა ალასანიამ.

მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში, რომ თბილისის მერია ბევრ ”შეუსაბამო” და ძვირადღირებულ პროექტს ახორციელებს. ”დღეს თბილისი მე არ მომწონს. სამოცდაათი წელი აქ ვცხოვრობ და უფრო კარგი თბილისი მახსოვს,”- აღნიშნა მან.

დასაქმება

თითოეული კანდიდატისთვის დასმული ოთხი კითხვიდან პირველი ეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებენ ისინი უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას. თითოეულ კანდიდატს ორი წუთი ჰქონდა, რათა თითოეული კითხვისთვის პასუხი გაეცა, ხოლო შემდეგ დამატებითი კომენტარებისთვის და რეპლიკებისთვის კიდევ ერთი წუთი. 

ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც პირველმა უპასუხა უმუშევრობის პრობლემის შესახებ დასმულ კითხვას, განაცხადა, რომ ეროვნული საბჭო ”ერთადერთი პოლიტიკური ძალაა”, რომელსაც ამ საკითხის მოგვარების გეგმა გააჩნია.

”ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთთან დიალოგის გზით გაიხსნება რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, გაიხსნება სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა და დასაქმდებიან ადამიანები,” - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან დიალოგის გზით უნდა მოაგვაროს. ”ისინი, ვინც დაუჭერენ მხარს ეროვნულ საბჭოს, ასევე დაუჭერენ მხარს რუსეთთან დიალოგის დაწყებას ამ საკითხებზე... სხვაგვარად ამ ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა არ გააჩნია,” -დასძინა მან.

ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების დაცვა იმპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების გზით, უმთავრესად კი სოფლის მეურნეობის დარგში.

გიგი უგულავამ განუცხადა მაყურებელს, რომ უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს. მან რამოდენიმე პროექტი ჩამოთვალა, რომლის განხორციელებაც თბილისის მერიამ შარშან დაიწყო უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით, მათ შორის: ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, კომპიუტერის და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები და პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერია შეღავათიან სესხებს უზრუნველყოფს მცირე ბიზნესებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად ბევრად მნიშვნელოვანია ”ახალი საექსპორტო ბაზრების მოძებნა”, ვიდრე პროტექციონისტული ზომების გატარება.    

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ”არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ” და ”ბიზნესზე ზეწოლამ” გამოიწვია ის, რომ ”თბილისელების თითქმის ნახევარი დღეს დაუსაქმებელია”.

შემდეგ ალასანიამ მოკლედ ისაუბრა თავის საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც 120 მილიონი ლარის მოცულობის მუნიციპალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ფონდი შეღავათიან სესხებს უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.  მისი თქმით, ეს გეგმა პირველივე წელს 50 000 თბილისელის დასაქმებას დაეხმარება. იგი მოსახლეობას ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასაც დაპირდა.

ალასანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბიზნესის დაცვის ინსტიტუციური გარანტიები და თავისუფალი სასამართლო სისტემა არ არსებობს.

გოგი თოფაძემ, რომელიც კომპანია ”ყაზბეგის” მფლობელია, განაცხადა, რომ მან უკვე შეიტანა საკუთარი წვლილი სამუშაო ადგილების შექმნაში იმ ქარხნებით, რომელიც მისმა კომპანიამ საქართველოს რამოდენიმე ქალაქში ააშენა.

მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი პროდუქციის დახმარების მიზნით იგი პროტექციონისტური მიდგომის მომხრეა. თოფაძის თქმით, თბილისის მერის პოსტი საკმაოდ გავლენიანია, იმისთვის რომ პროტექციონისტური  ზომების გატარებას წარმატებით გაუწიოს ლობირება.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ იგი მოხარულია, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დევიზი ”დასაქმება და დაბალი ტარიფები” მერობის სხვა კანდიდატების საარჩევნო პროგრამების ნაწილიც გახდა.

შემდეგ მან ახსენა თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება, რომელიც გაზის და დენის გადასახადის მნიშვნელოვან შემცირებას და უფასოდ წყლის მიწოდებას ითვალისწინებს. ჭანტურიას თქმით, ეს საწარმოების და ბიზნესების ხარჯებს შეამცირებს და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. კომუნალური გადასახადების საკითხი უფრო დეტალურად მოგვიანებით იქნა განხილული, როდესაც ამ საკითხზე კანდიდატებს ცალკე შეკითხვა დაუსვეს.

ინფრასტრუქტურის განვითარება

მეორე კითხვა, რომელიც კანდიდატებს დაუსვეს, ეხებოდა მათ შეხედულებას თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გიგი უგულავამ განუცხადა მაყურებელს, რომ გზების რეაბილიტაცია და ახალი  გზების მშენებლობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანა, საბოლო ჯამში ბიზნესის განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას დაეხმარება.

ალასანიამ განაცხადა: ”ის, რაც დღეს თბილისში ხდება, ეს არის ძალადობა თბილისზე და ურბანული ქაოსი”.

”არ არსებობს ქალაქ თბილისის განვითარების სტრატეგიული ხედვა. პირველი, რასაც გავეკეთებთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, შევქმნით სტრატეგიული ხედვის დოკუმენტს, რომელსაც დაეყრდნობა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა,” - განაცხადა მან.

ალასანიამ ქალაქის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების არაგამჭირვალედ განხორციელების გამო გააკრიტიკა.

გოგი თოფაძემ ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვისა და დაგეგმვის გამო გააკრიტიკა.

გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ თითოეულმა პროექტმა განხორციელებამდე პროფესიონალებთან საჯარო განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.

ზვიად ძიძიგურმა განაცხადა: ”თბილისი დღეს არის პოტიომკინის სოფელი. სადაც დადის მიხეილ სააკაშვილი, იქ არის ყველაფერი გალამაზებული... ერთი კაცის ახირების მიხედვით წყდება თბილისში სად რა უნდა აშენდეს.. საქმე იმაშია, რომ ამ კაცს გემოვნება არ აქვს”.

მან ასევე გიგი უგულავას განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს არაფერი აქვს საერთო სამუშაო ადგილების შექმნასთან. ”ეს არის კორუფცია და ხალხის ფულის ხარჯვა უაზროდ,”- განაცხადა ძიძიგურმა.

რეპლიკის დროს უგულავამ უპასუხა ოპონენტებს, რომ თბილისს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად აქვს გენერალური განვითარების გეგმა, რომელიც საკრებულომ შარშან დაამტკიცა. თუმცა ალასანიამ უპასუხა, რომ ამ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო ქალაქის სტრატეგიული განვითარების ხედვასთან.

სოციალური პრობლემები

ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება. შემდეგ მან მოკლედ ისაუბრა მისი საარჩევნო დაპირების შესახებ, რომელიც დედაქალაქში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების  117 მილიონ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, ასევე მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნას, სადაც წამლები შეღავათიან ფასებში გაიყიდება. მან ასევე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში 100 ლარის დახმარებას პირდება კომუნალური გადასახადებისთვის.

გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი პარტიის დაპირებაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია დაიწყოს მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რომელიც ”უფასოდ, ან მიზერულ ფასში” მოემსახურება პაციენტებს.

გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდეს. მისი თქმით, იგი ეთანხმება წინადადებებს მუნიციპალური საავადმყოფოების და მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნის შესახებ.

ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტი ყოველწლიურად გამოყოფს 150 მილიონ ლარს დაბალშემოსავლიანი ოჯახების პენსიონერებისთვის სრული ჯანდაცვის პაკეტის დასაფინანსებლად. მისი თქმით, არა მარტო ამ კატეგორიის პენსიონერები, არამედ მათი ოჯახის ყველა წევრიც დაზღვეული იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეთათვის წიგნები უფასო გახდება.

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ”სამწუხაროდ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს სრულყოფილი სოციალური პროგრამა”.

”ნებისმიერი სოციალური პროგრამა, რაც არ უნდა შეიქმნას, მეორე დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მეტი სრულყოფა სჭირდება ამას. ამიტომ, ყველაზე სწორი და მართებული სოციალური პროგრამა არის დასაქმება. დასაქმება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენი მოსახლეობა სოციალური გაჭირვებისგან,” - განაცხადა მან.

კომუნალური გადასახადები

დებატების მეოთხე და ბოლო შეკითხვა კომუნალურ გადასახადებზე კანდიდატთა მოსაზრებებს ეხებოდა. 

გიორგი ჭანტურია პირდება ამომრჩევლებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის არსებული 0.51 ლარიდან ერთ კუბურ მეტრზე 0.1 ლარამდე შემცირდება, ხოლო დენის ტარიფი, რომელიც ამჟამად 0.135 ლარიდან 0.177 ლარამდე მერყეობს (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად) 0.05 ლარამდე შემცირდება.

გოგი თოფაძე დაეთანხმა ჭანტურიას, რომ შესაძლებელია წყალი თბილისელებისთვის იყოს უფასო. ”ეს მერიას 6-7 მილიონ ლარზე მეტი არ დაუჯდება წელიწადში,” - განაცხადა მან. ჭანტურიას თქმით, ეს მუნიციპალურ ბიუჯეტს 2,8 მილიონი ლარი დაუჯდება წელიწადში.      

ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ  კომუნალური გადასახადების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცილდება.

”ეს არის გასაკეთებელი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და სანამ არ შევცვლით ამ პრეზიდენტს, რომელიც ასეთ ტარიფებს უდგენს თავის მოსახლეობას, მანამდე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეგვიძლია ჩვენ კომუნალური გადასახადების შემცირება,” - განაცხადა მან.

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კომუნალური ტარიფები ”თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია”. მისი თქმით, იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ეს საკითხი გიორგი ჭანტურიამ წამოწია თავის საარჩევნო კამპანიაში, ”თუმცა მე განსხვავებული ხედვა მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით”. 

”კერძოდ, ჩვენ ექსპერტებთან ერთად დავითვალეთ და ის, რომ შესრულდეს ის გეგმა, რაც ბატონმა გიამ [ჭანტურიამ] წამოაყენა, დაახლოებით 400 მილიონ ლარამდეა საჭირო ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად სხვა ვალდებულებებს თბილისის მერია ვეღარ შეასრულებს,” - განაცხადა უგულავამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლებამ ფუნდამენტური რეფორმები გაატარა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის და გაზის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა.

”ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები თბილისელების წინაშე. ბევრი დაპირება, რომელსაც მე ვისმენ, სამწუხაროდ, არ არის რეალიზირებადი. განხორციელებადი არის ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვსრულყოთ სოციალურად დაუცველთა სისტემა და დახმარება, მათ შორის სუბსიდია მოხდეს იმ ხალხის, ვისაც რეალურად უჭირს,” - განაცხადა უგულავამ

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ წყლის ტარიფის შემცირება შესაძლებელია.

”მაგრამ წყალი არ იქნება უფასო იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ წყალს მიწოდება სჭირდება მომხმარებლამდე,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, ასევე შესაძლებელია გაზის ტარიფის 50%-ით, ხოლო დენის ტარიფის - 30%-ით შემცირება.

დასკვნითი გამოსვლები

თავის დასკვნით სიტყვაში მოქმედმა მერმა მიმართა ამომრჩევლებს, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ”არა ფუჭი დაპირებებით, არამედ საქმით, რომელიც უკვე კეთდება”.

”დღეს ჩვენ გვთავაზობენ, რომ თბილისის მერია ვაქციოთ პოლიტიკური კინკლაობის ცენტრად. მე გეუბნებით, რომ თბილისის მერია უნდა ვაქციოთ დასაქმების ცენტრად. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თბილისის მერობა არის ტრამპლინი უკეთესი მომავლისკენ. მე კი თქვენ გეუბნებით, რომ თბილისის მერობა არის ოცდაოთხსაათიანი შრომა ისევ და ისევ თბილისელების დასაქმებისთვის,” - განაცხადა მან.

თავის დასკვნით სიტყვაში ირაკლი ალასანიამ ამომრჩევლებს 30 მაისს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა და გაიმეორა, რომ ეს არჩევნები არის ”შანსი შევცვალოთ ჩვენი მომავალი”.

”რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მინდა გითხრათ, რომ ცვლილების ყველაზე დიდი იარაღი არის საარჩევნო ბიულეტენი. სწორედ ამ იარაღით უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ ის უსამართლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დაგვიჭერთ მხარს,” - განაცხადა ალასანიამ.

გოგი თოფაძემ განაცხადა: ”მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ის იდეები, რომელსაც ჩვენ 1996 წლიდან ვებრძვით, ყველა ამას იმეორებს  და ეს არის დასაქმება”. მან დასკვნით სიტყვაში ასევე ახსენა წიგნი ”საიდუმლო სირობა”, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ცხარე განხილვები იმართებოდა. თოფაძე, რომელმაც დაგმო ეს წიგნი, შეეცადა ამ თემას უშუალოდ დებატების დროსაც შეხებოდა და ერთ-ერთი ორწუთიანი გამოსვლისას ახსენა აღნიშნული წიგნი.

დასკვნით სიტყვაში ჭანტურიამ განუცხადა ამომრჩევლებს, რომ იგი გამოიყენებს მთელ თავის ”გამოცდილებას და ურთიერთობებს საერთაშორისო კომპანიებთან” თავისი საარჩევნო დაპირებების განსახორციელებლად. ”რასაც ჩვენ ვპირდებით რეალურია,” - განაცხადა მან.

ძიძიგურმა განაცხადა, რომ როდესაც უგულავა ხელახლა წარადგინეს მერობის კანდიდატად, ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას, თუ ვის მიიჩნევდა თავის მთავარ კონკურენტად. ”მე ვუთხარი, მიხეილ სააკაშვილი. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი გიგი უგულავა აქ არაფერ შუაში არ არის. ეს არის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია,” - განაცხადა მან.

”ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. ადექით და გამოდით არჩევნებზე. ხმა მიეცით ნებისმიერ კანდიდატს, გარდა ამათ [ხელისუფლების] კანდიდატისა... თუ დარჩებიან ესენი ხელისუფლებაში, გასაფუჭებელი კიდევ ბევრია და კიდევ ბევრს გააფუჭებენ,” - განაცხადა ძიძიგურმა. ძიძიგურმა დებატების დროს ასევე განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს თბილისში გეი აღლუმების მოწყობას.

სულ თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. თუმცა ამ პირველი დებატებისთვის ეს ხუთი კანდიდატი იმ პრინციპით შეირჩა, რომ ისინი ”კვალიფიციურ” საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენენ  - საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  ეს ის პარტიებია, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების სულ ცოტა 4% მიიღეს, ხოლო უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 3% მაინც დააგროვეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 9 მაისს გამართა დებატები, იგივე ფორმატით, დანარჩენ ოთხ კანდიდატს შორის, რომლებიც ე.წ. ”არაკვალიფიციური პარტიების” მიერ არიან ნომინირებულები.

სატელევიზიო დებატები გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადაფინანსებით. USAID-მა დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი გამოყო დებატების ორგანიზებისთვის, დებატების შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის.

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82