Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:20 - 1 ოქტ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ახალი ინიციატივებით გამოდის
/ 17 ოქტ.'07 / 10:52
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტი სააკაშვილი გუშინ რამდენიმე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მათ შორისაა საარჩევნო ბარიერის დაწევა, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ოთხიდან ხუთ წლამდე გაზრდა.

სააკაშვილმა 16 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ”პოლიტიკური კულტურის” და ”პოლიტიკური დებატების კულტურის” გაძლიერებას.    

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა სურს, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია საქართველოში ”დესტრუქციულია”.

სააკაშვილმა ასევე ნათლად მიანიშნა, რომ მისი ინიციატივები ნაკლებადაა მიმართული არსებული ოპოზიციური ჯგუფებისადმი. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ახალი წინადადებები ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას დაეხმარება.

”საქართველოში მთავარი პრობლემა ოპოზიციის სისუსტეა - ამ დღეების განმავლობაში ამაში, ვფიქრობ, ყველა დარწმუნდით,” - განუცხადა სააკაშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

”გთავაზობთ, თუმცა ვიცი, რომ პარლამენტის ერთი ნაწილისთვის ეს ინიციატივა არაპოპულარულია, საარჩევნო ბარიერის [არსებული 7%-დან] 5 პროცენტამდე დაწევას; ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვას და პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაზრდას. ეს ხელს შეუწყობს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად გამართვას ხუთ წელიწადში ერთხელ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

ამჟამად პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, თუ ეს უკანასკნელი სამი მცდელობის შემდეგ ვერ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს ან სამი მცდელობის შემდეგ არ გამოუცხადებს ნდობას მთავრობას. შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მომავალ კვირას გახდება ცნობილი შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალები. 

”რისთვის ვაკეთებს ამას? იმისათვის არა, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს რაიმე შეღავათი გავუწიოთ. პატიოსნად გეტყვით, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ და პოლიტიკური კულტურის სწორი მიმართულებით შეცვლაში ჩვენი ღირსეული პარტნიორები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ქვეყნის კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პიროვნული შეურაცხყოფა და პოლიტიკური ან სხვა ტყუილის მოგონება,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, მისი ”დემოკრატიული ინიციატივები” ეფუძნება იმ იდეას, რომ ”საქართველოში ყველაზე პატარა ჯგუფსაც კი, თუ სწორად წარმართავს პოლიტიკას, უნდა ჰქონდეს შანსი დიდი აღმშენებლობისა და წინსვლის მონაწილე გახდეს”. 

”საქართველოში ბევრი ინტელექტუალური ადამიანია, აბსოლუტურად ყველა ასაკის, ასევე ოპოზიციაში, რომელიც შეძლებს სრულიად სხვა თამაშის წესები ჩამოაყალიბოს,” - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ”ზოგიერთი უცხოელი” ექსპერტი ურჩევდა მას ხელოვნურად შეექმნა ოპოზიცია თავისი მმართველი პარტიის დანაწევრების გზით. ”ვწუხვართ, მაგრამ საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ინიშნება,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სჭირდება დიალოგი, აზრთა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში ინტეგრაცია.   

”ამ საქმეში ყველაზე პატარა ჯგუფიც კი ჩვენთვის ძალზე ფასეულია. ამიტომ, ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც ლაპარაკი მაინცდამაინც არ ეხერხება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგი კონკურენტები  ”ჩვენ კიდევ უფრო ძლიერს გვხდის”.

”ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ლაპარაკი, ზოგს კი - მხოლოდ ლანძღვა, გინება და დაგესვლა. მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო ხმების მხრივ, ეს ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუმცა ქვეყნისა და დემოკრატიული კულტურისათვის ამას უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის ერთი ნაწილისათვის ტყუილი და ლანძღვა მთავარი ხდება, ეს მათ საარჩევნო ხმების თვალსაზრისით ასუსტებს, თუმცა ასუსტებს ქვეყანასაც, რადგან ამით ისინი ქვეყანას არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აგდებენ. არ დაგიმალავთ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული და, რაღაც გაგებით, ძლიერიც იყოს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”სამწუხაროდ, გზავნილი, რომელსაც ისინი აკეთებენ შადრევნების ფონზე, საკმაოდ დესტრუქციულია. ეს ქვეყნისათვის კარგი არ არის. რამდენად მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ჯგუფი, დიალოგში პარტნიორები გვჭირდება,”- დასძინა სააკაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან კონკურენციის კარგი შანსი და პირობები აქვს.

”ოპოზიციის ლიდერი რომ ვიყო, მართალია ამ მთავრობას ვერ დავამარცხებდი, მაგრამ სერიოზულ კონკურენციას გავუწევდი. ოპოზიციას შემიძლია მივცე საშუალებები, მაგრამ არა რჩევები,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან კონკურენციის ნაცვლად, ოპოზიცია ყოველ ექვს თვეში რევოლუციის მოწყობას ცდილობს.

”რევოლუციაზე უმეტესობას დააგვიანდა, ამიტომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცდილობენ ამ მატარებელს ისევ შეახტნენ. მატარებელი დიდი ხანია გავიდა და იმდენად შორს არის წასული, რომ ვეღარ დაეწევიან, ამიტომ მათი მცდელობა უხერხული და არასწორია,” - განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ამ მატარებლის ბილეთები მსურველებისთვის ჯერ კიდევ არის, თანაც უფასოდ.

ოპოზიციის შესახებ საუბრის დაწყებამდე სააკაშვილმა თავის 25-წუთიან გამოსვლაში ასევე ისაუბრა ”ოლიგარქიულ ჯგუფებზე”.

”ჩვენ წინააღმდეგ ტყუილის ნამდვილი ინდუსტრია შეიქმნა - კარგ ტყუილებს იგონებენ სააკაშვილზე, ნადირაძეზე, ბურჯანაძეზე, გოცირიძეზე, წერეთელზე და ყველა თქვენგანზე. ისე როგორც ეს რუსეთში 1990-იან წლებში იყო,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან გაიხსენა, თუ როგორ უამბო რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ იმის შესახებ, თუ როგორ აშანტაჟებდა მას  ერთ-ერთი რუსული ტელეკომპანიის მფლობელი, რომ ფული გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა. სააკაშვილის თქმით, მცდელობაა იგივე სტილი საქართველოში გადმოიღონ. 

”ეს არის რუსეთიდან აღებული ოლიგარქიული სტილი. არც მე ვარ ელცინი და სხვები, არც ნინო ბურჯანაძე და არც მაია ნადირაძე; და არც საქართველოა რუსეთის იმპერია და ფედერაცია. მათ საქმე სულ სხვა ღირსების, განათლების, დონისა და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ერთობასთან აქვთ,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალაუფლებას ქართველ ხალხთან ვიყოფთ, მაგრამ პოლიტიკური ინტერესების გაყოფა სხვადასხვა ოლიგარქიულ სტრუქტურებთან, საქართველოში არ გამოვა - ხელოვნურად ჩანერგილ ელემენტებს ქართველი ხალხის ბედის გადაწყვეტის საშუალებას არ მივცემთ”.

ამ განცხადების ადრესატი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში მოექცა. პატარკაციშვილის ტელეკომპანია ”იმედი” ოპოზიციის მიმართ სიმპათიებს არ მალავს.

სააკაშვილმა ასევე სთხოვა მმართველ პარტიას ”საგანგებო რეჟიმში” განიხილონ საბიუჯეტო ცვლილები, რათა მოხდეს სოციალური დახმარების პროგრამის ამოქმედება.

მთავრობა გამოდის ინიციატივით 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით გაიზარდოს; ამ თანხიდან ლომის წილი - 224 მილიონი ლარი - კვლავ თავდაცვის სამინისტროზე მოდის. 92 მილიონი ლარი კი ერთჯერად სოციალური დახმარების პროგრამაზეა გათვალისწინებული.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
01 ოქტ.'14 17:20
ევროკომისრობის კანდიდატი საქართველოს შესახებ
იოჰანეს ჰანმა განუცხადა ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოში ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი; მან  შიდა „დაძაბულობის“ მოხსნის საჭიროებაც აღნიშნა.
01 ოქტ.'14 16:45
2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
01 ოქტ.'14 13:28
ღარიბაშვილი: ‘განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში’
პრემიერ-მინისტრმა 1 ოქტომბერს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.
30 სექ.'14 17:22
კანონპროექტი უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე შეზღუდვებს უწესებს
უცხოელს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ჰა მიწის შეძენა შეეძლება, თუ მას საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება მაინც აქვს.
30 სექ.'14 13:35
წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში მშპ-ის ზრდამ 5.2% შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა.
29 სექ.'14 17:06
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პარლამენტს ერთხელ უკვე დაწუნებული კანდიდატები ხელმეორედ წარუდგინა
ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა მხარს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს.
29 სექ.'14 16:15
აფხაზეთის ლიდერმა ახალი პრემიერ–მინისტრი დანიშნა
ეს თანამდებობა ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერმა, ბესლან ბუთბამ დაიკავა.
29 სექ.'14 13:20
საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სტამბოლში
მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
29 სექ.'14 12:06
ლავროვი ევრო–ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
გაეროში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ეს ქვეყნები არ უნდა დადგნენ არჩევანის წინაშე „ან ჩვენთან ერთად, ან ჩვენს წინააღმდეგ“.
27 სექ.'14 15:44
გაეროში პრემიერი საქართველოს ‘მნიშვნელოვან პროგრესზე’ საუბრობს
თავისი 20–წუთიანი გამოსვლა მან თავისუფლებისკენ „საქართველოს განუხრელ ტრანსფორმაციაზე“ საუბრით დაიწყო.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62