Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:56 - 25 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე ყოფილ მოკავშირეზე იერიშს აძლიერებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ოქტ.'08 / 15:59

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააძლიერა იერიში თავის ყოფილ მოკავშირეზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე და უთხრა მას აირჩიოს 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის დაპირებებსა” და ”თქვენი პირადი ძალაუფლების უზრუნველყოფას” შორის.

პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ღია წერილში, რომელიც გაზეთმა ”რეზონანსმა” 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ბურჯანაძე აცხადებს, რომ ”გონივრულ ვადებში” ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გამოსავალი ”ურთულესი პოლიტიკური კრიზისიდან”.

თუმცა, ბურჯანაძემ არ დააკონკრეტა საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა იგი, თუ საპარლამენტოს. წერილში ის მწვავედ აკრიტიკებს ამჟამინდელ პარლამენტს და მას ”ერთპარტიულ და ფიქტიურ” ორგანოს უწოდებს.

”მიუღებელია დღევანდელი პარლამენტი - ფიქტიური ორგანო,” - წერს ბურჯანაძე და იქვე დასძენს, რომ იქ ”პრაქტიკულად შეუძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილების მიღების ალტენატიული გზა”.

”სწორედ ალტერნატიული აზრის არ არსებობამ დაგაშვებინათ ის შეცდომები, რომელზეც დღეს ხალხი პასუხს ითხოვს. სწორედ პრაქტიკულად უალტერნატივო გარემო გაფიქრებინებთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის რა არის სწორი ქვეყნისათვის,” - ნათქვამია წერილში.

ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს ”მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის, ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა  და თავისუფალი მედიის პირობებში”.

ამჟამინდელი საარჩევნო სისტემა წინა მოწვევის პარლამენტმა 2008 წლის მარტში დაამტკიცა - საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მაშინ როდესაც ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

თუმცა, იგი აცხადებს წერილში, რომ ის აფრთხილებდა პრეზიდენტ სააკაშვილს ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნის წინააღმდეგ, რომელიც ”ერთპარტიული პარლამენტის” ჩამოყალიბებას გამოიწვევდა.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ბურჯანაძე წერს, რომ სამაუწყებლო მედიის კონტროლი ხელისუფლების მიერ ”მიუღებელია საზოგადოებისთვის”.

”ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად უუნაროა და სიმართლის ეშინია,” - წერს იგი. ”სირცხვილია, რევოლუციის 5 წლის თავზე მედიის თავისუფლებაზე გვიხდებოდეს საუბარი”.

”ამით, თქვენ იმ ასი ათასობით ადამიანს უღალატეთ, ვინც ნოემბერში, სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად იდგა ჩვენს გვერდით,” - დასძინა მან.

წერილში ბურჯანაძე აშკარად ცდილობს გაემიჯნოს იმ შეცდომებს, რომელიც, მისი აზრით, ხელისუფლებამ დაუშვა იმ დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ მმართველი პარტიის წევრი იყო. მან აღიარა, რომ მაშინდელმა შეცდომებმა ”ზიანი მიაყენა” მის პოლიტიკურ ავტორიტეტს ქვეყნის შიგნით.    

”კარგად იცით, რომ პირადად თქვენთან და თქვენს პოლიტიკურ გუნდთან პრინციპული უთანხმოების გამო, მე არაერთხელ გამჩენია სურვილი წავსულიყავი ამ გუნდიდან,” - წერს ბურჯანაძე. ”ვიცოდი, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური კარიერისთვის ნამდვილად ჯობდა გამიჯვნა ისეთი გადაწყვეტილებებისაგან, რომელთაც არათუ არ ვეთანხმებოდი, არამედ მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებოდი. ვიცი, რომ მხოლოდ გუნდის შიგნით გამოხატულმა და არა საჯარო კრიტიკამ, ზიანი მიაყენა ჩემს პოლიტიკურ ავტორიტეტს ქვეყნის შიგნით.

მისი თქმით, ბოლო წლებში ლოიალურობის შენარჩუნებით, იგი ცდილობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე შიგნიდან ემოქმედა.

”მიმაჩნდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი მაინც იქნებოდა ხელისუფლებისთვის მწარე გაკვეთილი,” - განაგრძობს იგი. ”სამწუხაროდ, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებამ 7 ნოემბრით ვერაფერი ისწავლა და მხოლოდ გარეგნული, ფასადური ცვლილებების განხორციელება დაიწყო... ჩემთვის მიუღებელი იყო რევოლუციური სტილით მმართველობის გაგრძლება. ამდენად, ჩვენს შორის არსებული პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები ქვეყნის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების შესახებ გამორცხავდა ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. ...და მე წავედი”.

ბურჯანაძე ასევე წერს, რომ ომი, რომელიც საქართველომ წააგო და რომელსაც მოყვა ცინიკური პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან, ”ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაწესებული უპრეცედენტო კონტროლი მედიაზე და ბიზნესზე” და ”ერთპარტიული პარლამენტი” კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის საქართველოს ”გაზრდილი გარე საფრთხეების” წინაშე.

”დღეს, როცა ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშეა და აუცილებელია დაიძლიოს კრიზისი, მაქვს მყარი საფუძველი ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას არა აქვს უნარი ქვეყანას თავიდან ააცილოს მორიგი პროვოკაცია,” - წერს ბურჯანაძე. ”მე ნათლად ვხედავ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობებმა, შესაძლოა კვლავ გამოუსწორებელი შეცდომები დაგაშვებინოთ”.

”შეუძლებელია, მშვიდობისა და საქართველოს გამთლიანებისკენ რეალური სვლა განხორციელდეს იგივე პოლიტიკით, მართვის იმავე  სტილით, მეთოდებით და იმავე პოლიტიკური გუნდით, რომლის დროსაც დაიწყო და ტრაგიკული მარცხით დამთავრდა ეს ომი,” - დასძინა მან.

 

უახლესი ამბები
25 მაი.'13 12:56
დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას“ გაიმართა
ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული კონტრდემონსტრანტებთან დაპირისპირების აღსაკვეთად.
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38

Visitors
Since July 1, 2001