Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:35 - 24 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე პუტინს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მარ.'10 / 21:25

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე 4 მარტს მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

”ცხოვრება წინ მიდის და დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხზე დაყრდნობით, რომლებსაც სურთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები, ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ურთიერთობების ის დონე, რომელიც კრიზისამდე არსებობდა,” - მოყავთ რუსულ სააგენტოებს პუტინის სიტყვები, რომელიც მან ბურჯანაძესთან შეხვედრისას წარმოთქვა.

”სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებობს ხალხი, ვისთანაც ჩვენ ვერ ავაგებთ ურთიერთობებს. უფრო მეტიც, მე მიმაჩნია, რომ მათი პოლიტიკა ტრაგედიით დასრულდა,” - განაცხადა პუტინმა,

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 1 მარტს ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა არის ”პირველი ეტაპი, სიმბოლური აქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისა”.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

”გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში რუსულ-ქართული ურთიერთობები ტრაგიკულ ჩიხამდე მივიდა,” - განუცხადა მან პუტინს, ”მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო, რომ შესაძლებელია გამოინახოს გზა ამ ჩიხიდან. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებში შედის. საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები საჭიროა მთელი რეგიონის და ჩვენი ხალხების მშვიდობიანი განვითარებისთვის.”

”დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია გამოინახოს გზები, რათა ჩვენი ურთიერთობები მყარი გახდეს. ეს ადვილი არ იქნება და ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

”მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის ინტერესებში შედის და ასევე თქვენი ხალხის და თქვენი ქვეყნის ინტერესებში. ამიტომ, ეს უნდა გაკეთდეს. ეს თითოეული მოქალაქის ვალია, განსაკუთრებით მათი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული. ვფიქრობ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები, რომელიც ამ რთულ ვითარებაში რიგით მოქალაქეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.”  

”მიმაჩნია, რომ ყველა ის რთული საკითხი, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებობს, ღიად და ორმხრივი პატივისცემის და ორმხრივი ნდობის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს,” - დასძინა მან.

ბურჯანაძე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

”მაშინ როცა ზოგი მერის არჩევნებით არის დაკავებული და ხელისუფლება კიდევ არის დაკავებული ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ,”- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ 3 მარტს მოსკოვში გამგზავრებამდე.

ისევე როგორ ნოღაიდელის შემთხვევაში, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ბურჯანაძის ქმედება ”კოლაბორაციონიზმად” და ”ღალატად” შეაფასეს.

”ყველაფერი სავსებით ნათელია - ნოღაიდელის მსგავსად, ბურჯანაძეც ეძებს მოკავშირეებს მოსკოვში თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში... ეს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ”დიდ პოლიტიკას” აკეთებს. სინამშვილეში სამშობლოს ღალატს სჩადიან; თუმცა მათ საქართველოში დასაყრდენი არ გააჩნიათ,” - განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა 4 მარტს.

”მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ შეცდომას და მორალურად ჩემთვის მიუღებელს,”- განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტზე და დასძინა, ”უცხოეთში არ უნდა ეძებო ის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა მოიპოვო”.

ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, მიესალმა ბურჯანაძის გადაწყვეტილებას მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. 

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ნინომ შეცვალა მისი ადრე გამოცხადებული დამოკიდებულება... რომ მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო რუსეთთან დიალოგი. გახსოვთ თქვენ, ცოტა ხნის წინ ამაზე ჰქონდა მას საუბარი, რომ ჯერ უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია,”- განაცხადა ნოღაიდელმა, ”მე მგონი თვითონაც და ყველაც დავრწმუნდით იმაში, რომ  ჩვენი წინაპირობების და ჩვენი ულტიმატუმების მაინცდამაინც არავის არ ეშინია და ეს დიალოგი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველომ სწორედ ამ დეოკუპაციისა და გაერთიანების შანსი დაიბრუნოს ამ დიალოგის შედეგად”.

ბურჯანაძის ვიზიტს ასევე მიესალმდნენ კონსერვატორები და ხალხის პარტია, რომელთაც ცოტა ხნის წინ ახლო თანამშრომლობა დაიწყეს ნოღაიდელის პარტიასთან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

”ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სერიოზული დიპლომატის და პოლიტიკოსის როგორიც ნინო ბურჯანაძეა მონაწილეობა, მხოლოდ დაეხმარება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას,” - განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

”დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ბურჯანაძე იმიტომ არის მოსკოვში, რომ იპოვოს საქართველოს გაერთიანების გზები - სწორედ ის მიზეზი, რისთვისაც ბატონი ნოღაიდელი სტუმრობა მოსკოვს,” - განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. 

უახლესი ამბები
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65