Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:36 - 23 ოქტ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობის პროგრამა 2008-2012
/ 31 იან.'08 / 15:24

საქართველოს მთავრობის პროგრამა 2008-2012

ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე

 

პრეამბულა

2008-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

•          მოსახლეობის კეთილდღეობა - საქართველო სიღარიბის გარეშე

•          ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად გაიზრდება მთავრობის ორიენტირება შედეგებზე. 

მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება, ერთის მხრივ, სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისაკენ და, მეორეს მხრივ, სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სოციალური პროგრამების განხორციელებისაკენ.   

სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებით და ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება პროფიციტული ბიუჯეტით, მარტივი და დაბალი გადასახადებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, საკუთრების უფლების დაცვით, ლიბერალური სავაჭრო და სატრანსპორტო პოლიტიკით, ექსპორტის ზრდით, სოფლის მეურნეობის სექტორის კომერციალიზაციით, დასაქმებისა და დაგროვების სტიმულირებით და მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შექმნით.

სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა გაითვალისწინებს რესურსების კონსოლიდაციას და ეფექტური ინსტიტუტების შექმნას ხელმოკლეთა დასახმარებლად. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება სოციალური ბიუჯეტის მიზანმიმართული ხარჯვით, ბენეფიციართა შერჩევის ეფექტური მექანიზმებით, ჰოსპიტალური სისტემის განვითარების პროგრამით, სოფლის ექიმის ფართოდ განვითარებული ქსელით, ხელმოკლეთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემით, სოციალური საპენსიო პაკეტით, პროგრამით ‘ღირსეული დასაწყისი.’

სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძო ინვესტიციებს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ‘ღია ცის’ პოლიტიკის განხორციელებას, საგზაო გადაზიდვების ლიბერალურ რეჟიმს, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების გაზრდას, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და რეგიონული დისბალანსის შემცირებას.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის არსებითია ნიჭზე და უნარებზე ორიენტირებული და კორუფციისაგან თავისუფალი, მცირე და მოქნილი საჯარო სამსახურის შექმნა.

საქართველოს სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება:

•          ეფექტური საგარეო პოლიტიკის განხორციელების, ქმედუნარიანი სამართალდამცავი სისტემისა და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების გარეშე;

•          მდგრადი და გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარეშე.

საქართველოს მთავრობის მიზნები და ამოცანები:

ეროვნული უსაფრთხოება

•          საქართველო გაწევრიანდება NATO-ში – მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყანა წარმატებით დაასრულებს ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპს, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. საქართველო გახდება ალიანსის  უსაფრთხოების სისტემის ორგანული კომპონენტი და არა მხოლოდ უსაფრთხოების ,,მიმღები”

•          განხორციელდება ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია საერთო სახელმწიფოებრივ პროცესებში განხორციელდება მმართველობისა და სამოქალაქო დონეებზე.

•          ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო ფართოდ გავრცელდება “ოთხი თავისუფლების პრინციპი” – უზრუნველყოფილი იქნება საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გაიზრდება საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების, მეწარმეებისა და მეცნიერებისათვის.

•          რუსეთის ფედერაციასთან მიიღწევა ურთიერთობების ნორმალიზება – თანამშრომლობა დაეფუძნება ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება ტექნიკური შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე.

ეროვნული კეთილდღეობა

ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა

მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების ეკონომიკური კურსი და დინამიკა.

•          გაგრძელდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა – მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 8%-ით გაიზრდება. საქართველო მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით “საშუალო-მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში” გადაინაცვლებს.

•          შემცირდება სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში – ბიუჯეტის  ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 29%-დან 22%-მდე შემცირდება.

•          ინფლაცია სტაბილურად ერთნიშნა დონეზე შენარჩუნდება – პროფიციტული ბიუჯეტისა და პროგრამის საწყის ეტაპზე გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, 5 წლის განმავლობაში ინფლაცია საშუალოდ 7%-ს შეადგენს.

•          უცხოური პირდაპირი და პორთფელური ინვესტიციების და კერძო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების მოცულობა 5 წელიწადში გაიზრდება –  ინვესტიციები ყოველწლიურად მშპ-ს 10%-ზე მეტი იქნება და ჯამურად 10 მლრდ. დოლარს მიაღწევს.

•          ბიუჯეტები პროფიციტული იქნება – მომდევნო წლებში ბიუჯეტის პროფიციტი მშპ-ს მინიმუმ 0,5% ტოლი იქნება.

•          საგადასახადო რეჟიმი დასაქმების, დაგროვებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იქნება - საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება. სხვა სახის გადასახადები პირად შემოსავლებზე არ იარსებებს. კაპიტალზე გადასახადები გაუქმდება.

•          საქართველო გადაიქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად – იგი მოიზიდავს ფინანსურ რესურსებს მთელი რეგიონის მასშტაბით. მისი მიმზიდველობა დამყარებული იქნება მარტივ და დაბალ გადასახადებზე, გამჭირვალე საფინანსო რეგულირებაზე, რეფორმირებულ ეკონომიკაზე. რეგულირება საგადასახადო სისტემაზე და გამჭვირვალე რეგულირებაზე. შედეგად, განთავსებული იქნება არანაკლებ 12 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. სანდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმოქმედებენ საბანკო, სადაზღვევო, გადამზღვევ, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სფეროებში.

•          შეიქმნება ”მომავალი თაობების ფონდი” და ”სტაბილური განვითარების ფონდი”  

”მომავალი თაობების ფონდში” განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 25%-მდე, საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 75%. ფონდში აკუმულირებული იქნება მინიმუმ 3 მლრდ. ლარი. ფონდის აქტივების მართვას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები განახორციელებენ. ფონდის თანხები დაიხარჯება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის შემდგომი სარეაბილიტაციო საქმიანობისთვის და სხვა ეროვნული მასშტაბის გამოწვევების შემთხვევაში.

”სტაბილური განვითარების ფონდში” განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 30%-მდე და საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 25%. ფონდში აკუმულირებული იქნება 2 მლრდ. ლარამდე.

•          ექსპორტის წილი მშპ-ში მიუახლოვდება 40%-ს - ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის, ეკონომიკური ზრდისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების შედეგად  ეკონომიკა მეტად იქნება ორიენტირებული ექსპორტზე.

•          სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება მცირე რაოდენობის ქონება – დაინერგება პრივატიზების უფრო მოქნილი და ეფექტური ფორმები. ეკონომიკის ყველა სექტორში არსებული კომპანიების მართვას კერძო ოპერატორები განახორციელებენ.

•          თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელებული ექსპორტი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 80%-ზე მეტი იქნება – თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდება ევროკავშირთან, აშშ-სთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან და  სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან.

•          გარანტირებული საკუთრების უფლება – საკონსტიტუციო, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად გაიზრდება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ხარისხი. საკუთრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილ იქნება არა მხოლოდ საკანონმდებლო, ასევე იმპლემენტაციის და აღქმის დონეზე.

•          ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - საერთაშორისოდ აღიარებულ საკრედიტო კვლევებით  შეფასებები  მომდევნო ხუთ წელიწადში მინიმუმ 3 ნიშნულით გაიზრდება.

•          ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასება გაუმჯობესდება - ბიზნეს გარემოს საერთაშორისო შედარებით ანალიზში საქართველოს მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება.

მოსახლეობის კეთილდღეობა

•          ბიუჯეტის 1/3 მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე –  ეს მაჩვენებელი მომდევნო 5 წლის მანძილზე სტაბილურად შენარჩუნდება. გაიზრდება ხარჯვის ეფექტურობა და მისი მიზანმიმართულობის ხარისხი. უმისამართო, ”ბრტყელი” დახმარების პრაქტიკა შეიცვლება მიზნობრივი დახმარების პრინციპით. მოხდება საზოგადოების კონსოლიდაცია სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე დაყრდნობით.

•          მზარდი ეკონომიკური აქტივობის შედეგად გაიზრდება დასაქმება – 10 მილიარდამდე მოცულობის უცხოური ინვესტიცია უზრუნველყოფს ახალი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას. 

•          საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე – 5-წელიწადში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა 50% მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო გამოვა ბენეფიციართა სიებიდან.

•          გატარებული საპენსიო რეფორმის შედეგად გაიზრდება სოციალური პენსიის პაკეტის მოცულობა და ხარისხი – საპენსიო პაკეტი 100 დოლარს მიაღწევს და იქნება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი.

•          შენარჩუნდება პოზიტიური მიგრაცია – ფაქტობრივი მოსახლეობა 150 000-ით გაიზრდება. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი გადააჭარბებს ემიგრირებულთა რაოდენობას.

•          განვითარდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა – სრულად ამოქმედდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100-ზე მეტი საავადმყოფო.

•          სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა სოფლად - სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობით და 1000-ზე მეტი კარგად აღჭურვილი სოფლის ექიმის მომსახურებით.

•          სახელმწიფო/სავალდებულო სადაზღვევო პოლისით მოცული იქნება 1 200 000 ადამიანი – სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ყველა წევრი. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემა ასევე გავრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობასა და პოლიციაზე.  ყველა საჯარო მოხელისათვის დაზღვევა სავალდებულო იქნება.

•          გაგრძელდება პროგრამა ”ღირსეული დასაწყისი” – პროგრამას 5 წლის განმავლობაში  60 000 ბენეფიციარს მოიცავს. ყველა ხელმოკლე ოჯახის ახალშობილს  მინიმუმ 1000 ლარი გადაეცემა.

ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა

•          სრულფასოვნად ამოქმედდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ინდუსტრიული ზონა მოიზიდავს 1,5 მლრდ ლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს და დაასაქმებს დაახლოებით 20 000 ადამიანს. თავისუფალი ზონის ეფექტურად ფუნქციონირება გამოიწვევს რეგიონში საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და სერვისის განვითარებას.

•          გაფართოვდება ფოთის პორტის  ინფრასტრუქტურა -  ფოთის პორტის ტვირთბრუნვა 12 მლნ ტონამდე გაიზრდება. პორტი გადაამუშავებს 270 000-მდე კონტეინერს წელიწადში.

•          სრულად დაიტვირთება ბათუმის პორტისა და ყულევის ტერმინალები -  ისინი აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ძირითადი კვანძები გახდებიან.

•          გაუმჯობესდება საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურა –დასრულდება მაგისტრალური ავტობანის აღმოსავლეთ სექტორის მშენებლობა. დამატებით რეაბილიტირებული იქნება საგზაო ფონდის დაახლოებით 30%.

•          გაიზრდება საჰაერო მიმოსვლის ინტენსივობა და მიმართულებების რაოდენობა – ავიაკომპანიების რიცხვი და საჰაერო გზებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება. იქნება მინიმუმ სამი საერთაშორისო აეროპორტი.

•          საქართველოს რკინიგზის რეფორმა - საქართველოს რკინიგზის ეფექტური ფლობელობა განხორციელდება ან მაღალი ხარისხის სტრატეგიული ინვესტორის მეშვეობით ან რკინიგზის აქციების განთავსებით საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე და მისგან კლასიკური კორპორაციის ჩამოყალიბებით. განვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, განხორციელდება შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რის შედეგადაც განიტვირთება თბილისის ცენტრი.

•          შეიქმნება ჩინეთი-საქართველო-ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობები - დასრულდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა და საქართველოს რკინიგზა თურქეთს დაუკავშირდება.

•          უძრავი ქონების ბაზარი დინამიურად განვითარდება – მშენებლობის მოცულობა შემდეგ 5 წელიწადში გაორმაგდება და მოხდება სამშენებლო პროდუქტის დივერსიფიკაცია.

•          დამატებით შეიქმნება 500 მგვტ-ზე მეტი ჰიდროენერგეტიკული  სიმძლავრე - მომავალი 5 წლის განმავლობაში 13%-ით გაიზრდება ჰიდრორესურსების პოტენციალის გამოყენება.  ენერგორესურსების საერთო წარმოებაში ჰიდრორესურსების წილი 90%-მდე გაიზრდება.

•          გაიზრდება ენერგოსისტემის მდგრადობა - განხორციელდება სექტორის შემდგომი დერეგულირება. სტაბილური და დივერსიფიცირებული იქნება როგორც ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე მისი მიწოდება. ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი განახლებადი რესურსების (ჰიდრორესურსების) გამოყენებით იქნება გამომუშავებული. უზრუნველყოფილ იქნება ენერგორესურსების იმპორტის წყაროების დივერსიფიცირება. ენერგოსისტემა იმუშავებს მეზობელ ქვეყნებთან პარალელურ რეჟიმში.

•           გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტი – შენარჩუნდება ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო სალდო და 3-ჯერ გაიზრდება 2007 წელთან შედარებით.

•          განხორციელდა სოფლის მოსახლეობის საწვავის წყაროების დივერსიფიცირება - განხორციელდება გაზიფიკაციის პროგრამა. გაზის სექტორის დერეგულირებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შედეგად გაიზრდება გაზიფიცირებულ დასახლებათა რაოდენობა.

•          ამოქმედდება ტრანს-აზია-ევროპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი (TAE) - უზრუნველყოფილი იქნება დიდი მოცულობის ინფორმაციული ნაკადების გატარება ევროპასა და აზიას შორის.

•          მოსახლეობის კომპიუტერიზაცია 2-ჯერ გაიზრდება - ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფის უთანასწორობა მკვეთრად შემცირდება

•          ამოქმედდება ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომი საშუალებები -  განხორციელდება ელექტრონული გადახდები მათ შორის ფიჭური მობილური კავშირის საშუალებით. ამოქმედდება ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომი სისტემა.

სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები

•          სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტურობის ზრდა და კომერციალიზაცია  - სასოფლო-სამეურნეო სექტორში საშუალო ფერმერულ მეურნეობის წილი გაიზრდება. მომავალი 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 25%-ს გაუტოლდება. საირიგაციო სისტემებით მოცული ფართობი  2,5-ჯერ გაიზრდება (130 ათასი ჰა-დან 300 ათას ჰა-მდე).

•          შეიქმნება 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო – დასაქმდება 10 000-მდე ადამიანი, ხოლო პროცესში ჩართული იქნება 100 000-მდე პირი. სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს სამთავრობო პროგრამის ,,100 ახალი გადამამუშავებელი საწარმო სოფლად” ეფექტურად განხორციელება.

•          ბუნებრივი რესურსების მართვას განახორციელებს კერძო სექტორი – გაიზრდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ეს, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ეფექტურობას, ხოლო, მეორეს მხრივ, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

განათლება, კულტურა და სპორტი

•          გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების კონკურენტუნარიანობა - პროგრამა ”ცოდნის ქალაქის განხორციელების შედეგად უმაღლესი სასწავლებლები თანამედროვე საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესში იქნება ჩართული. სწავლების ხარისხი გახდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. განხორციელდება პროექტი ”ცოდნის ქალაქი”. მასში თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან განათლებას მიიღებს 30 000-მდე სტუდენტი, ჩართული იქნება 3000-მდე მეცნიერი. გაიზრდება  უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრაციის ხარისხი.

•          საჯარო საგანმანათლებლო სისტემის პარალელურად განვითარდება კერძო საგანმანათლებლო სექტორიც - კერძო ინვესტიციები განხორციელდება და ქვეყანა რეგიონში წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.

•          ყველა საჯარო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი - წარმატებით განხორციელდება პროგრამა ”ირმის ნახტომი,” რომლის ფარგლებშიც მოხდება საშუალო სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა და ყველა სკოლა ჩართული იქნება გლობალურ ქსელში..

•          განხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა – მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50-მდე სპორტული კომპლექსი. სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული სისტემით დაფინანსდება განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული 3 000-მდე სპორტსმენი, ხოლო ”გაჯანსაღების პროგრამის” ფარგლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 3 000-მდე ბავშვი.

საჯარო სექტორი

•            საჯარო სექტორი დაეფუძნება  ღირსებაზე დამყარებულ პრინციპებს – საჯარო სექტორის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მისი მართვის  პრინციპები მიუახლოვდება კერძო სექტორისას. საჯარო სამსახურში დაინერგება საკონტრაქტო სისტემის ელემენტები. დაინერგება საჯარო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების გაზომვადი მექანიზმები  და მონიტორინგის მკაფიო კრიტერიუმები. შედეგად მივიღებთ მცირე, მოქნილ, გამჭვირვალე, ეფექტურ საჯარო სამსახურს. შეიქმნება მაღალი თანამდებობის პირებზე განსაკუთრებული ზედამხედველობის სისტემა.

•           შენარჩუნდება და გააქტიურდება ანტიკორუფციული რეფორმები -  საჯარო სამსახურში გაუმჯობესდება ქონებრივი და ფინანსური დეკლარირების სისტემა. დაინერგება ეთიკის კოდექსის ნორმები. დაქირავებისა და დაწინაურების სისტემა იქნება გამჭვირვალე. გაიზრდება მობილურობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის.

•          დაინერგება ელექტრონული ხელმოწერა და ერთიანი სამთავრობო ელექტრონული ქსელი - ელექტრონული ხელმოწერების და დოკუმენტების გამოყენება დაინერგება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.

თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემა

•          დასრულდება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალების ფორმირება - საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ საწყისებზე სრულად გადავა. განხორციელდება შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია. ამაღლდება მათი ბრძოლისუნარიანობა.

•          განხორციელდა სააღმსრულებლო სისტემის რეფორმა - გაიზარდა სასამართლო გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტურად აღსრულების ხარისხი.

•          პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება – განხორციელდება საპატიმრო ადგილების რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო პირობების, კვებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესება. გაიზრდება პრობაციის სისტემის ეფექტურობა. შემუშავდება პატიმართა უფლებების დაცვისა და რესოციალიზაციის ეფექტური მექანიზმები.

•          გაძლიერდება პოლიციის მხრიდან საკუთრებისა და სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხი – გაიზრდება საზოგადოების ნდობა პოლიციისადმი. გაუმჯობესდება კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაინერგება პოლიციელთა მომზადების მუდმივმოქმედი მექანიზმები.

 


 

უახლესი ამბები
23 ოქტ.'14 17:36
ხაჯიმბას სატელევიზიო მიმართვა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
რუსეთი სულაც არ ცდილობს სოხუმს „თავზე მოახვიოს“ ახალი ხელშეკრულება, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა. 
23 ოქტ.'14 13:36
ნახევრად დანგრეული ყოფილი მეჩეთის შენობა დაპირისპირების საგანი გახდა
22 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი იქნა დაკავებული.
23 ოქტ.'14 12:01
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.
22 ოქტ.'14 18:17
პრემიერ-მინისტრი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კომპლექსური ნაბიჯების საჭიროებაზე საუბრობს
„მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებით და ამ ისტერიკით ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, - განაცხადა მან.
22 ოქტ.'14 15:25
ფილიპ ბრიდლოვი: ‘საქართველოსთან პარტნიორობა ძალიან მყარია’
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი საქართველოს პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის მინისტრს შეხვდა.
22 ოქტ.'14 14:11
ბაჩო ახალაიას 7.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ეს განაჩენი ორ დამოუკიდებელ საქმეში მისი ბრალეულობის დადგენის საფუძველზე გამოიტანა.
22 ოქტ.'14 13:18
ქალების გახშირებული მკვლელობების შემდეგ, მთავრობამ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო პოლიტიკაზე მუშაობა გაააქტიურა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარმა მკვლელობამ და თვითმკვლელობამ ეს პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. 
21 ოქტ.'14 18:16
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი თბილისს სტუმრობს
გენერალ ბრიდლოვის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
21 ოქტ.'14 12:22
მოსკოვის თქმით, აფხაზეთის ანექსიაზე თბილისის ბრალდებები ‘სახიფათო სპეკულაციაა’
საქართველოს განცხადებებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ჟენევის მოლაპარაკებები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
20 ოქტ.'14 17:58
პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა განიხილა
„ამ ძალიან მძიმე პრობლემას ჩვენ დავუპირისპირდებით ერთობლივად“, განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60