Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი დემოკრატიულ რეფორმებს პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'09 / 21:50

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას რამოდენიმე კონკრეტული წინადადება წამოაყენა- ზოგი ძველი და ზოგიც ახალი და ოპოზიციასთან დიალოგისა და რეფორმების სწრაფი ტემპით გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

წინადადებები მოიცავს რეფორმირებას საარჩევნო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის; საზოგადოებრივი მაუწყებლის; სასამართლო სისტემის. ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ითვალისწინებს კონსტიტუციური შეზღუდვების მოხსნას უცხოეთში მცხოვრები იმ თანამემამულეებისთვის, რომელთაც არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სურთ.  

ოპოზიციამ, მათ შორის დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან, პრეზიდენტის მიმართვა და შემდგომ გამართული საპარლამენტო დებატები შეაფასეს, როგორც სააკაშვილის PR-აქცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის წინ, რომელიც თბილისში 22 ივლისს დაიწყება.

ადგილობრივი არჩევნები

სააკაშვილის წინადადებაა ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს 2010 წლის 30 მაისს, ნაცვლად დაგეგმილი ამავე წლის შემოდგომისა. გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნების გადმოწევის შეთავაზება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აპრილის ოპოზიციური აქციების დაწყებამდე გაახმოვანა.

”დავნიშნოთ თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები და უფრო წარმომადგენლობითი დედაქალაქის საკრებულოს არჩევნები, სადაც იქნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც შედარებით მომცრო ჯგუფს მისცემს საშუალებას იყოს წარმოდგენილი და დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები,”- განაცხადა მან. 

სააკაშვილის თქმით, მანამდე, 2009 წლის ბოლომდე საარჩევნო კოდექსის რეფორმირება უნდა მოხდეს ისე, რომ აღარ უნდა არსებობდეს პრინციპი ”მე წავაგე, ე.ი გაყალბდა”; ასევე ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა შეირჩეს ფართო შეთანხმებით ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. 

”შეჯიბრი მოხდება არა ქუჩაში ყვირილით, არამედ კონკურენტულ საარჩევნო გარემოში და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხალხის მხარდაჭერაზე არჩევნებში,”- განაცხადა მან, ”პოლიტიკური ბრძოლის ძველი მეთოდები ვეღარ იმუშავებს - მთავრობები შეიცვლებიან მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენებით და არა გადატრიალებებით სამხედრო თუ რაღაც სხვა ფორმით, არა იარაღით, არა უცხოური ფულით მითუმეტეს, არა გალიებით და არა ბარიკადებით”. 

საკონსტიტუციო ცვლილებები

სააკაშვილის თქმით, კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს მუშაობა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, რათა გაძლიერდეს პარლამენტი, პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის უფლების შეზღუდვის გზით.

”კიდევ უფრო შევზღუდოთ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ამ და შემდგომი პრეზიდენტებისთვის იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს უფრო დამოუკიდებელი, უფრო ძლიერი,”- განაცხადა მან, ”თუმცა საქართველოში ეფექტური საპრეზიდენტო მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მითუმეტეს, როცა ქვეყნის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული... საჭიროა დაბალანსებული მოდელის პოვნა”.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის უახლოეს ხანებში პარლამენტში შევა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის მათ ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა, მიიღოს მონაწილეობა ”ყველა დონის” არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

”რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უნდა გააჩნდეთ საქართველოში ცხოვრების კონსტიტუციური მინიმალური ცენზი,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორი იყო კონსტიტუციური გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის უფლების მინიჭების თაობაზე.

კონსტიტუციის თანახმად,  ”პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში”.

ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქემ, ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, რომ მას  საქართველოს პრეზიდენტობა სურს. იმავდროულად, საქართველო გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული, ყოველთვის ითხოვდა ისეთი ცვლილებების მიღებას, რაც მას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდა.

”მე აქ არ მინდა ისე იყოს გაგებული თითქოს მე ვამზადებ უცხოეთში მცხოვრებ ვინმე ქართველს ჩემს შემცვლელად,”- აღნიშნა პრეზიდენტმა თავის გამოსვლისას, ”არავინ არ უნდა ჩამოგვიყვანოს სასაჩუქრე ყუთით [პრეზიდენტობის კანდიდატი], მითუმეტეს რომელიმე ქვეყნის მხრიდან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს დესტაბილიზაციაში”. 

სასამართლო რეფორმა

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის სექტემბერში პარლამენტს წარუდგენს კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს მას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელსაც, ვინც შეეცდება მოსამართლეზე ზეწოლას და გავლენის მოხდენას.

”ეს აღჭურვავს მოსამართლეს უფლებით, რომ დასაჯოს ნებისმიერი, ვინც შეეცდება მასზე და სასამართლო პროცესზე გარედან გავლენის მოხდენას,”- განაცხადა მან ახალი ინიციატივის ფარგლებში.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ”აღიქმება როგორც დახურული და ბურუსით მოსილი” და ამდენად, მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი შემოღება - ეს ინიციატივა პრეზიდენტმა პირველად 2007 წელს გაახმოვანა. 

მედია

სააკაშვილის განცხადებით ”უფრო გახსნილი და მიუკერძოებელი” მედიის შესაქმნელად ხელისუფლება მზადაა ყველა არხს მისცეს საშუალება გავიდეს სატელიტზე. ცოტა ხნის წინ ამგვარი ლიცენზია სტუდია ”მაესტრომ” მიიღო.

იგი ასევე გამოვიდა ახალი ინიციატივით, შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, 9-წევრიან საბჭოში 4 დანიშნოს ხელისუფლებამ, 4 - ოპოზიციამ, ხოლო ერთი ”გადამწყვეტი ხმა” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ წევრს მიენიჭოს.

”თანდათან უნდა წავიდეთ დეპოლიტიზაციისკენ ამ ორგანიზაციის და ჩავრთოთ უკვე სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტი ხმით და გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები. ეს ცვლილებები ჩვენ უნდა მივიღოთ უახლოეს 90 დღეში,”- განაცხადა მან.

მან ასევე გაიმეორა ადრე გახმოვანებული ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

”ვთხოვ პარლამენტს, რომ სექტემბრის ბოლომდე დასრულდეს ყველა პროცედურა იმისათვის, რომ მეორე არხს შევუქმნათ მრჩეველთა საბჭო, შევქმნათ პოლიტიკურ მაუწყებლობის არხის, რომელიც ყველაზე პატარა, ყველაზე მიუღებელ სუბიექტებსაც კი მიცემს საშუალებას, რომ თავისი აზრი გამოთქვას, ჩავრთოთ ევროპელი ექსპერტები ამაში და შევქმნათ მაღალი დონის მეორე საზოგადოებრივი არხი,”- განაცხადა მან. 

მისი თქმით, ჟურნალისტებს ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, ზეწოლის და ძალადობის ფაქტების ატანა მოუწიათ.

”ყველაზე სამარცხვინო რამ რაც ბოლო თვეებში საქართველოდან გავიდა და საქართველომ დაინახა იყო ე.წ. ”სირცხვილის დერეფანი” სამარცხვინო ხალხის მიერ ჩვენი საამაყო ჟურნალისტებისთვის და მინდა ყველაზე კრიტიკულ ჟურნალისტებსაც ვუთხრა მადლობა მათი გამძლეობისთვის... და იმისთვის, რომ არცერთ მათგანს არ მოუხრია ქედი ამ ძალადობისთვის და უკანონობის წინაშე,”- განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა: ”არ დავუშვებთ ჟურნალისტების დევნას და ფიზიკურ შეურაცხყოფას”. 

ოპოზიციასთან თანამშრომლობა

პრეზიდენტმა გაიმეორა ადრე ოპოზიციისთვის გაკეთებული შეთავაზება უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში მონაწილეობის და საპარლამენტო მანდატების დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე, რომლებზეც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს უარით უკვე უპასუხეს.

”მომდევნო თვიდან ჩვენ დავიწყებთ უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომებს, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ძირითადს, ვპატიჟებთ, რათა დაესწრონ, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საგარეო პოლიტიკის განხილვაში,”- განაცხადა დღეს პრეზიდენტმა,  ”ეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი მოგვცემს საშუალებას უფრო მეტად ვითანამშრომლოთ და გავცვალოთ აზრები...  სადაც ყველაზე ადვილია შეთანხმება, რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი განსხვავებები”.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია რუსეთთან დიალოგზე საუბარი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. 

”[რუსეთთან] მტრობა არ დამთავრდება ერთმურწმუნოებაზე უაზრო ლაპარაკით და არა კულტურაზე ლაპარაკით, მტრობა დამთავრდება იქ და მეგობრობა დაიწყება მაშინ, როდესაც ბოლო უცხო ქვეყნის ჯარისკაცი დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა საშუალება ”შეუფერხებლად” გამოეხატა პროტესტი, რომლის დროსაც  ”თვალი დავხუჭეთ უკანონობაზე”, თუმცა დადგა დრო, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ქუჩებიდან პარლამენტში.

”მე შემოვალ პარლამენტში ინიციატივით, რომ მათთვის [ვინც ოპოზიციიდან 2008 წლის არჩევნებზე დეპუტატობაზე უარი თქვა] დავუშვათ მანდატების დაბრუნება იმისდა მიუხედავად აპირებენ თუ არა ისინი ამ მანდატების დაბრუნებას, მაგრამ გავაღოთ მათთვის კარები,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

’დიდი სახალხო დიალოგი’

21 ივლისიდან 10 სექტემბრამდე, პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ”ორგანიზებული ფორმით” იწყებს ”დიდ სახალხო დიალოგს” მოსახლეობასთან  ყველა რეგიონში, სადაც ”ჩვეულებრივი ხალხი ისაუბრებს თავიანთ პრიორიტეტებზე” და ამის მიხედვით განისაზღვრება რეფორმები.

”მე ვგულისხმობდი დიალოგს არა მხოლოდ უმცირესობასთან [არასაპარლამენტო ოპოზიციასთან], რომელიც თბილისის ერთ ქუჩაზე ძირითადად გამოხატავდა პროტესტს, არამედ დიალოგს საქართველოს დანარჩენ 95% მოსახლეობასთან,”- განაცხადა მან, ”ჩვენი დეპუტატები ხვალიდან, ჩვენი მინისტრები, ჩვენი გამგებლები და გუბერნატორები, მერები და საკრებულოს წევრები ყველანი, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, დაიწყებენ სიარულს ქალაქებსა და სოფლებში, რათა მოვუსმინოთ ხალხს, გავარკვიოთ მათი მთავარი პრიორიტეტები”.

”დიდი სახალხო დიალოგი ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ახალ დიდ დემოკრატიულ ტალღად საქართველოში,”- დასძინა მან.

ქუთაისი - მეორე საპარლამენტო ქალაქი

სააკაშვილი მიესალმა ინიციატივას, რომ ქუთაისი თბილისთან ერთად გახდეს მეორე საპარლამენტო ქალაქი და ”შემდეგი [მოწვევის] პარლამენტი პლენარულ სესიებზე იკრიბებოდეს უკვე მხოლოდ ქუთაისში”.

ინიციატივა პარლამენტის ქუთაისში გადატანის თაობაზე დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ორი დღის წინ მოულოდნელად გაახმოვანა.

”პარლამენტის მთლიანად გადატანა თბილისიდან არ შეიძლება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ მე გთავაზობთ, რომ ყველა საკომიტეტო სამუშაო დავტოვოთ თბილისში,  მაგრამ პარლამენტის პლენარული სესიები, როგორც ეს არის ბრიუსელსა და სტრასბურგს შორის [ევროპარლამენტის შემთხვევაში], თბილისსა და ქუთაისს შორის გადავანაწილოთ”.  

”ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში,”- განაგრძო მან, ”და გვაქვს შემონახული ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელიც შემდგომ აუცილებლად იქნება სოხუმში - მე ამაზე ნამდვილად არ ამიღია ხელი”.

ქუთაისში უკვე გადავიდა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, ასევე დაგეგმილია კონტროლის პალატის გადატანაც.

 

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12