Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი დემოკრატიული რეფორმების ”ახალ ტალღას” იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'08 / 21:15

16 სექტემბერს თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში პარლამენტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების” შესახებ გააკეთა განცხადება.

”ამ რეფორმების მიზანია მივიღოთ უფრო ძლიერი პარლამენტი, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ზედამხედველობის უფრო ქმედითი საშუალებები, განვამტკიცოთ საკუთრების ხელშეუხებლობა, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი გავხადოთ მედია და უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 სექტემბერს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ყოველწლიური მოხსენებით აპირებდა გამოსვლას პარლამენტში. 

გამოსვლას, რომელიც 16 სექტემბრის გვიან საღამოს შედგა, წინ უძღოდა პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან. ამ უკანასკნელმა თავის განცხადებებში გაიმეორა, რომ კრიზისმა საქართველოში არ უნდა შეაფერხოს დემოკრატიული რეფორმები. პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა სთხოვა უცხოელ ჟურნალისტებს გაყოლოდნენ მას პარლამენტში და მოესმინათ  მისი მოხსენებისთვის ახალი დემოკრატიული ინიციატივების შესახებ.

პარლამენტი

პარლამენტთან მიმართებაში სააკაშვილმა განაცხადა თავის გამოსვლაში, რომ მისი ინიციატივა ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ახლადარჩეულ პარლამენტს ექნება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების უფლება. 

20 მაისს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ განახორციელებდა ღონისძიებებს, რომელიც გაზრდიდა პარლამენტის ძალაუფლებას და იგი ასევე დაპირდა, რომ მთავრობას ხელახლა წარადგენდა პარლამენტში დასამტკიცებლად. თუმცა ახალი წარდგენა არ მომხდარა.

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში სააკაშვილმა ასევე პირობა დადო, რომ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს გაამარტივებს, ხოლო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნას გაართულებს.

”ჩვენ შევიმუშავებთ დეტალებს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს,” - დასძინა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი დანაპირები, რომ გაიზრდება ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლობა ნდობის ჯგუფში - საპარლამენტო სტრუქტურაში, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე ძალოვან სტრუქტურებში. ეს ინიციატივა უკვე მიღებულია პარლამენტში მეორე მოსმენით და ნდობის ჯგუფის 5 წევრიდან ორი ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს.

პარტიების დაფინანსება

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა ვალდებულების შესახებ, რომ გადაიხედება ხელისუფლების საკამათო გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ პარლამენტში. მან პირველად ეს ინიციატივა 29 აგვისტოს გაახმოვანა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ გაიზრდება პარტიების დაფინანსება და შეიქმნება სპეციალური ფონდი, ”რომელიც დააფინანსებს პოლიტიკურ კვლევებს ოპოზიციური პარტიებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის”. 

კერძო საკუთრება

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მზად არის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდეს, ”რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების ჩამორთმევა გახდება შეუძლებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე”.

მთავრობამ 2007 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ იწყებს მუშაობას მსგავს ინიციატივაზე.

2008 წლის მარტში სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი კომისიის ჩამოყალიბებას, რომელიც გამოიძიებს კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს სახელმწიფოსა და მესაკუთრეს შორის. თუმცა, მმართველმა პარტიამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ტელე-მედია

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველად აღიარა, რომ მედიის თავისუფლების ნაკლებობა ”ჩვენი დემოკრატიისთვის გამოწვევად რჩება”.

”საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც მთელ საზოგადოებას ეკუთვნის უნდა ინსტიტუციონალიზაცია მოვახდინოთ დებატების,”- განაცხადა მან, ”და უნდა აუცილებლად მოვახდინოთ ამ არხის მეტი გახსნილობა ყველანაირი პატარა ჯგუფის მიმართ. და დებატებმა უნდა მიიღოს აბსოლუტურად მუდმივი ხასიათი, შეიძლება ეს იყო კვირაში ორჯერ. გადაწყვიტოთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია”.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი არცერთი ტელეკომპანიის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ არ გადის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი”, რომელიც ეთერში სამშაბათს და პარასკევს საღამოობით გადიოდა,  საზაფხულო შვებულების მოტივით 17 ივნისს ასევე დაემშვიდობა მაყურებელს სექტემბრამდე, თუმცა არც სექტემბერში განახლდა პროგრამის გაშვება.

სააკაშვილის თქმით, იგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამახვილებს ყურადღებას, რადგანაც მას არ აქვს განზრახული ”ჩავყოთ ცხვირი კერძო ტელეკომპანიების მუშაობაში”. ამჟამად მიიჩნევა, რომ ორი ტელეკომპანია - ”იმედი” და ”რუსთავი 2” - ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.

სასამართლო სისტემა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ჩვენი დემოკრატიის ხერხემალი და უმთავრესი გარანტორი არის სასამართლო ხელისუფლება”.

სააკაშვილის თქმით, ”ბოლო წლების მუშაობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ სასამართლო გაგვეწმინდა მექრთამეობისაგან, მაგრამ ქართველ ხალხს უფრო დამოუკიდებელი და კიდევ უფრო სამართლიანი სასამართლო სჭირდება”.

”ჩვენ უნდა დავიწყოთ სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანი იქნება უფრო დამოუკიდებელი და უფრო სამართლიანი სასამართლოს აშენება,” - განაცხადა მან.

სააკაშვილი მოსამართლების უვადოდ დანიშვნის  ინიციატივით გამოვიდა. ”ეს შექმნის მნიშვნელოვან გარანტიებს იმისათვის, რომ მოსამართლეები იქნებიან უფრო დაცულები, შესაბამისად უფრო დამოუკიდებელნი,” - განაცხადა მან.

კიდევ ერთი რეფორმა, განაგრძო მან, ითვალისწინებს იუსტიციის საბჭოში  ოპოზიციის ერთი წარმომადგენლის დანიშვნას, რაც კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულია. ეს ინიციატივა პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა.

სააკაშვილის თქმით, უნდა იქნას შემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ეს ინიციატივა უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მისი განხორციელება მომავალ წელს იგეგმება. პირველ ეტაპზე, ნაფიცი მსაჯულთა გამოყენება მხოლოდ იმ სასამართლო პროცესებზე მოხდება, რომლებიც მკვლელობების და სხვა მძიმე დანაშაულების საქმეებს განიხილავენ. 

”მე ჩამოვთვალე სია ამ რეფორმების, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციას  - თქვენ წარმოადგინეთ ინიციატივები, თქვენ გამოაცხადეთ ახალი საკითხები, თქვენ დააყენეთ ახალი შემხვედრი წინადადებები და ჩვენ მზად ვართ ისინი ძალიან სერიოზულად განვიხილოთ,”- აღნიშნა ინიციატივებზე საუბრის დასასრულს სააკაშვილმა.  

ოპოზიციასთან თანამშრომლობა
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა თავის მოხსენებაში, რომ რუსეთისგან განსხვავებით - სადაც ხელისუფლებამ, მისი თქმით, კიდევ უფრო გააძლიერა კონტროლი მედიასა და ბიზნესზე - საქართველოს პასუხი ომის შემდგომ იქნება ”მეტი დემოკრატია და თავისუფლება”.  

”ბევრი ქვეყანა ალბათ იტყოდა, რომ ომის პირობებში ალბათ საჭიროა ნაკლები დემოკრატია, ნაკლები გამჭირვალობა, ნაკლები ლაპარაკი და მეტი კონტროლი ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო, რომელიც არის ამ რეგიონის დემოკრატიული განვითარების მთავარი შუქურა, ჩვენი პასუხი რუსულ აგრესიაზე იქნება მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი გახსნილობა, მეტი პროგრესი”.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მთელი რიგი ”მნიშვნელოვანი ნაბიჯები” გადადგა პარლამენტში ოპოზიციის როლის და ძალაუფლების გასაზრდელად.

”მინდა მივესალმო იმას, რომ ჩვენ როგორც იქნა შევძელით საერთო ენის და საერთო ინტერესების გამონახვა ოპოზიციასთან ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ერთიანობა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან გაიმეორა, რომ მზად არის ანტიკრიზისულ საბჭოს აღმასრულებელი უფლებამოსილებები მიანიჭოს - ეს ორგანო ჰუმანიტარული დახმარების და უცხოური დახმარების გადანაწილებას გააკონტროლებს. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ძირითადად საპარლამენტო უმცირესობიდან, განაცხადა თანხმობა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში. თუმცა, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ უარი თქვა ამაზე იმ მოტივით, რომ ეს ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია.

სააკაშვილმა ამ ოპოზიციურ პარტიებს უწოდა ”ოპოზიციის მცირე ნაწილი... რომელმაც ამჯობინა, რომ საქართველო ისევ პოლიტიკური დაპირისპირებებისა და მუდმივი კინკლაობის რეჟიმში დააბრუნოს”.

”ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი ერთიანობა და თანამშრომლობა,” - მიმართა მან ამ პარტიებს. ”მე როგორც არასდროს თქვენთან ერთად ვიქნები მზად ამ თანამშრომლობისთვის”.

თუმცა, მან არ დაასახელა ის კონკრეტული საკითხები, რომელზე თანამშრომლობასაც სთავაზობს არასაპარლამენტო ოპოზიციას.

”ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი, მაგრამ ვინაიდან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი აღმოჩნდა, ნუ ავასრულებთ ამ ომის დამგეგმავების მთავარ მიზანს  - საქართველოს განადგურების მიზანს,”- განაგრძო მან, ”ახლა ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და როცა გავძლიერდებით ოპოზიციასაც და მთავრობასაც ექნება პერსპექტივა, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ექნებათ ერთობლივი პერსპექტივა იმიტომ, რომ მათ არ ემახსოვრებათ ვინ იყო ოპოზიციაში და ვინ იყო მთავრობაში”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი განცხადება, რომ მზადაა უპასუხოს ყველა კითხვას ომის გამომწვევ მიზეზებზე. 

”რა თქმა უნდა, არის ბევრი კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და ჩვენ ამას მთლიანად მივესალმებით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა, რომ პროცესი იყოს ბოლომდე გამჭირვალე, მე მოვუწოდე საერთაშორისო გამოძიებისკენ და მითუმეტეს, მთლიანად მივესალმები საპარლამენტო დებატების პროცესს. მე გთხოვთ, რომ შეიქმნას მომხსენებელთა ჯგუფი, გავმართოთ პოლიტიკური დებატები ბოლო კვირების მოვლენებზე; უმრავლესობა ამ ჯგუფში იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები; ყველა სამინისტრო, ყველა თანამდებობის პირი, ყველა მინისტრი და პრეზიდენტი - და მე ვარ მზად შევხვდე ამ ჯგუფს- მზად ვართ, რომ ანგარიში ჩავაბაროთ და ყველა კითხვას პასუხი გავცეთ”.

პრეზიდენტმა ძირითადად ყურადღება გაამახვილა შიდა-საპარლამენტო გამოძიებაზე, რომელიც მიუღებელია ოპოზიციური პარტიების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72