Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ’მეორე ვარდების რევოლუციას’ იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'08 / 11:48

სააკაშვილმა მოუწოდა მსოფლიოს საქართველოს კრიზისთან მიმართებაში შემდეგი პრინციპები გაითვალისწინონ:

•უარის თქმა ჩუმად ყოფნაზე;
•არაღიარების პოლიტიკის გატარება;
•ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულების ერთგულება;
•კონფლიქტის მოგვარების არსებითი პროცესი.

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იწყებს ”მეორე ვარდების რევოლუციას” რუსეთის აგრესიის საპასუხოდ და პირობა დადო, რომ საქართველო ”მალე უფრო ძლიერი და უფრო დემოკრატიული იქნება, ვიდრე ოდესმე”.

პრეზიდენტ სააკაშვილის რიგით მეხუთე გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაში იყო Washington Post-ში 23 სექტემბერს გამოქვეყნებული მისი სტატიის დეტალური ვერსია, რომლის დროსაც მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და იმ ზომებზე, რომლის მიღებასაც მისი ადმინისტრაცია გეგმავს ამ აგრესიის საპასუხოდ.

”საქართველოს თავს დაესხნენ, რადგანაც ის არის წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოს ამ ნაწილში,” - განაცხადა მან, ”ჩვენ შევებრძოლებით აგრესიის და ავტორიტარიზმის გამოვლინებას ყველაზე ძლიერი იარაღით ჩვენს არსენალში; კერძოდ, ვალდებულებით, რომელიც ჩვენ საკუთარ საზღვრებში თავისუფლების გავრცელებას ეხება”.

”ეს სხვა არაფერია, თუ არა ”მეორე ვარდების რევოლუცია,” - დასძინა მან.

”თუ ჩვენი პირველი [ვარდების] რევოლუცია [2003 წელს] მიმართული იყო შიგნით არსებულ საფრთხესთან დაპირისპირებისკენ და კორუფციაში გახვეული ქვეყნის გადარჩენისკენ, მეორე რევოლუცია მიმართული იქნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევისკენ, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ და რომელიც გარედან მოდის”.  

მან აღნიშნა, რომ თუ ”პირველი რევოლუციის წარმატება დაგვეხმარა ჩემი ქვეყნის გადარჩენაში,” მეორე განსაზღვრავს ”საერთაშორისო წესრიგის სიჯანსაღეს”.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლედ ჩამოთვალა ის ინიციატივები, რომლებიც მან 16 სექტემბერს პარლამენტში თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში გაახმოვანა. პარლამენტში მის გამოსვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დასრულდა ნატოს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. თავის საანგარიშო მოხსენებაში სააკაშვილმა ამ ინიციატივებს ”დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა” უწოდა.

”გპირდებით, რომ ჩემი ხელისუფლება შეასრულებს, შესაბამისი ტემპებით, ახალ დემოკრატიულ ინიციატივებს, რაც მეორე ვარდების რევოლუციის ტოლფასია,” - მიმართა მან გაეროს გენერალურ ასამბლეას, ”გპირდებით, რომ მალე საქართველო იქნება უფრო ძლიერი და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ოდესმე და იქნება უკეთეს მდგომარეობაში, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას და აყვავებას”.

”მაგრამ იმისათვის, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რომელზეც ეს ინსტიტუტი აშენდა. ჩვენ ქმედებები გვჭირდება და არა სიტყვები,” - განაცხადა მან.   

სააკაშვილმა ოთხი პრინციპი ჩამოთვალა, რომელთაც მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის.

”პირველი, ჩვენ ყველამ უარი უნდა ვთქვათ ჩუმად ყოფნაზე ამ შეიარაღებული აგრესიის და ადამიანის უფლებათა დარღვევების პირისპირ,” - განაცხადა მან.

”მეორე, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დაუყონებლივ გავატაროთ არაღიარების პოლიტიკა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში, რომლებიც სწორედ ახლა აგრესორების მიერაა ოკუპირებული და ანექსირებული. ჩვენ გაგვაჩნია როგორც მორალური, ისე სამართლებრივი ვალდებულება, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და მსოფლიო წესრიგი”.

”მესამე, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ყველა მხარე ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ყველა პირობას... ეს ნიშნავს, როგორც მხარეები შეთანხმდნენ, ყველა სამხედრო ძალის გამოყვანას ჩემი ქვეყნიდან, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”.

”მეოთხე, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება კონფლიქტის მოგვარების გაეროს მრავალმნიშვნელოვანი პროცესის უზრუნველყოფის თაობაზე, რაც მშვიდობიანად გააერთიანებს საქართველოს”.

სააკაშვილის თქმით, ”ჩაკეტვის” ნაცვლად, საქართველო უპასუხებს ”უფრო მეტი გახსნილობით ბევრ ფრონტზე”.

ამ კონტექსტში მან გაიმეორა საქართველოს მზადყოფნა სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან, რათა შესწავლილ იქნას ის მოვლენები, რამაც რუსეთთან ომი გამოიწვია.

”მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანია მსოფლიოში, რომელთაც სურთ ზუსტად გაიგონ, თუ როგორ დაიწყო ეს ომი და ვინ დაიწყო ის,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”გამომძიებლებს შეფერხება არ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების წარმომადგენლების, დოკუმენტების და დაზვერვის მასალების ხელმისაწვდომობაში. ჩემი ხელისუფლება მზადაა გაუზიაროს მათ მტკიცებულების თითოეული ნაწილი და უზრუნველყოს თითოეული მოწმის ხელმისაწვდომობა, რომელთაც გამომძიებლები მოითხოვენ. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მეორე მხარეს {რუსეთს] ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ხელი არ შეუშალონ მათ”.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს მსოფლიომ მიმდინარე ომში რამდენიმე შემაშფოთებელი ახალი ტენდენცია იხილა.

”ჩვენ ვიხილეთ ძალები და სამხედროები, რომლებიც ცინიკურად ახორციელებდნენ ჩემი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას; ჩვენ განვიცადეთ კიბერშემოტევის პირველი, ფართომასშტაბიანი კამპანია... ჩვენ ასევე განვიცადეთ ”ეკოციდის” ამაზრზენი კამპანია, რომელიც ასევე იყო მათი შემოჭრის ნაწილი, როდესაც სამხედრო ვერტმფრენებმა ცეცხლის ბომბები ჩამოყარეს ბორჯომის ტყეებში,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საქართველოს ძლიერმა საერთაშორისო მხარდაჭერამ და შემოჭრის დაგმობამ  შეაჩერა რუსული ტანკები და ჯარები დედაქალაქის აღებისგან, ”მხოლოდ რიტორიკა საკმარისი აღარაა. დღეს ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის აფრთხილებდა მსოფლიოს, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოს დასაპყრობად და დასძინა, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ”არ აღუდგება ამ გამოწვევას, ვშიშობ, რომ ძალადობა და ის ტაქტიკა, რომელმაც შეარყია საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდება”.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
101