RSS Feed Eng | Rus | Geo  
Home
09 თებ. '10 | ბოლო განახლება: 19:20 - 9 თებ.'10
მთავარი ახალი ამბები ინტერვიუ სამხედრო ეკონომიკა ფოტო პოლიტიკა არჩევნები არქივი
 
დაპირისპირება პატრიარქზე ვიდეო-რგოლების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ოქტ.'09 / 19:36
Share/Save/Bookmark

რამოდენიმე ვიდეო კლიპს, რომლებშიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეა გაშარჟებული და რომლებიც თავდაპირველად ინტერნეტით გავრცელდა, ხოლო შემდეგ სატელევიზიო რეპორტაჟიც მიეძღვნა, მართლმადიდებელი მრევლის, ოპოზიციური პარტიების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან დაგმობა მოყვა.

ერთ-ერთ კლიპში ნაჩვენებია პატრიარქის სურათი, რომელზე დადებული ხმაც, რომელიც  პატრიარქს ბაძავს, უხამსი ტერმინებით იხსენიებს პრეზიდენტ სააკაშვილს. ვიდეო კლიპი პირველად 13 ოქტომბერს YouTube-ზე იმ ანონიმურმა მომხმარებელმა დადო, რომელიც YouTube-ზე იმავე დღეს არის დარეგისტრირდა. იმავე დღეს ვიდეო კლიპი თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ გადაიტანა თავის Facebook-ის გვერდზე.   

თუმცა ეს და კიდევ სხვა რამოდენიმე ვიდეო კლიპი, რომლებშიც ასევე პატრიარქია გაშარჟებული, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ამ კლიპების ფრაგმენტები ტელეკომპანია ”კავკასიაზე” გადაცემა ”კვირის რეპორტაჟის” სიუჟეტში გავიდა 18 ოქტომბერს. ვინაიდან თავისუფლების ინსტიტუტს ახლო კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, სატელევიზიო რეპორტაჟში მინიშნებული იყო, რომ ”პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიის” უკან ხელისუფლება იდგა.

იმავე რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ეს კამპანია მოყვა ილია მეორეს მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო აგვისტოს ომის თავიდან აცილება - ეს აზრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას.

”ეს [აგვისტოს ომი] არ უნდა მომხდარიყო. ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ მოვლენებისთვის. გემი როცა მიდის ზღვაში, კაპიტანმა უნდა იცოდეს სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით ამ კედელს,” - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ორი კვირის წინ მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

”კვირის რეპორტაჟმა” ასევე გაავრცელა ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან, რომელმაც პატრიარქის განცხადებას ”ანტი-სახელმწიფოებრივი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს განცხადება რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. ”როგორც ჩანს, რუსეთს კვლავ აქვს მხარდაჭერა ბევრ ადგილებში, მათ შორის საპატრიარქოშიც,” - განაცხადა მან.

რეპორტაჟის გასვლის შემდეგ თუთბერიძემ ათობით დამამცირებელი შეტყობინება მიიღო მის Facebook-ის გვერდზე, რომელთაგანაც ზოგი მუქარასაც შეიცავდა. ამ მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო მან სამართალდამცავებსაც მიმართა და როგორც 21 ოქტომბერს თუთბერიძემ განაცხადა, პროკურატურამ უკვე დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა.

20 ოქტომბერს რამოდენიმე ასეულმა სტუდენტმა, საუნივერსიტეტო თვითმმართველობების ორგანიზებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.  სტუდენტურმა ჯგუფებმა მორიგი აქციისკენ 1 ნოემბერს მოუწოდეს.   

ასევე 20 ოქტომბერს, გვიან ღამით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესიაზე თავდასხმები ”ნებით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას”.

”საქართველო მთელს რეგიონში დებატების სიმძაფრით და მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დემოკრატიული და მისასალმებელია. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს,” - ნათქვამია განცხადებაში. განცხადება მიესალმება პატრიარქს და აცხადებს, რომ ის ”საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს”.   

”ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ, რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა,” - ნათქვამია განცხადებაში.

21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ ”საქართველოს ეკლესიის მრევლი და საერთოდ, ხალხი აღშფოთებულია საკუთარი ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო და პასუხს ითხოვს”.

”პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულებები და ამასთან, საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისათვის უცხო და მიუღებელ წესებზე დაამყარონ,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ეკლესია აცხადებს, რომ ”არ უნდა ავყვეთ” სასულიერო პირების პოლემიკაში ჩართვის მცდელობას, რაც ”არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი”, თუმცა აქვე მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ”ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში მისცენ საშუალება პასუხი გასცენ ბოროტ განმზრახველთა ქმედებებს”. 

ვიდეო-რგოლების დაგმობისას ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისუფლების ინსტიტუტის აკრძალვისკენაც კი მოუწოდა.

”ჩვენ მოვითხოვთ თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის აკრძალვას, ისევე როგორც მსოფლიო პრაქტიკაში აკრძალულია ანტისემიტური და ფაშისტური ორგანიზაციები,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”თავისუფლების ინსტიტუტის მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს წინააღმდეგ ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ბოლო დროს ინტერნეტ საიტებზე ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ბინძური ვიდეორგოლების გავრცელება იწვევს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის რელიგიური და პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფას”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კლიპების გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ინსტიტუტის წევრების მიმართ ”ანგარიშსწორება”, რაც მისი თქმით, ”არ შედის საქართველოს ინტერესებში”.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ილია მეორეს ავტორიტეტს ”მსგავსი კამპანიები ვერაფერს დააკლებს”.

ამავე თემაზე
საპატრიარქო ”მიზანმიმართულ ანტიეკლესიურ კამპანიაზე” საუბრობს 
ევროპის საბჭოს მოხსენება საქართველოში ეროვნული უმცირესობების შესახებ

უახლესი ამბები

09 თებ. '10 | 19:20
საქართველომ ყოფილი კონგრესმენის ლობისტური ფირმა იქირავა
09 თებ. '10 | 19:19
ხელისუფლების წარმომადგენლები ”მისტრალზე” საფრანგეთ-რუსეთის გარიგებას აკრიტიკებენ
09 თებ. '10 | 19:17
პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
09 თებ. '10 | 19:14
ადგილობრივი არჩევნების დღე კონსტიტუციურად არ განისაზღვრება
09 თებ. '10 | 16:12
ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ”ისტორიული” უწოდა
09 თებ. '10 | 13:56
საზოგადოებრივი მაუწყებლის და Eutelsat-ის საქმის სასამართლო განხილვა ორ კვირაში დაიწყება
09 თებ. '10 | 12:23
ბაქრაძე თურქეთს სტუმრობს
08 თებ. '10 | 20:12
საფრანგეთი რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვას დათანხმდა
08 თებ. '10 | 19:52
მიუნხენის კონფერენციას ვაშაძე, ალასანია დაესწრნენ
08 თებ. '10 | 19:34
სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთს ადარებს
სხვა ამბები »   

About Civil Georgia
Civil.Ge © 2001-2008, Daily News Online
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82

Visitors
Since July 1, 2001